
ერთი მოძრაობა და რამდენიმე წამის წინ ეკრანზე მყოფი ბრენდი დავიწყებას მიეცემა. ერთმა ჟესტმა, რომელსაც დღეს სქროლვას ვუწოდებთ რეკლამის მუშაობის პრინციპი თავდაყირა დააყენა.
მეც Gen Z ვარ, ჩვენ გავიზარდეთ გარემოში, სადაც არჩევანი პრაქტიკულად უსასრულოა, თუ ერთი ვიდეო არ მოგვწონს, ვსქროლავთ; თუ ერთი ბრენდი ვერ გვიზიდავს, ათობით სხვა ალტერნატივა გვხვდება და თუ ბრენდის სათქმელი საკმარისი არ არის, წამებში შეგვიძლია ვიპოვოთ კრეატორის გამოცდილება, მეგობრის რჩევა, მომხმარებლის შეფასება ან კომენტარებში დაწყებული დისკუსია, რომელიც ტრადიციულ რეკლამაზე უფრო დამაჯერებლად ჟღერს.
ამას ციფრებიც ადასტურებს, Walr-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხული ახალგაზრდების 72%-მა განაცხადა, რომ პროდუქტისა თუ მომსახურების არჩევისას მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებელთა შეფასებებია. 68% ყურადღებას დამოუკიდებელ კვლევებსა და გამოკითხვებს აქცევს, ამდენივე ექსპერტების მოსაზრებებს. ბრენდის რეკლამასა და სოციალურ ქსელებს კი 57% ითვალისწინებს. ინფლუენსერების კონტენტი კიდევ უფრო დაბლა მეშვიდე ადგილზეა.
ციფრები ერთ საინტერესო ცვლილებაზე მიუთითებს: Gen Z-ს ინფორმაციის ნაკლებობა კი არა, ინფორმაციის წყაროს მიმართ სკეპტიციზმი აქვს. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ არა მხოლოდ რას ამბობს ბრენდი საკუთარ თავზე, არამედ რას ამბობენ მასზე სხვები.
ამ ცვლილებას ერთი მნიშვნელოვანი შედეგი აქვს: ბრენდი აღარ არის საკუთარი ისტორიის ერთადერთი ავტორი.
ამიტომ Gen Z-სთან კომუნიკაცია ახალი პლატფორმების ათვისებით არ მთავრდება. TikTok-ზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ ბრენდს ამ თაობის ესმის. Reels-ის გადაღება არ ნიშნავს საინტერესო კონტენტს. ტრენდში ჩართვა ავტომატურად ვერ ქმნის კავშირს მომხმარებელთან.
დღეს ბრენდისგან უფრო რთულ რამეს ველით – მიზეზს, რომ დავრჩეთ.
გვაინტერესებს არა მხოლოდ რას გვთავაზობენ, არამედ როგორ გვესაუბრებიან: რამდენად ბუნებრივია მათი ტონი და რამდენად ესადაგება იმ კულტურულ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ იქცა ავთენტურობა მოდური სიტყვიდან რეალურ უპირატესობად არა იმიტომ, რომ ყველაფერი „ნამდვილი“ მოგვწონს, არამედ იმიტომ, რომ ხელოვნურობის ამოცნობა სწრაფად შეგვიძლია.
როცა ბრენდი ცდილობს ზედმეტად თავისუფალი იყოს, იყენებს მისთვის უცხო სლენგს ან ტრენდს მხოლოდ აქტუალურობისთვის უერთდება, ამას ვამჩნევთ და ხშირად სწორედ იქ მთავრდება ყურადღების დამსახურების მცდელობაც.
ყურადღება შეიძლება წამებში მოიპოვო. ნდობას კი გაცილებით მეტი სჭირდება.
კარგმა კამპანიამ შეიძლება თვალი მოგვჭრას, კარგმა პროდუქტმა დაგვაინტერესოს. მაგრამ ნდობა მაშინ იბადება, როცა ბრენდის დაპირება რეალურ გამოცდილებას ემთხვევა. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა მომხმარებლისთვის მკაფიო და სასარგებლო ინფორმაცია ხშირად უფრო ღირებულია, ვიდრე კარგად შეფუთული სარეკლამო გზავნილი.
ადრე მარკეტინგის ამოცანა იყო: როგორ მივაწვდინოთ მომხმარებელს ჩვენი გზავნილი? დღეს კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ: თუ ადამიანს ნებისმიერ წამს შეუძლია ასქროლოს, რატომ უნდა გაჩერდეს შენთან?
ამაზე პასუხი აღარც დიდ ბიუჯეტშია, აღარც ცნობილ სახეში და აღარც ვიზუალურად შთამბეჭდავ კამპანიაში. ადამიანის რამდენიმე წამით გაჩერება შესაძლებელია, მაგრამ იმისთვის, რომ დარჩეს, დაგიჯეროს და მერე სხვასაც მოუყვეს შენზე, გაცილებით მეტი გჭირდება – რეალური ღირებულება, ავთენტური კომუნიკაცია და დაპირება, რომელიც გამოცდილებას ემთხვევა.