თქვენ იყავით კარგად და ჩვენი კარგიც … !

თქვენ იყავით კარგად და ჩვენი კარგიც … !

თქვენ იყავით კარგად და ჩვენი კარგიც მოვტყან!

 

ვერ ვიტან ფრაზას „ხო გეუბნებოდი“, მაგრამ ეს პოსტი ამაზეა. ეს პოსტი თან ჩემზეცაა, ჩემნაირებზე, ჩემზე უარესებსა და უკეთესებზეც. ეს პოსტი მომსახურების სფეროში მოღვაწე ხალხზეა. ეს პოსტი უფრო კონსულტანტებსა და სხვადასხვა სერვისების მიმწოდებელ ხალხზეა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პოსტი ამ ადამიანების კლიენტებზე, იგივე სერვისების მიმღებებსა და ამ სერვისების მიღებაში ფულის გადამხდელ ხალხზეა. გამოდის, რომ ეს პოტი ჩვენზეა, ადამიანებზე და უბრალო მშრომელ ხალხზე. ეს ხალხური პოსტია მეგობრებო და ელიტის წარმომადგენლები ნუ გამოგვეხმაურებით.

რატომ დამჭირდა ეს გაუგებარი შესავალი?

1. გადავწყვიტე, იუმორით შემერბილებინა მწარე პოსტი.
2. წავიორიგინალურე.
3. თავისით მიყვა სიტყვა სიტყვას და არ გავჩერდი.
4. ინტრიგისთვის.

(სწორი პასუხის შემოხაზვის შემთხვევაში, თქვენ საშუალება გექნებათ ერთთვიანი სტაჟირება გაიაროთ რომელიმე დიდი კომპანიის მარკეტინგის გუნდში. ნუ იჩქარებთ, დაფიქრდით სანამ შემოხაზავთ!)

ვინც არ იცის, მარკეტინგული კომუნიკაციისა და პიარის დარგში საკონსულტაციო მომსახურება, როგორც მიმდინარე კონსალტინგის, ასევე პროექტების მართვის კუთხით, მოქმედების სქემა არ არის რთული და რამდენიმე ძირითადი კომპონენტისაგან შედგება. აქ ვარიანტები შემდეგია:

• კლიენტი გიხსნის საკუთარ საჭიროებებს, გისახავს კონკრეტულ ამოცანებს, გეუბნება ბიუჯეტს და წინასწარ გაცნობებს იმ ინდიკატორების თაობაზე, რითიც შემოწმდება შენი შესრულებული საქმიანობის ეფექტიანობა.

• კლიენტი გიხსნის საჭიროებებს, გისახავს ზოგად ამოცანებს, გეუბნება დაახლოებითი რა ბიუჯეტი აქვს, თან ამატებს, კარგი იდეების შემთხვევაში, არ იქნება ბიუჯეტის გაზრდა პრობლემაო (რაც ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის პრობლემა არის!), ბოლოში კი გაწვდის საკუთარ იდეებს.

• კლიენტი გიხსნის, რომ რაღაც ჭირდება. მიზნები, ამოცანები, აქტივობები, ბიუჯეტი და პირველი შვილიშვილის სახელი შენი მოსაფიქრებელია. თან უნდა მოეწონოს ეს ყველაფერი.

დავალების მიცემისა და მისი ეფექტიანად შესრულების შეფასების, კლიენტისა და სააგენტოს ურთიერთობისა და ჩახუტების კიდევ ბევრი ვარიანტი თუ ვერსია შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ტრაგედია მაინც ტოტალურ „გაუგებრობაშია”. საბოლოო ჯამში, კლიენტებს არ სჯერათ კონსულტანტების. კლიენტებს მხოლოდ საკუთარი თავის სჯერათ. არ იყო ეს ადვილი გასააზრებელი და აღსაქმელი. მაგრამ სამწუხარო რეალობა ასეთია. არავის სჭირდება შენი აზრი, შენი იდეა და შენი ინიციატივა. შენ ხარ უბრალო დამატება კლიენტის ლოგიკური აზრების გასამყარებლად. შენ ხარ ინსტრუმენტი, რომელიც ამართლებს იმას, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია.

ჰოდა, რაღას გვაწვალებენ? რატომ გვაწერინებენ ამდენ შეთავაზებას? რატომ გვაფიქრებინებენ ახალ-ახალ იდეებს? რატომ გვაცვლევინებენ ბიუჯეტებს? რატომ არის საჭირო ხუთასი შეხვედრა იმისათვის, რომ ერთი პოსტის შინაარსზე შეჯერდე?

რატომ?
რატომ?
რატომ?

ამაზე მავანი მეტყვის, ეს სამუშაო პროცესია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება, ბევრჯერ გააზრება, ასჯერ გაზომვა და ორასჯერ გადაზომვაო. კარგი ბატონო, იყოს ასე, გავაგრძელებთ ჩვენ ახალ-ახალი ფაილების შექმნას, არსებული პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების გადაკეთებას და გამოგიგზავნით ბევრ ბულითპოინტიან მეილებს. ამას შეგუებული ვარ და კიდევ უფრო შევეგუები, მაგრამ…

…მაგრამ დიდი ხნით ადრე შემოთავაზებულ იდეას რომ დააქენსელებ, ბევრ არგუმენტს რომ მეტყვი – თუ რატომ არ არის ეს პროექტი საჭირო და რატომ არ არის ბიუჯეტში მისი დაფინანსების საშუალება, წლების მერე ნუ მომიბრუნდები და ზუსტად მასეთი პროექტის განხორციელების დაწყებას ნუ მამცნობ ბედნიერი სახით. არა, მამცნე! მაგრამ ხომ გახსოვს თქვენ რომ შემოგვთავაზეთ ადრეო – ასე მაინც დაიწყე წინადადება! თორემ, პრობლემა კი არაა, ჩვენც გაგვიხარდება ახალი პროექტი…

ახლა ხომ მიხვდით სათაურის დატვირთვას?