უხილავი პროცესები, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას განსაზღვრავს

უხილავი პროცესები, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას განსაზღვრავს

როცა მასშტაბურ სარეკლამო კამპანიაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში თვალწინ გვიდგება ეფექტური ვიდეორგოლი, საინტერესო სლოგანი ან ფასდაკლების შეთავაზება. სწორედ ეს ელემენტები ხდება ხილული და დასამახსოვრებელი მომხმარებლისთვის, თუმცა კამპანიის რეალური წარმატება, ანუ ის, რაც შეთავაზებას ნამდვილად დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს, იბადება ზედაპირს მიღმა, სადაც ათობით გუნდი და პროცესი ერთმანეთთან კოორდინირებულად მუშაობს. 

მარკეტინგული სათაურისა და კრეატიული ვიდეოს უკან ყოველთვის დგას გუნდების ჯაჭვი, რომელთა შრომა მომხმარებლისთვის უხილავი რჩება: ისინი, ვინც უზრუნველყოფენ სისტემის სტაბილურობას მოსალოდნელი დატვირთვის ზრდისას, ვინც წინასწარ გეგმავენ რესურსებს გაზრდილი მოთხოვნისთვის, ვინც რეალურ დროში აკვირდებიან მომხმარებელთა ქცევას და საჭიროებისამებრ მოქმედებენ, სწორედ ამ პროცესების უწყვეტი კოორდინაცია განაპირობებს ხოლმე, დარჩება თუ არა მომხმარებელი კმაყოფილი განსაკუთრებით ისეთი გამოცდილებით, რომელიც ერთჯერად შეძენაზე მეტია და გრძელვადიან ლოიალობას აყალიბებს. 

ამჯერად, მოვლენებზე შორიდან დაკვირვების ნაცვლად, მათ მივმართეთ, ვისთვისაც მსგავს კამპანიებში მონაწილეობა ნაცნობია და ვისაც შეუძლია საინტერესო ისტორიები გაგვიზიაროს – გიზიარებთ quickshipper-ის ხედვას და გამოცდილებას მასშტაბურ კამპანიებზე მუშაობასთან დაკავშირებით.  

როგორ აისახება მასშტაბური კამპანიების პერიოდი მთლიანად ონლაინ კომერციის (e-commerce) ეკოსისტემაზე?

“მასშტაბური კამპანიები, როგორიცაა ფასდაკლების დღეები, ლოიალობის პროგრამები თუ სპეციალური აქციები, მნიშვნელოვნად ზრდის ონლაინ შეკვეთების რაოდენობას. ასეთ პერიოდში განსაკუთრებით კარგად ჩანს, რამდენად მზად არის მთელი ეკოსისტემა გაზრდილი მოთხოვნის სამართავად.

მომხმარებლისთვის კამპანია მხოლოდ კარგი შეთავაზება არ არის , ის ელოდება, რომ შეკვეთას მარტივად გააფორმებს, დროულად მიიღებს და მთელი პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის. ამიტომ ასეთ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა მხარის : ონლაინ მაღაზიების, ტექნოლოგიური პლატფორმების, გადახდის სისტემებისა და საკურიერო სერვისების კოორდინირებული მუშაობა.

ჩვენთვის, როგორც მიწოდების ტექნოლოგიური პლატფორმისთვის, ეს პერიოდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მაშინ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაზრდილი დატვირთვის მიუხედავად, მიწოდების ხარისხი და სიჩქარე უცვლელი დარჩეს.”

თქვენი გამოცდილებით, რა რგოლები განსაზღვრავს დღეს წარმატებულ მომხმარებლის გამოცდილებას და რატომ აღარ არის ეს მხოლოდ მარკეტინგის ან მხოლოდ ლოგისტიკის საკითხი?

“დღეს მომხმარებლის გამოცდილება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ის რეკლამას ხედავს, მაგრამ მთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეკვეთას წარმატებით იღებს.

