ისინი ბევრნი არიან ჩემს ირგვლივ.
შესავალი გრძელი გამომდის ხოლმე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: მიყვარს ბედობა, ალბათ ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება დედაჩემისგან მოდის. ბავშვობიდან მახსოვს „თიკო, გაიღიმე, დღეს არ გავაბრაზოთ ერთმანეთი, იმეცადინე, გააკეთე ის, რისი გაკეთებაც მთელი წელი გინდა“ და ასე დაუსრულებლად. ასე ვიწყებ ბარბარობიდან და იგივე შემართებით ველოდები ხოლმე ახლით და ძველით ბედობასაც.
ჯეპრა ჩემს გეგმებში იმ დღეს არ ყოფილა. ელენემ დამირეკა და მითხრა, 15 იანვარს გელოდებაო სოსო. კი, ვიცოდი, დეკემბრის ბოლოს პიარსკოლის გამოსაშვებზე დავგეგმეთ შეხვედრა, თუმცა ეს ზარი მაინც გამიკვირდა – ჯერ არ დასრულებულა დღესასწაულები, რა დროს გასააუბრებაა-მეთქი, გავიფიქრე.
ასე დავიბედეთ ერთმანეთი მე და ჯეპრამ.
პოსტიც ამ ადამიანებზეა, ჯეპრელებზე. ყოვლისშემძლეობაში, რა თქმა უნდა, უნიკუმობას არ ვგულისხმობ, თუმცა ჩვენ, ჯეპრას პიარშიკებსა და პიარშიცებს, დიზაინერებს, მედიამენეჯერსა თუ სოციალური მედიის მენეჯერებს, უფროსებსა თუ უმცროსებს, ერთი რამ გვაერთიანებს და ეს საათის ისრის საწინააღმდეგოდ მუშაობაა.
პოსტის თემა იმდღევანდელი წუწუნის საგანიდან მოვიდა – წარდგენილ კონცეფციასა და პირველად შეთანხმებას თუ ოდნავ გადაუხვიე, ხედვა გააუმჯობესე კონკრეტული აქტივობის, დაქირავებული პირის უკმაყოფილება და „არ გამოვა/არ არსებობს“ ძახილი მოყვება… არადა ხომ შესაძლებელია, ხომ რეალურია, ხომ მოსწონს, ხომ გაიმდიდრებს პორტფოლიოს… დროს ართმევს და მორჩა: )
იმის იქით აღარ აინტერესებს…
ჯეპრელები ამ მთის იქით ვართ, ჩიპიანები შემდეგი პროგრამით:
მომსახურების ღირებულება განიხილება ხელშეკრულების ხელმოწერამდე
შეთანხმების შემდეგ, ბიუჯეტი არ განაგებს ხარისხს
აღებული პასუხისმგებლობა უდრის ორმაგ პასუხისმგებლობას
პროექტის მართვა ნიშნავს იმაზე მეტ ფიქრს განხორციელების პროცესში, ვიდრე შეთავაზების წერის დროს
კლიენტის კმყოფილების საზომია შენი კმაყოფილება კვადრატში
ამ მთის იქით ის მთაა, სადაც დღე და ღამე არ არსებობს… ჯეპრელები მუშაობას იწყენებ, როცა საქმეს არ დააკლდება და ამთავრებენ, როცა საქმეს არ დააკლდება. ამ მთის დროით 22:00 საათზეც რომ გაიაროთ ალექსიძის 3-თან დაინახავთ, რომ ჯეპრას სარკმელში ერთი ნათურა მაინც ციმციმებს – ე.ი. იქ ერთი ადამიანი მაინც არის, რომელიც ფიქრობს, ჯერ მისი სამუშაო დრო არ ამოწურულა, არ ეზარება, არ დაღლილა, არ ეძინება.
პოსტი ყოვლისშემძლე ადამიანებზეა.
მახსოვს, ჩემი გაოცებული და დაბნეული სახე, ჩემთვის წარმოუდგენლად რთულად შესასრულებელ დავალებას რომ მომცემდა სოსო და ვფიქრობდი – ყოვლისშემძლე ხომ არ ვარ, ეს როგორ უნდა გავაკეთო-მეთქი… მერე მივხვდი, რომ ეს ყოვლისშემძლეობა უნარ-ჩვევაა, რომელიც გამოცდილებასთან ერთად მოდის.
კახას რომ ვურეკავ, ალოს ნაცვლად პასუხია ხოლმე “აბა რა გიჭირს, რით შემიძლია დაგეხმარო.” იმ დღეს რომ ველაპარაკე, მომენატრე, რამდენი ხანია არ დაგირეკავსო და გამიხარდა, რამხელა კომპლიმენტი მითხრა ხომ ხვდებით 🙂
ჯეპრა იზრდება და ვითარდება… „არ არსებობს, არ გამოვიდეს“ – უკვე 20-ზე მეტი ადამიანი გაიძახის ჩვენთან.
პოსტი ყოვლისშემძლეებზეა.
2017 წლის 15 იანვარს მე 8 წლის ვხდები 🙂
*ყოვლისშემძლეობა – მიზანდასახულობა, კლიენტისთვის თავდადება, მომგვარებლობა, მულტითასქინგობა, ინსომნია, გამძლეობა, ენთუზიაზისტობა, კარგი მენეჯერობა, მუდმივი ფიქრის რეჟიმი, ფინანსების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.