
ჯეპრას კონსულტანტი რუსკა უსტიაშვილი 2025 წელს აფასებს.
რომელი ჩვევები დაგეხმარათ ამ წელს პროდუქტიულობაში და საქმეების შესრულებაში? რა შედეგები მიიღეთ ამ ჩვევების წყალობით და რას განაგრძობდით მომავალშიც?
ორგანიზებულობა და პრიორიტეტების მართვა
ამ წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ორგანიზებულობა. დავიწყე საქმეების სისტემატურად ჩაწერა და დედლაინების მიხედვით პრიორიტეტების დასახვა. ამ, თითქოს მარტივმა ჩვევამ, რადიკალურად შეცვალა ჩემი მუშაობის სტილი.
რა სარგებელი მომიტანა ამან? პირველ რიგში, მნიშვნელოვნად შემიმცირდა შფოთვა – როცა ყველაფერი ჩაწერილი და სტრუქტურირებულია, აღარ გაქვს შიში, რომ რაღაც დაგავიწყდება ან ვერ მოასწრებ. მეორე – დროს გაცილებით უკეთ ვანაწილებ და შესაბამისად, ხარისხიანად ვასრულებ თითოეულ დავალებას. ამ ჩვევას აუცილებლად გავაგრძელებ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებ მომავალ წელს.
“გააკეთე ახლავე” პრინციპი
ამ წელს შევძელი იმის დანერგვა, რაზეც ძალიან დიდხანს ვფიქრობდი – აღარ ვდებ არასასიამოვნო დავალებებს. როცა ვხვდები, რომ დრო მაქვს რაღაცის გასაკეთებლად, მაგრამ ემოციურად არ მაქვს განწყობა, პირდაპირ ვიწყებ მის კეთებას. შედეგად მოაქვს გაცილებით ნაკლები შფოთვა, სიმსუბუქე და, რაც მთავარია – კმაყოფილების შეგრძნება. როცა არასასიამოვნო დავალებები აღარ გროვდება “შემდეგ-ისთვის”, პროდუქტიულობაც იზრდება.
ხარისხიანი დასვენება
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა იყო დასვენების აუცილებლობის გააზრება. დასვენება არ არის დროის ფლანგვა, პირიქით – დატვირთული პერიოდის შემდეგ, თუნდაც 2-3 დღიანი ხარისხიანი განტვირთვა ძალიან სასარგებლოა. როცა ცოტა ხანს ვწყდები სამუშაო რეჟიმს, ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და მაჯანსაღებს, ენერგია აღდგება და შემდეგ გაცილებით მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით ვუბრუნდები საქმეებს.
საკუთარ თავზე ზრუნვა, როგორც დისციპლინა
ამ წელს განსაკუთრებით დისციპლინირებული ვიყავი საკუთარ თავზე ზრუნვის მიმართულებით: წლის პირველი ნახევრის დაძაბულობასა და შფოთვაში გატარების შემდეგ, მეორე ნახევრიდან დავიწყე რეგულარული ვარჯიში, მედიტაცია, სუნთქვის პრაქტიკები, ახალი ენის შესწავლა, საინტერესო პოდკასტების მოსმენა, რაც აღმოჩნდა ინვესტიცია საკუთარ თავში, რომელმაც უდავოდ სასიკეთო შედეგი გამოიღო როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ კეთილდღეობაში.
რომელი ჩვევები ან ქცევები შეგიფერხათ ეფექტურობაში ამ წელს? რა შეგიმჩნევიათ საკუთარ თავში, რაც გინდათ შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ?
ბუნებასთან კავშირის აღდგენა
ამ წელს ცოტა შევამცირე დრო, რომელსაც ბუნებაში ვატარებდი. 2026 წელს მინდა დასვენების დღეები კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენო – უფრო ხშირად ვიარო ბუნებაში, იქნება ეს ქალაქგარეთ ხანმოკლე გასვლა თუ უბრალოდ პარკში სეირნობა. ეს არის ის, რაც აღადგენს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ და შემოქმედებით ენერგიასაც.
სისტემატური სწავლა დიჯითალის მიმართულებით
აუცილებლად მინდა დავნერგო ახალი ჩვევა: კვირაში ერთხელ მაინც, დიჯითალ მარკეტინგის ან ტექნოლოგიების მიმართულებით საინტერესო ლექციების ან ტრენინგების მოსმენა. ეს დამეხმარება ცოდნის სისტემატიზირებულად განახლებასა და პროფესიულ განვითარებაში. კონკრეტული ნაბიჯი: კვირის დასაწყისში დავგეგმავ კონკრეტულ დროს (მაგ: ყოველ შაბათს 11:00-12:00) და შევქმნი სპეციალურ playlist-ს ან ფოლდერს სასარგებლო რესურსებით.
რომელი ცუდი ჩვევის ჩანაცვლება რომელი კარგი ჩვევით გაქვთ დაგეგმილი 2026 წლისთვის? რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ამ ცვლილების განსახორციელებლად?
სოციალური მედიის უმიზნო სქროლვა ჩავანაცვლო წიგნის კითხვით
ერთ-ერთი ჩვევა, რომელმაც ამ წელს შემაფერხა იყო სოციალური მედიის უმიზნო სქროლვა – განსაკუთრებით დაღლილობის ან შესვენების მომენტებში. ნაცვლად იმისა, რომ ეს დრო რეალურად დასვენებისთვის ან რაღაც სასარგებლოსთვის გამომეყენებინა, ხანდახან ვიკარგებოდი უაზრო კონტენტის ყურებაში.
ამ წელს ძალიან ცოტა წიგნის წაკითხვა მოვახერხე, თუმცა წიგნის კითხვა ყოველთვის იყო ის, რაც მართლა მამდიდრებდა – როგორც ინტელექტუალურად, ისე ემოციურად. 2026 წელს მინდა ეს ბალანსი აღვადგინო და სოციალური მედიის სქროლვის დრო წიგნის კითხვით ჩავანაცვლო.
კონკრეტული ნაბიჯები 2026-ისთვის:
მულტითასქინგი ჩავანაცვლო ღრმა ფოკუსირებით
ამ წელს ხშირად ვცდილობდი ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთებას – პოდკასტის მოსმენა, შეტყობინებების შემოწმება, თასქების გაკეთების პარალელურად. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით პროდუქტიული ვიყავი, შესაძლოა ამას ხარისხიანად და დროულად შესრულებაში ხელი შეეშალა. ამიტომ მინდა რომ კონცენტრაცია გავაუმჯობესო და 2026 წელს დავნერგო “Deep Work” სესიები – სრული კონცენტრაციით მუშაობა ერთ დავალებაზე.
კონკრეტული ნაბიჯები:
აბა, წარმატებები ჩვენ ახალი სასიკეთო ჩვევების დანერგვის გზაზე 2026 წელს!