თუ რომელიმე ეტაპი შეფერხდება – იქნება ეს საიტის მუშაობა, გადახდის პროცესი, შეკვეთის დამუშავება თუ მიწოდება –  საბოლოო შთაბეჭდილებაც უარყოფითი იქნება, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებული იყო მარკეტინგული კამპანია.

ამიტომ მომხმარებლის გამოცდილება უკვე საერთო პასუხისმგებლობაა. მასში ერთნაირად მონაწილეობენ მარკეტინგი, ტექნოლოგიური გუნდი, ოპერაციები, ლოგისტიკა და მომხმარებელთა მხარდაჭერა.

QuickShipper-ში ყოველდღიურად ვხედავთ, რომ სწრაფი და პროგნოზირებადი მიწოდება დღეს უკვე დამატებითი სერვისი აღარ არის – ის მომხმარებლის მოლოდინის ნაწილია. სწორედ ამიტომ ბიზნესები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ არა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვას, არამედ მთლიან გამოცდილებას, რომელსაც მომხმარებელი შეკვეთის განმავლობაში იღებს.”

რა მიმართულებით ვითარდება ონლაინ კომერციის ეკოსისტემა საქართველოში და რა ცვლილებებისთვის უნდა იყვნენ მზად როგორც ბიზნესები, ისე მომხმარებლები?

“საქართველოში e-commerce სწრაფად ვითარდება და მომხმარებლების მოლოდინიც მნიშვნელოვნად იცვლება. თუ რამდენიმე წლის წინ მთავარი კითხვა იყო, შეიძლებოდა თუ არა პროდუქტის ონლაინ შეძენა, დღეს უკვე მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად, მარტივად და კომფორტულად მიიღებს მომხმარებელი შეკვეთას.

ვფიქრობ, უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა ექსპრეს მიწოდებაზე, პროცესების ავტომატიზაციასა და სხვადასხვა სერვისის ერთიან ეკოსისტემაში გაერთიანებაზე. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ელოდებიან სწრაფ, გამჭვირვალე და პერსონალიზებულ გამოცდილებას.

ბიზნესებისთვის ეს ნიშნავს, რომ კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ ფასით ან პროდუქტით აღარ განისაზღვრება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რამდენად მარტივ და კომფორტულ პროცესს შესთავაზებენ მომხმარებელს – შეკვეთის გაფორმებიდან საბოლოო მიწოდებამდე.

სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება QuickShipper-იც – ჩვენი მიზანია, კომპანიებს მივცეთ შესაძლებლობა მომხმარებლებს შესთავაზონ სწრაფი მიწოდება, დამატებითი ტექნიკური ინტეგრაციის, საოპერაციო ცვლილებებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე, რაც ონლაინ გაყიდვების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.”

გუნდებს შორის მუდმივი კოორდინაცია, დაგეგმვის სიზუსტე, გაზრდილ დატვირთვაზე სწრაფი რეაგირება და შედეგებზე მუდმივი დაკვირვება ჯეპრასთვის არ არის უცხო.სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა სწორედ ამ ტიპის კომპლექსურ კოორდინაციაზეა აგებული, სადაც ერთდროულად ხდება სტრატეგიის, მესიჯების, აუდიტორიის რეაქციის და გუნდების სინქრონიზაცია.

ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკის დიდი ნაწილი როგორც დასამახსოვრებელი კამპანიების შექმნის მიღმა იმ სისტემის აწყობაცაა, რომელიც კამპანიას საშუალებას აძლევს, მასშტაბირებისას არ დაკარგოს თანმიმდევრულობა და სანდოობა. მასშტაბური კამპანიების მართვა,  კრიზისების კომუნიკაცია თუ ბრენდის რეპუტაციის გრძელვადიანი შენარჩუნება –  ყველა ეს პროცესი მოითხოვს ზუსტად იმგვარ კოორდინაციას, რომელზეც ამ ინტერვიუში ვსაუბრობთ. 

ნინი სარალიძე