როგორ შევუნარჩუნოთ ბრენდს მდგრადობა კოვიდ-19-ის პირობებში ანუ არ დავკარგოთ საკუთარი თავი

როგორ შევუნარჩუნოთ ბრენდს მდგრადობა კოვიდ-19-ის პირობებში ანუ არ დავკარგოთ საკუთარი თავი

ყველანი გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდით. არცერთმა ჩვენგანმა იცის საბოლოოდ რა გავლენას იქონიებს კოვიდ-19 საზოგადოებაზე, ბიზნესსა თუ თითოეულ ჩვენგანზე.

ბრენდებს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდათ:
  • როგორ მოვერგოთ ცვლილებებს?
  • რა გავაკეთოთ, რომ შევანელოთ ბრენდის ღირებულებების ჩამოშლა?
  • საერთოდ აქვს კი მნიშვნელობა ბრენდების იდენტობას ადამიანური კრიზისის დროს?
  • როგორ უნდა ვიმოქმედოთ დღეს იმისთვის, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ ძლიერ პოზიციებზე აღმოვჩნდეთ?
  • და, ყველაზე მნიშვნელოვანი, რითი შეუძლია ჩვენს ბრენდს არსებულ სიტუაციაში რამე სასარგებლოს გაკეთება?

ძლიერი ბრენდები რთულ პერიოდებს უფრო ადვილად უძლებენ და სხვებზე სწრაფადაც იკრებენ ძალებს. მაგრამ, სამწუხაროდ ყველა ბრენდი ვერ ახერხებს გადარჩენას, ხოლო ის, ვინც ახერხებს, ბევრ ცვლილებას განიცდის.

ასეთ სიტუაციებში რისიც მტკიცედ უნდა გვჯეროდეს, არის ის, რომ:
  • ბრენდი ღირებულია ადამიანური კრიზისების დროსაც კი.
  • ბრენდს მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ასეთ სიტუაციაში.
  • სწორი მართვის შემთხვევაში ბრენდს შეუძლია უფრო მეტადაც კი გაძლიერდეს და აი, როგორ:
ილაპარაკეთ სიმართლე

მომხმარებლები, პარტნიორები, და ზოგადად, შენი ბრენდით დაინტერესებული ადამიანები იმას უფრო გაპატიებენ, რომ კრიზისულ ვითარებაში დაიბნეთ და გაურკვევლობაში აღმოჩნდეთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ვიდრე მოატყუოთ და შეცდომაში შეიყვანოთ ისინი.

გააკეთეთ ის, რაც საუკეთესოდ გამოგდის

ისევე როგორც თითოეულ ადამიანს შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანოს, ასევე შეუძლია ყველა ბრენდს. მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოთ, ეს უნდა გამოხატავდეს ბრენდს, მის იდენტობას და ახლოს იდგეს მის ღირებულებებთან. თქვენი მესიჯები შეგიძლიათ მოარგოთ ახალ რეალობას, აქცენტი გააკეთოთ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე

იზრუნეთ აუდიტორიაზე

კოვიდ-19 კრიზისის თავისებურება ის არის, რომ ერთი მხრივ, თითქოს ხომ ძალიან ცალ-ცალკე და მარტოები აღმოვჩნდით, ხოლო მეორე მხრივ, უფრო მეტად დაკავშირებულები ერთმანეთთან. ჩვენ ყველა ვახერხებთ გაერთიანებას ისე, რომ მარტოები ვრჩებით თან. ეს ბრენდებსაც აძლევს შესაძლებლობას უფრო მეტად დაუახლოვდნენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთანაც საერთო ღირებულებები და ინტერესები აერთიანებთ და აქვთ შანსი მომავალში მიმდევრებად გაიხადონ ისინი. სახლში ყოფნამ ინტერნეტის გამოყენება გაახშირა, სწორედ ამიტომ უნდა ისარგებლონ ამით ბრენდებმა და ონლაინ სივრცეში სხვადასხვა თემით მიიზიდონ აუდიტორია.

უამრავი კომპანია თუ ორგანიზაცია გადაერთო თავისი სამიზნე სეგმენტის განვითარებაზე და მათთან უფრო მეტად დაახლოების პოლიტიკაზე: სთავაზობენ ათასგვარ ონლაინ მასტერკლასს და ტრენინგს, აძლევენ თავისი სერვისების უფასოდ გამოყენების საშუალებას, ქმნიან მათთვის საინტერესო კონტენტს და სწორადაც იქცევიან.

მოემზადეთ ცვლილებებისთვის

ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება კრიზისის დასრულების შემდეგ, მაგრამ იმას ყველა ვაცნობიერებთ, რომ ისეთები აღარ ვიქნებით, როგორებიც მანამდე. ამან არ უნდა შეგვაშინოს. წარმატებული ბრენდების შესახებ, წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ის არის, რომ ისინი მოქნილები არიან და ცვლილებებთან ადვილად ადაპტირდებიან. ამიტომ, რაც უფრო მალე ეცდებით რომ მოძებნოთ კრეატიული გზები ამის განსახორციელებლად, მით მალე მოახერხებთ ახალ გარემოში წარმატებით ადაპტირებას.

დანერგეთ სიახლეები

ყველა ის ბრენდი, რომელსაც სურს ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს კრიზისიდან, დაწყებული აქვს ფიქრი იმაზე, რა შეცვალოს, რა პროცესები დანერგოს, როგორ მოარგოს თავისი ბიზნესპროცესები დღევანდელ რეალობას, რომელი ტექნოლოგიების გამოყენებით გადაიტანოს სამუშაო პროცესები რეალურიდან ვირტუალურ სამყაროში? მოკლედ, ისეთი პრობლემების გადაჭრაზე ვიწყებთ ფიქრს, რომლებზეც ერთი თვის წინ წარმოდგენაც არ გვქონდა.

მშვიდობიან დროში ადვილად ვივიწყებთ, რომ ადამიანთა მოდგმის მთავარი უპირატესობა გამძლეობაა. ჩვენ გვაქვს ადაპტირების, პრობლემების გადაჭრის და მოულოდნელ გამოწვევებზე სწრაფად რეაგირების უნარები და სწორედ ეს თვისებები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გადარჩენისა და წარმატების მთავარ იარაღად კოვიდ-19 ის კრიზისის დაძლევაში.