ბლოგი იმაზე, თუ როგორ შეძლო ნუცამ წლის პრომოუშენ გეგმის შესრულება

ბლოგი იმაზე, თუ როგორ შეძლო ნუცამ წლის პრომოუშენ გეგმის შესრულება

შესავალი პირველი

“გამარჯობა, ბლოგი გაქვს დასაწერი”…

უკვე 2 თვეზე მეტია  თაბახის ფურცელი გაკრულია ჩემს სამუშაო მაგიდასთან…

გამარჯობა ნუცა (ჯეპრას პრომოუშენ გეგმის ხელმძღვანელი),

მეც ვიცი რომ ბლოგი მაქვს დასაწერი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ან იდეაა ბევრი და  თავს ერთად ვერ უყრი,  ან ბევრი სხვა საქმე გაქვს სამსახურეობრივი ან პირადული (2018 წელი განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა პირადი ამბებით), ან უბრალოდ არ იცი რაზე დაწერო და ელოდები მუზას, რომელიც აგერ 28 დეკემბერია  და არ მოვიდა.

შესავალი მეორე

გამარჯობა,

მე თიკო სამყურაშვილი ვარ და 15 იანვარს, ბედობას, ჯეპრაში მუშაობის 10 წელი შემისრულდება. დიახ, მე თუ მკითხავთ, დამებედა. მგონი ბედობაზე ადრეც მისაუბრია და ალბათ ისიც მითქვამს, რომ პიარსკოლაში ვსწავლობდი, კურსზე და პიარსკოლის ისტორიაში პირველად (დღემდე ასეა) ყველაზე მაღალი შეფასება ავიღე და როგორც საუკეთესო სტუდენტი ამიყვანეს ჯეპრაში სტაჟირებაზე. დღემდე ვფიქრობ,  ყველაზე დიდიემოცია (დადებითი), რაც ცხოვრებაში მივიღე, ერთი იყო ქობულეთში, როცა კირას (ჩემი ბიძაშვილი) დედამ დაურეკა და უთხრა რომ უნივერსიტეტში, პირველივე ფაკულტეტზე და თანაც სრული დაფინანსებით ჩავირიცხე  და მეორე, პიარსკოლის გამოსაშვებზე, როცა სოსომ (ჯეპრას დამფუძნებელი, იმ პერიოდში აღმასრულებელი დირექტორიც) ჯეპრაში სამთვიანი სტაჟირება შემომთავაზა, რამაც საბოლოო ჯამში ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრების გზა.

ბავშვობაში ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ადამიანის განვითარებისთვის ორი მნიშვნელოვანი ეტაპი არსებობს, სკოლა და უნივერსიტეტი, თუმცა ჩემს შემთხვევაში  გაჩნდა ჯეპრა და მე ვიტყოდი, რომ ეს მესამე ეტაპი ყველაზე მეტად ღირებული აღმოჩნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ საუკეთესო პრაქტიკაა მოხვდე და იმუშავო იმ ადამიანების გარემოცვაში, სადაც შენზე მეტი იციან. მახსოვს სოსო მეხუმრებოდა, მამაშენი აქეთ უნდა მიხდიდეს ფულს, ამდენს რომ გასწავლიო. საბოლოო ჯამში, ვიქეცი იმ თანამშრომლად, რომელიც მაგალითის მიმცემია და მამოტივირებელია მათთვის, ვინც ახლა იწყებს ჯეპრაში საქმიანობას.

22 დეკემბერს პიარსკოლაში გამოსაშვები საღამო გვქონდა და სოსომ პიარსკოლის 11-წლიან ისტორიაში მეორედ დაასახელა ადამიანი, ვინც ჯეპრაში გააგრძელებს საქმიანობას. ასე მგონია, რომ რუსკას (პიარსკოლელის) ემოციების გაზიარება ჩემზე კარგად არავის შეეძლო იმ წუთებში. ამიტომ მინდა მივმართო  მას: თუ შენი მოტო არის, რომ გახდე პროფესიონალი და იმუშაო ჯეპრაში, შენ აუცილებლად შეძლებ ამას, რადგან წარმატება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხელშია. მიდი და წარმართე შენი კარიერა.

