სირაქლემა, რომელიც გაფრინდა

სირაქლემა, რომელიც გაფრინდა

სირაქლემა, რომელიც გაფრინდა

ერთ ქალაქში, რომელსაც სასული ერქვა, ერთი პატარა სირაქლემა ცხოვრობდა.

სირაქლემას ისტორია ხომ ყველამ იცით?! ის გაურბის ყველაფერს, რისიც ეშინია, ან არ მოსწონს და თავს ქვიშაში რგავს.

ის არც ფრინველია და არც ცხოველი. უფრო სწორად ფრინველიც არის და ცხოველიც, ცხოველი იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი ფეხები აქვს და ძალიან მაგრად დარბის. ფრინველი კიდევ იმიტომ, რომ ფრთები აქვს, მაგრამ ფრენა არ შეუძლია. ეს ბუნების კანონზომიერებაა მისთვის და ვერაფერს შეცვლი.

ზღაპარი, რომელსაც ახლა გიამბობთ, სინამდვილეში სირაქლემაზე სულაც არ არის. რადგან მაშინ გამოვა, რომ ბუნების დადგენილ წესებს შევეწინააღმდეგები და ამის გამო, შეიძლება წვიმა წამოვიდეს და ჟირაფთან ერთად მეც დამასველოს.

ჩვენს სირაქლემას, ქომალი ერქვა. როცა მას გააბრაზებდნენ, ინსტიქტურად, კისერს წინ წაწევდა და ქვემოთ ხრიდა, რომ ქვიშაში ჩამძვრალიყო, მაგრამ ბოლო წუთებში, სიზმარი ახსენდებოდა და თავის ქვიშაში ჩაყოფის ნაცვლად, ფრთას აფრთხიალებდა. გაფრენას ლამობდა.

სიზმარი ასეთი იყო:

ერთხელ, როცა ქომალმა თავი ქვიშაში ჩარგო, ჩაეძინა და დაესიზმრა, რომ თუ ის ქალაქ სასულის ბოლოში მოქცეულ ზღვას გადაცურავდა, ის აუცილებლად ფრენას შეძლებდა.

ქომალი ჯერ სულ პატარა იყო და მშობლები მარტო, ქალაქის ბოლოში კი არა, უახლოეს ქვიშის გორასთანაც კი არ უშვებდნენ.

ქომალი უცნაურ შეკითხვებს სვამდა, როცა ცაში, უცხო ჩიტებს დაინახავდა.

რატომ არ შეგვიძლია ჩვენ გავფრინდეთ? რატომ ვრგავთ თავს ცხელ ქვიშაში? რატომ ვართ ორივე, ცხოველიც და ფრინველიც? და ა.შ.

მოკლედ, ჩვენი პატარა ქომალი მოწადინებული იყო ფილოსოფიური ამოცანები ამოეხსნა, მაგრამ ქომალის მშობლებმა თავად არ იცოდნენ ამ კითხვებზე პასუხი და რა უნდა ეთქვათ ქომალისთვის? უფრო მეტიც, ისინი ამ ყველაფერზე მხოლოდ მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც ქომალმა დასვა შეკითხვები.

ერთ დღესაც, ქომალი სახლიდან გაიპარა და მთელი ძალით გაიქცა ქალაქ სასულის ბოლოსკენ, რომ ზღვისთვის მიეგნო. ბევრი ირბინა ქომალმა, ღამით ღამურების ძალიან ეშინოდა და თავის ქვიშაში ჩარგვას ლამობდა, მაგრამ იმდენად მოწადინებული იყო, რომ გაფრენილიყო, ქვიშაში თავის ჩარგვისთვის დროს არ კარგავდა. უბრალოდ, მთელი ძალით გარბოდა.

მრავალი დღე ირბინა ქომალმა და როგორც იქნა, მიადგა ზღვას. ნაპირს მოშორდა, უკან დაიხია, მაქსიმალური სისწრაფით მოწყდა ადგილს, როცა ზღვაში შევიდა, მოაგონდა, რომ ცურვა არ იცოდა, მაგრამ პატარა ქომალი გაბედული იყო. აბარტყუნებდა თავის პატარა ფრთებს და ძლიერ ფეხებს, მაგრამ ქომალი გრძნობდა, რომ წყალი მას ქვემოთ ექაჩებოდა.

