ვიზუალური მეტაფორიდან რეალურ ცვლილებამდე: რამ მოუტანა საქართველოს კანის „ოქრო“

ვიზუალური მეტაფორიდან რეალურ ცვლილებამდე: რამ მოუტანა საქართველოს კანის „ოქრო“

წლევანდელი Cannes Lions ფესტივალი საქართველოსთვის განსაკუთრებული სიხარულით დაიწყო. ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულმა ქართველმა ოქროსმედალოსნებმა: გიორგი აბულაძემ და ლუკა მოსიაშვილმა იდეა ერთი ძლიერი ვიზუალური მეტაფორის გარშემო ააგეს: კანის სანაპირო მუზეუმის საგამოფენო სივრცედ გადაიქცა, სადაც თითოეული კადრი გვახსენებს, რომ ადამიანის სიცოცხლე ყურადღებას იმსახურებს.

კამპანიის საფუძვლად ერთი, თითქოს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი დაკვირვება იქცა: წყალში მომხდარი უბედური შემთხვევები ხშირად ახლობლების თვალწინ ვითარდება. პრობლემა ყოველთვის მანძილი არ არის, ის ყურადღების დეფიციტი,რომელიც სამწუხარო ტრაგედიებს იწვევს. სწორედ ამ ქცევის შეცვლას ისახავს კამპანია მიზნად – მას უნდა მაყურებელი პასიური დამკვირვებლიდან აქტიურ მეთვალყურედ აქციოს.

მსგავს სცენებზე საქართველოს დროშის გამოჩენა იმაზე მეტია, ვიდრე ინდივიდუალური გამარჯვება. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ქართული კრეატიული ინდუსტრია თანდათან ერთვება იმ საერთაშორისო დიალოგში, სადაც იდეებს არა მათი წარმოშობის ქვეყნით, არამედ გავლენით, სტრატეგიული აზროვნებითა და შესრულების ხარისხით აფასებენ. ეს კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამარჯვებულებისთვის, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის – კომპანიებისთვის, სააგენტოებისთვის, ბრენდებისთვისა და ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ, კომუნიკაცია შინაარსობრივად გაამრავლფეროვნონ.

ასეთი წარმატებები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მსოფლიო კრეატიული ინდუსტრია სულ უფრო ნაკლებად არის დაყოფილი დიდ და პატარა ბაზრებად ან მოთამაშეებად, დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა იდეას ენიჭება – რამდენად ზუსტად ხედავს ის პრობლემას, რამდენად კარგად ესმის ადამიანების ქცევა და რამდენად ახერხებს რეალური ცვლილების ინიცირებას. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის მსგავსი აღიარება პრესტიჟთან ერთად იმის ინდიკატორიცაა, რომ ადგილობრივ გამოცდილებასაც შეუძლია გლობალური მნიშვნელობის ამბის მოყოლა.

Cannes Lions International Festival of Creativity უკვე ათწლეულებია მხოლოდ საუკეთესო სარეკლამო ნამუშევრების დაჯილდოების ცერემონიას აღარ წამოადგენს. ფესტივალის სცენა დიდიხანია არის ის ადგილი, სადაც ყალიბდება ინდუსტრიის მომავალი, ჩნდება ახალი ტენდენციები და განისაზღვრება, თუ როგორი იქნება კრეატიული სფერო მომდევნო წლებში.

ამ თემების, ისევე როგორც კონკურსის მნიშვნელობა საქართველოშიც ყოველწლიურად იზრდება. Young Lions Georgia უკვე წლებია რაც ჩამოყალიბდა პლატფორმად, რომელიც ახალგაზრდა პროფესიონალებს აძლევს საშუალებას გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ისინი ფართო აუდიტორიას გააცნონ. წლევადელი წელი განსაკუთრებული იყო ჯეპრასთვისაც – წელს ჩვენი გუნდის წევრები Young Lions Georgia-ს PR კატეგორიის shortlist-ში მოხვდნენ. ჩვენთვის ეს გახდა იმის დასტური, რომ ის მიდგომები, რომლითაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ, საერთაშორისო კრიტერიუმებსაც პასუხობს და გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო ამბიციური და ეფექტიანი საკომუნიკაციო პროექტები შევქმნათ.

ამ მოტივაციით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო კონკურსზე დაკვირვება.მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის მთავარი თემები ახალი ტექნოლოგიების გარშემო ერთიანდებოდა, გამარჯვებული კამპანიები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძლიერი იდეის ცენტრში ყოველთვის ადამიანი და რეალური პრობლემები რჩება. სწორედ ამიტომ, დღეს კრეატიულობა აღარ იზომება მხოლოდ ვიზუალური ეფექტით ან ორიგინალური იდეით; ის იზომება იმ გავლენით, რომელსაც საზოგადოებაზე, ქცევებსა და მთლაინ ეკოსისტემაზე ახდენს.

Cannes Lions-ი ყოველწლიურად გვაძლევს ბიძგს საკუთარ საქმიანობას ახალი თვალით შევხედოთ, დავისახოთ უფრო მაღალი სტანდარტები და მუდმივად ვეძებოთ უკეთესი პასუხები იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საზოგადოება და ბრენდები დგანან. საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა, ინდუსტრიის საუკეთესო ნამუშევრების მუდმივი ანალიზი, ახალი ტექნოლოგიების, კულტურული ცვლილებებისა და მომხმარებლის ქცევის შესწავლა ჩვენთვის პროფესიის განუყოფელი ნაწილია. გვჯერა, რომ კრეატიულობა ერთჯერადი ინსპირაციის შედეგი კი არა, მუდმივი ცნობისმოყვარეობის, დისციპლინისა და სწავლების პროცესია.

კესო დიასამიძე