სიტყვის ძალა

სიტყვის ძალა

სიტყვა ბგერების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანების კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა.

პირველ რიგში, ყალიბდება ფიქრი, შემდეგ მას ბგერების მეშვეობით ხორცი ესხმევა და გადმოიცემა. ყოველდღიურად ადამიანი საშუალოდ 6000-მდე სიტყვას, 2000-მდე ბგერასა და 7000-მდე ჟესტს იყენებს.

ყველა თემა გარკვეულ ეტაპზე იძენს აქტუალობას და მოკლე/ხანგრძლივი პერიოდი ინარჩუნებს მას, ხოლო სიტყვამ აქტუალობა მიიღო სამყაროს შექმნისთანავე და კაცობრიობის არსებობის ბოლომდე ასე იქნება. ამიტომაც მას იმაზე მეტი მნიშვნელობა და ძალა აქვს, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს წარმოუდგენია.

ერთხელ მაინც გიფიქრიათ რა მოხდებოდა, კომუნიკაციის ამ ფორმით სარგებლობის საშუალება რომ არ გვქონოდა?! არ შეგვძლებოდა ჩვენი ფიქრების, ემოციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება ერთმანეთისთვის?!

ვიზრდებით, ვყალიბდებით, ვვითარდებით, ვიბრძვით და ვერც კი ვაანალიზებთ რამდენი რამ გავაკეთილშობილეთ, ან პირიქით გავაფუჭეთ ზუსტად ერთი სიტყვით.

მანამ სანამ სიტყვის განმარტებას ძალიან ღრმად და ფილოსოფიურად მივუდგებით, ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ფიზიკურ ტკივილზე მტკივნეული სწორედ სიტყვაა და პირიქით, ზუსტად ერთმა სიტყვამ შეიძლება შეცვალოს სამყარო.

ყველას გაგვიგია ფრაზები:

„ძალიან კარგი ამბავი გავიგე, ეს განწყობა მთელი დღე გამყვება“
„ერთი სიტყვით შეძელი ჩემი ხასიათის გაფუჭება“
„შენმა სიტყვებმა დამაფიქრა და შემცვალა“
„მისი დაუფიქრებელი ნათქვამის გამო, ჩვენს მეგობრობაში უდიდესი ბზარი გაჩნდა“ და ა.შ.

სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, მას შეუძლია:

  • ხასიათის ცვლილება;
  • შეხედულებების/მსოფლმხედველობის/ცხოვრების სრული ცვლილება;
  • დაავადებების გაჩენა;
  • დაავადებებისგან განკურნება;
  • თავდაჯერებულობის გაზრდა/შემცირება;
  • მოტივაციის ზრდა/განადგურება და სხვა.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სფეროში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თითეულ სიტყვას, ვინაიდან კომუნიკაციის გურუებმა ზუსტად იციან, რამხელა ცვლილებების მოტანა შეუძლია ერთ სიტყვასაც კი.

ეფექტური კომუნიკაციის უპირველესი საწყისია რა თუ არა სიტყვა და სიტყვათა კომბინაცია?!
მაგალითად, Nike-მა აიღო 3 უმარტივესი სიტყვა: “Just Do It”  და საზოგადოებამდე მიიტანა ისე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოსახლეობის უმრავლესობისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ სამი სიტყვის კომბინაცია მხოლოდ აღნიშნულ ბრენდთან ასოცირდება.

ასე რომ, სწორად წარმოთქმულ და გააზრებულ სიტყვას არა მხოლოდ დადებითი აურისა და გარემოს შექმნა, არამედ წარმატების მოტანაც შეუძლია.

ბგერებში, სიტყვებში განხორციელებულ დადებით ენერგიას საოცრებების „ჩადენა“ შეუძლია. გარდა იმისა, რომ უნდა ვაკონტროლოთ სხვისი მისამართით როგორ გზავნილებს ვუშვებთ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორ „უხილავ“ გარემოს ვუქმნით საკუთარ თავს. ნებისმიერ სიტყვას, დადებითსა თუ უარყოფითს, ჩვენი მომავლის ცვლილება შეუძლია.

ასე რომ, სანამ რაიმე ფიქრს/ემოციას „გააცოცხლებთ“ და სამყაროს გაუგზავნით, ზუსტად წამის მეათასედით დაფიქრდით, რას ემსახურება თქვენი გზავნილი, მიაყენებს თუ არა ზიანს ვინმეს ან რაიმეს, როგორ იმოქმედებს ის სხვა ადამიანებზე, რა ზეგავლენა ექნება მას თქვენზე?!

სწორედ ერთ სიტყვას შეუძლია „ფრენა“ გასწავლოს, საოცრებები გაკეთებინოს, შეუძლებელი შეგაძლებინოს… ამიტომ დააკვირდი შენს თავს, დაიწყე ფიქრი, აზროვნება, გააკონტროლე შენგან გამოსროლილი თითოეული ბგერა – მას დიდი ძალა აქვს!