მესამე წელია ჯეპრაში სტაჟირების სისტემა დავნერგეთ – მკაცრად გაიწერა მიღების პროცედურები და შედგა სპეციალური სასწავლო და სამუშაო პროგრამა, რომელსაც სტაჟიორი 6 თვის განმავლობაში გადის. ფლეისმენთი კი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა ცოტა რამ ელენეზეც (თაყაიშვილი) მეთქვა, უფრო სწორად ჩემზე ელენესთან დაკავშირებით. წლის დასაწყისში, როცა სტაჟიორების ახალი ნაკადი მოვიდა,ეკამ (ჯეპრას დირექტორი) უფროს კონსულტანტებს დაგვავალა მათი ასისტენტებად აყვანა და მოგვცა შესაძლებლობა დაახლოებით 10-კაციანი შემადგენლობიდან თავად აგვერჩია.როგორც თავში ვახსენე, ჩემს პროფესიულ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა სოსომ და კახამ (ჯეპრას უფროსი პარტნიორი, აწ უკვე ჩემი ქორწინების რეგისტრატორი), შესაბამისად, მე კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება და სწორი  მიმართულების მიცემა. ახლა ეს მე უნდა გამეკეთებინა, უნდა გამეზარდა ისეთი ჯეპრელი, როგორიც ჩვენ გვჭირდებოდა, უნდა მესაწვლებინა საქმის კეთება ისე, როგორც მე მომეწონებოდა რომ გავაკეთებდი. სწავლება-სწავლის მეთოდის შემუშავება დიდად საპასუხიმგებლოა, ეს პირველად ილიაუნიში მისვლისას გამოვცადე, ლექციაზე შესვლის და სტუდენტებთან საკუთარი თავის წარდგენის სცენა ძლიერ ემოციად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. Jამბავი რომ გავაგრძელო,ძალიან მინდოდა რომ სწორად შემერჩია კანდიდატი, რომ ერთმანეთის იმედები გაგვემართლებინა და ამიტომ მოვიფიქრე შიდა გამოცდაც. ასე ავიყვანე ელენე (თაყაიშვილი) Jვფიქრობ, მთავარი, რაც მე ელენეს მივეცი, მუშაობის პროცესში თავისუფლებაა. ჩემი მიდგომით, სწავლებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ დაისვა გვერდით და აჩვენო როგორ ასრულებ/აკეთებ/აწყობ ამათუიმ დავალებას და მერე მისცე შესაძლებლობა თვითონ გააკეთოს.

ელენე 6-თვიანი სტაჟირების შემდეგ დავიტოვეთ (რა თქმა უნდა, მისი სურვილით) და მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთი წლის თავზე დამოუკიდებლად შეუძლია აიღოს და მართოს პროექტი.

დასასრული პირველი

და ბოლოს, მგონი უკვე შემიძლია ეს თაბახის ფურცელი ჩამოვხსნა  და მათ, ვინც ახლა ჩემს პოსტს კითხულობთ, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ჩემი რჩევაა, ჩამოწერეთ 3 მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ. ხშირ შემთხვევაში არც ისე მარტივია დასახული გეგმის შესრულება, მაგრამ მე მჯერა რომ მიზანდასახულ ადამიანებს შეუძლიათ გადადგან მთები, თუ მიზნის მისაღწევად ეს არის საჭირო.

დასასრული მეორე

სათაურს რაც შეეხება –  ნუცას დღეს სანტაობაზე მეგაფონი აჩუქეს და თოფით არა, მაგრამ საყვირით ნამდვილად დამადგა თავზე, რომ პრომოუშენ გეგმაში „თიკოს ბლოგი“ არ დარჩენოდა შეუსრულებელ დავალებად. ნუცამ მიზანს მიაღწია.

მრავალ ახალ წელს, მეგობრებო!