ჩემი დაკვირვებით, სტრატეგია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი სიტყვა, გნებავთ – ტერმინია. პრინციპში, მასეთი სიტყვა-ტერმინი ბევრი გვაქვს, მაგრამ სტრატეგიების შემუშავებას, მათ არსებობას ყველა ითხოვს, მათ შექმნაში ხალხი ფულს იხდის და სტრატეგიების არარსებობა, როგორც წესი, არასწორი მენეჯმენტის დამადასტურებელია ხოლმე.
აქედან გამომდინარე, მარკშეიდერების არ იყოს, არ ვიცით რაში, მაგრამ ვიცით, რომ რაღაცაში სტრატეგია მაინც გვჭირდება. ჰოდა, საკომუნიკაციო თუ ზოგადი განვითარების სტრატეგიების მაგალითზე (რადგან ჩემი გამოცდილება ძირითადად ამ ტიპის დოკუმენტებზე მუშაობას მოიცავს), მე მოგიყვებით თუ სად, როდის და როგორ ვითარებაში შეიძლება დაგჭირდეთ და გამოიყენოთ სტრატეგია.
ანუ სტრატეგია თუ არ გაქვს, ან უახლოეს მომავალში თუ არ გექნება, პროფესიული კუთხით თავს დიდად ვერ მოიწონებ. დაწერილი თუ არა, წაკითხული მაინც უნდა გქონდეს რამე კარგი სტრატეგია და ტექსტთან მიახლოებით მაინც უნდა იცოდე, შენი საქმის მცოდნე რომ გერქვას ადამიანს. შესაბამისად, გირჩევთ, ჯერ დაგუგლოთ სტრატეგიები და გადახედოთ. შემდეგ შეიძლება ვინმე ჩემნაირ ჭკვიანს გააგზავნინოთ უკვე მზა დოკუმენტები. ბევრი ასეთი სტრატეგია აიღოთ, ნაწილები დააკოპიროთ და კარგი გემრიელი დოკმუმენტი ასე ‘შეკრათ’. კიდევ იქნება სხვა გზებიც და ყველა უნდა სინჯოთ. თუმცა, მთავარია მაინც ის, რომ სტრატეგია უნდა გქონდეთ და საქმიან შეხვედრებზე ამაყად და რაღაცნაირად უდარდელად ისროლოთ ხოლმე შემდეგი ფრაზები:
ზოგისთვის კი სტრატეგიის ქონა ფორმალურად არის მნიშვნელოვანი. თუ ისეთ საჯარო უწყებაში, ან არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობთ, რომელსაც ‘აქვს ამბიცია’, მინიმუმ PR და/ან HR სტრატეგია მაინც უნდა გქონდეთ. თან ეს სტრატეგია უნდა დაამტკიცოს მინისტრმა, ან – გამგეობამ, უნდა ატვირთოთ ვებგვერდზე, უნდა მოაწყოთ შეხვედრა შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან, სადაც გააცნობთ სტრატეგიას ლამაზი PPT დოკუმენტის ჩვენების გზით, უნდა გაუზიაროთ მთავარ პარტნიორებს და დონორებს, მათი შენიშვნები და რეკომენდაციები რომ მიიღოთ. მოკლედ, კარგი გასართობი ამბავია (მითუმეტეს თუ რომელიმე სააგენტოს, ან ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტის რესურსს თუ იყენებთ) და თან, რაც მთავარია, სტრატეგია გექნებათ და შესაბამისი ‘პწიჩკაც’ იქნება დასმული.
ამ ყველაფერთან ერთად, შესაძლებელია სტრატეგია თქვენი საქმიანობის გრძელვადიან პერსპექტივაში დასაგეგმად, ეფექტიანობის შეფასების მექანიზმის წინასწარ განსასაზღვრად და ბიუჯეტის, თუ სხვა საჭირო რესურსის გასააზრებლად. დიდი ალბათობით ეს არ დაგჭირდებათ, რადგან სტრატეგიის რეალურად გამოყენება თუ გინდათ, მაშინ ამ საქმეს დრო უნდა დაუთმოთ, სტრატეგიის ფორმირების პროცესში ტოპმენეჯმენტი და წამყვანი პერსონალი უნდა ჩართოთ, ჯერ სიტუაცია უნდა შეისწავლოთ, მერე სამუშაო შეხვედრები ატაროთ და დოკუმენტის შექმნაზეც კაი გვარიანად უნდა იმუშაოთ. თუ იცით ეს პროცესი, თუ შეგიძლიათ ხალხის მობილიზაცია და თუ გიღირთ ‘წვალება’, მაშინ შეიძლება სტრატეგია საქმისთვისაც გამოიყენოთ.
საბოლოოდ კი შეიძლება დავასკვნათ, რომ სტრატეგია საჭირო და აუცილებელი რამაა და ყველას უნდა გვქონდეს მომარაგებული 1-2 სტრატეგია მაინც.
სარეკლამო ჩანართი: თუ რომელიმე მიზეზით თქვენ დაგჭირდებათ, პიარსტრატეგიის, მარკეტინგული სტრატეგიის, ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის, ან ნებისმიერი სტრატეგიის შემუშავება, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს https://www.gepra.ge/ka/servisebi, მოგვწეროთ, დაგვირეკოთ, ან დაგვიმესიჯოთ <3