ქომალი არ ნებდებოდა,  რაც უფრო იბრძოდა, მეტად მიექანებოდა ზღვის ფსკერისკენ.

ამ დროს ზღვაში, პატარა დელფინი დოლფი ცურავდა. მან დაინახა რომ მისთვის დღემდე ამოუცნობი არსება იხრჩობოდა და დაეხმარა წყლის ზედაპირზე ამოსვლაში.

დოლფიმ ქომალის ჰკითხა, ზღვაში საიდან მოხვდიო?

ქომალმა კი თავისი სიზმარი უამბო. საოცარი ვინმე აღმოჩნდა დოლფი, მან მეგობარს, უთხრა, მე დაგეხმარები ზღვის გადაცურვაშიო.

დოლფიმ ქომალი ზურგზე შემოისვა და გასწიეს ერთად ზღვის მეორე ნაპირისკენ.

ქომალი გაოცებული იყო დოლფის ასეთი საქციელით, რადგან, ქალაქ სასულიში, სადაც ის ცხოვრობდა, დახმარება რომ გეთხოვა, არავინ დაგეხმარებოდა და კიდევ უფრო მეტიც. სასულიში ყველა იყო მომართული, როგორ ეწყენინებიათ, როგორ ეტკინათ გული, როგორ დაეცინათ და მერე ეცქირათ, იმისთვის, თუ როგორ ჩარგავდი თავს ქვიშაში გულნატკენი..

დოლფი, ქომალის ნაამბობზე გულიანად წრიპინებდა, იცინოდა, რადგან ვერ გაეგო სასულიში მომხდარი ამბებისა ვერაფერი. ვერ გაეგო, რადგან დელფინები ძალიან კეთილი არსებები არიან. მათ მხოლოდ, სიყვარული, ბედნიერება და მხიარულება იციან.

ბევრი იცურეს დოლფიმ და ქომალიმ ერთად.

ნაპირიც გამოჩნდა. როცა დოლფი ქომალს ემშვიდობებოდა, ზღვის ნაპირთან, წყალში რამდენიმე სალტო გააკეთა და გაუჩინარდა. უკვე ღამდებოდა. ქომალმა თვალი მოავლო უცხო სანაპიროს, უკან მოიხედა, ერთი წუთით დაფიქრდა, შეცდომა ხომ არ დავუშვი სახლიდან რომ გამოვიპარეო, მაგრამ ისევ სიზმარი მოაგონდა, სანაპიროს ქვიშაზე გაკოტრილდა სისველე რომ გაეშრო და წათვლიმა.

-ქომალ, ქომალ, გაიღვიძე-ხმა ჩაესმა ძილში.

ქომალმა თვალები გაახილა და რას ხედავს, თეთრწვერა მოხუცს, რომელიც მან სიზმარში ნახა.

-შენ მესიზმრე პანი ხარ? – კითხა ქომალმა.

-დიახ, და შენ ქომალი, რომელიც უცნაურ კითხვებს სვამს. -მიუგო პანმა.

-დიახ, თქვენს სიზმრებს გამოვყევი. კეთილი დელფინი რომ არა, ზღვაში დავიხრჩობოდი, მან ზურგზე მომისვა და ზღვა ისე გადმოვცურე. როგორ ვისწავლი ფრენას?

-ქომალ, აი, იმ მთას ხედავ? მესიზმრე პანმა ქომალი მარჯვნივ გაახედა.

-დიახ, მიუგო ქომალმა.

-იმ მთაზე უნდა ავიდეთ, სებაზუს მთას ეძახიან. სებაზუს მწვერვალიდან უნდა გადმოხტე, ფრთები უნდა გაშალო, ჰაერში, თუ კი წუთში 11 ბრუნს გააკეთებ, ვიდრე ძირს დაეშვები, ფრენას ისწავლი. უთხრა მესიზმრე პანმა. -სებაზუს მთამდე მე გაგაცილებ. მზად ხარ ზურგზე შემისვა?

