ჯეპრამ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო – ინტერვიუ ანნა ლაცაბიძესთან

ჯეპრამ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო – ინტერვიუ ანნა ლაცაბიძესთან

ანნა ლაცაბიძე ჯეპრას გუნდს შემოუერთდა და ადამიანური რესურსების მიმართულებას გაუძღვება. ინტერვიუში ვსაუბრობთ მისი გეგმების, მიზნებისა და გამოწვევების  შესახებ.

რა არის HR სფეროს ყველაზე დიდი გამოწვევები და რა არის საჭირო ამ გამოწვევების საპასუხოდ?

ნებისმიერი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია ტალანტების მოძიებისა და შემდგომში უკვე – მათი შენარჩუნების პროცესი. ყველაზე ხშირად სწორედ ამ ორი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე, რასაც, აუცილებელია, რომ წარმატებულად გავართვათ თავი ორგანიზაციის კეთილდღეობიდან გამომდინარე. ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ტალანტების შენარჩუნების პროცესი, რადგან მიმაჩნია რომ ასეთი ადამიანების ძალისხმევით სუნთქავს ორგანიზაცია და მათ სათანადო დაფასება, სამუშაო პირობები/გარემო სჭირდებათ. ამ ყველაფერის შექმნა-განვითარებაში, რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს ორგანიზაციის მენეჯმენტსა და HR-ს. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის ყველა წევრი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებოდეს, რაც ერთმნიშვნელოვნად გაზრდის გამოწვევების დაძლევის ალბათობას.

როგორ ფიქრობ რა არის ახლა HR სფეროს ძირითადი ტრენდები და შენი აზრით რომელია რელევანტური ჯეპრასთვის?

ორგანიზაციული კულტურა, ტალანტების შენარჩუნების მენეჯმენტი, თანამშრომელთათვის თვითმომსახურების პორტალი, გადინების მართვა, ყოველდღიური მარტივი ამოცანების ავტომატიზება – ჩემთვის ეს წარმოადგენს HR სფეროს ძირითად ტენდენციებს. ვფიქრობ, ჯეპრაში მაქსიმალურად ფასდება ადამიანის პროფესიული თუ პიროვნული ღირებულებები ხელმძღვანელობის მხრიდან. ამ ეტაპზე გუნდის ზრდისა და არსებული ცოდნის გაზიარების პროცესშია ჩართული ორგანიზაციის თითქმის ყველა თანამშრომელი, რასაც ძირითადად განაპირობებს მათი პასუხისმგებლობის გრძნობა და თავიანთი საქმის სიყვარული. ორგანიზაციული კულტურის ერთ-ერთი გამოვლინებაა მათი ასეთი მაღალი ჩართულობა ცოდნის გაზიარების პროცესში და მიმაჩნია, რომ ეს გუნდური შემართება კიდევ უფრო დიდი მიზნების განხორციელების მყარი საფუძველი იქნება.

როგორ გეგმავ კომპანიის თანამშრომლების საჭიროებებისა და მოლოდინების დაბალანსებას HR პოლიტიკის გათვალისწინებით?

თანამშრომელთა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის საჭიროებისა და მოლოდინების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვთვლი რომ აუცილებელია რეალური მოლოდინების შექმნა და გარკვეული საკითხების გადაწყვეტა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. მნიშვნელოვანია ნათლად იყოს განსაზღვრული თითოეული თანამშრომლის როლი კომპანიის შიგნით, რათა განხორციელდეს მიზანმიმართული აქტივობები ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე.

რას ნიშნავს შენთვის შენი პროფესია და რას ფიქრობ როგორ და რა კუთხით განვითარდება მომავალ წლებში?

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვთქვა, ჩემთვის ყველაზე ადამიანური პროფესიაა, რომელიც სიახლის ძიებისა და ათვისების უწყვეტ პროცესთან ასოცირდება. სამუშაო გარემო რამდენად კომფორტულიც არ უნდა იყოს თანამშრომლისთვის, ყოველთვის იარსებებს სტრესის გამომწვევი სხვადასხვა ფაქტორი, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურ ამოცანებთან ერთად უჭირთ თანამშრომლებს. HR-ი კი ის ადამიანია, რომელიც აღნიშნულ სტრესორებთან გამკლავებაში ეხმარება თანამშრომლებს და მათთვის განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო პროცესის შექმნას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს HR სფეროს მხოლოდ მცირედი ნაწილია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამშრომელმა სამსახურში თავი ღირებულ ადამიანად იგრძნოს და არა დაქირავებულ პერსონალად. ამ ყველაფრის გაცნობიერება და განხორციელება სასიამოვნო პროცესია ჩემთვის და სამომავლო გეგმებიც HR-ის მიმართულებით ცოდნის გაფართოებას და საუკეთესო პრაქტიკების ჩვენს რეალობაში დანერგვას უკავშირდება.