-რა თქმა უნდა- უთხრა გახარებულმა ქომალმა და ოდნავ დაბლა დაიხარა, რომ მესიზმრე პანს შეძლებოდა ზურგზე ასვლა.

როგორც უკვე იცით, სირაქლემები სწრაფად დარბიან. ჩვენი ქომალიც სწრაფად დარბოდა, თუმცა ის პატარა იყო და მალე იღლებოდა.

გზადაგზა, ქომალი განაგრძობდა უცნაური შეკითხვების დასმას. მართლა გავფრინდები იქიდან როცა გადმოვხტები? სადმე ხომ არ ჩავიჩეხები? თუ ფრენას ვერ ვისწავლი, მესიზმრე პანი გადამარჩენს? თუ მესიზმრე პანის ნახვა ცხადშიც შეიძლებოდა, მან რატომ ნახა სიზმრად? მაშინ როცა თავი ქვიშაში ჩარგო?

პანს ეღიმებოდა ქომალის შეკითხვებზე და ამშვიდებდა მას.

-შენ ძალიან ყოჩაღი ხარ. ტყუილად კი არ შეგარჩიე?! ფრენისას მთავარია სწორად ისუნთქო და არ დაგავიწყდეს, რომ ფეხები კარგად უნდა გაშალო, ერთ წუთში 11 ბრუნი უნდა გააკეთო. თუ ამ წესებს შეასრულებ, ფრენას ისწავლი.

ამ კითხვა-პასუხში ისე გაერთნენ, რომ ვერც კი გაიგეს როგორ ავიდნენ სებაზუს წვერზე.

პანმა უთხრა პატარა სირაქლემას, დღეს კარგად უნდა გამოიძინო და ძალები მოიკრიბოო, მანამდე კი ეს ჭამე. -მესიზმრე პანმა პატარა ჩანთიდან ფოთლებში გახვეული საგზალი მიაწოდა ქომალს.

მოშიებოდა, თუმცა ისე ახარებდა ფრენის სწავლის შესახებ ფიქრები, რომ სულაც დავიწყებოდა საჭმელი. გამოართვა, შეჭამა და დაიძინა.

დილით ადრე მესიზმრე პანმა გააღვიძა. კიდევ ერთხელ დაარიგა როგორ უნდა მოქცეულიყო. სამ დათვლაზე, პანმა პატარა სირაქლემას, სახე მაღლა აუწია, თვალებში ჩახედა და კეთილი ფრენა უსურვა.

სირაქლემა, რომელიც გაფრინდა

ქომალი სებაზუს მწვერვალიდან გადახტა. ფეხები და ფრთები გაშალა, წუთში საკუთარ ბრუნებს ითვლიდა და თან ფიქრობდა. ნეტავ, რატომ მაინც და მაინც 11 ბრუნი წუთში? ფიქრობდა ქომალი და ნელ-ნელა ქვემოთ ეშვებოდა. ვერ უსწორდებოდა ჰაერს. ძალიან ცდილობდა, პატარა ფრთები ეღლებოდა. ფეხებშიც ძალას კარგავდა, მაგრამ პანის სიტყვები აძლიერებდა..

351 მეტრამდე როცა დაეშვა, მიხვდა რომ უკვე ფრენა შეეძლო. ბოლო ძალები მოიკრიბა და ისევ დაიწყო ჰაერში გაკეთებული ბრუნების დათვლა..

ქომალმა უკვე ზღვას გადაუფრინა, ნაპირთან შეჩერდა, სადაც მოთამაშე დოლფი დაინახა, მიესალმა მეგობარს და უთხრა, ნახე, ფრენა ვისწავლეო. დოლფიმ სიხარულით წრიპინი დაიწყო და წყალში რამდენიმე სალტო გააკეთა.

ქომალმა მშობლიური ქალაქისკენ აიღო გეზი. სასულიში მას მშობლები ელოდნენ.

როცა ქომალი სასულიში ჩაფრინდა, სიხარულით დახვდნენ დიდი სირაქლემები.

ამიერიდან ის ქვიშაში თავს აღარ რგავდა როცა აბრაზებდნენ. ამიერიდან ის ფრთას შლიდა და მიფრინავდა.