ნდობა და ჯანმრთელობა 2025 წელს – მიგნებები ედელმანის „ნდობის ბარომეტრიდან“

ნდობა და ჯანმრთელობა 2025 წელს – მიგნებები ედელმანის „ნდობის ბარომეტრიდან“

მსოფლიოში წამყვანი ნომერ #1 პიარკომპანია “ედელმანი“ (შემოსავლის მიხედვით) 2001 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს  ინსტიტუტების, კომპანიების, მედიისა და ლიდერების მიმართ ნდობის გლობალურ კვლევას სახელწოდებით “ნდობის ბარომეტრი”.

წლევანდელი სპეციალური გამოცემა ფოკუსირებულია ჯანმრთელობაზე – თემაზე, რომელიც გლობალური ინტერესის წინა პლანზე წამოიწია, გადაკვეთა საზღვრები, გაასწრო პოლიტიკასა და ინდუსტრიებს. 2025 წლის ანგარიში ეყრდნობა 16 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევას, რომელშიც მონაწილეობდა 16,000-ზე მეტი რესპონდენტი. ამ ბლოგში განვიხილავთ კვლევის ძირითად მიგნებებს.

აღარავინ ენდობა დიდ ინსტიტუტებს

20 წელზე მეტია “ედელმანი” აკვირდება საზოგადოების ნდობის ცვლილებას სხვადასხვა სისტემის მიმართ. აღმოჩნდა, რომ 2025 წელი ჯანმრთელობის სფერო ნდობისთვის ბრძოლის ახალ არენად იქცა. დღეს ადამიანები სერიოზულად სკეპტიკურად არიან განწყობილნი ისეთი დიდი მოთამაშეების მიმართ, როგორიცაა ბიზნესები, მთავრობები და არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება. ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა ჯგუფების ნდობის ქულები არის ან ნეიტრალურ (50-59 100-დან) ან პირდაპირ უნდობლობის ზონაში (1-49). 

(მოცემული გრაფიკი აჩვენებს, თუ როგორ დაეცა ბიზნესებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობა 2023 წლის შემდეგ).

ედიცინა ზედმეტად პოლიტიზებული ხდება?“ისეთი განცდა მაქვს, რომ სამედიცინო სფერო მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდასაჭერად არსებობს” – რესპონდენტის პასუხი კვლევიდან.

არ დავმალავ, ძალიან გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ დღეს უფრო მეტი ადამიანია შეშფოთებული მედიცინის პოლიტიზებით, ვიდრე COVID-19 პანდემიის დროს. ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ მეცნიერება ვითარდება არა საჭიროების, არამედ მხოლოდ პოლიტიკური პროცესების მიხედვით. გასაკვირი არაა, რომ “ნდობის ბარომეტრი” ქანქარაზე მერყეობს, როდესაც უბრალოდ ის გვაეჭვებს, ექიმისგან მიცემული რჩევა ან რეკომენდაცია ჯანმრთელობის შესახების სიმართლეა თუ პოლიტიკური გეგმაზეა მორგებული. 

(გრაფიკი ასახავს იმ ადამიანების პროცენტულ რაოდენობას, ვინც ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სფერო პოლიტიზებულია).

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით ადამიანები ბევრად უფრო მეტად ენდობიან  გარშემომყოფებს, ვიდრე გლობალურ ორგანოებსა და ექსპერტებს. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, პირადი ექიმის, მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის.

სოციალური მედია – ახალი თაობის პირადი ექიმი

“ედელმანის” ნდობის კვლევაში დიდი როლი უკავია სოციალურ მედიას. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ადამიანები ბევრ ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით შეიტყობენ, მაგრამ კვლევის შედეგები კიდევ უფრო გასაკვირია. აღმოჩნდა, რომ ყოველი სამი ადამიანიდან (უმეტესად ახალგაზრდები მოიაზრებიან) ორი უგულებელყოფს პროვაიდერი კლინიკისა თუ პირადი ექიმის რჩევებს და უჯერებს მეგობრებს ან/და Tik-Tok-დან  მიღებულ ინფორმაციას (მაშინაც, როცა ეს უკანასკნელი ექიმის რჩევას მთლიანად ეწინააღმდეგება). კვლევა, ასევე, გვიჩვენებს, რომ ადამიანების დაახლოებით 76% დარწმუნებულია, რომ შეუძლიათ სანდო წყაროების მოძიება და კარგი სამედიცინო რჩევის ცუდისგან გარჩევა. ამასთან ერთად, ყოველდღიურად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და ყოველდღიურად იმატებს ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლის რაოდენობა. დღეს, როცა რაღაც შეგვაწუხებს, ჯერ Chat GPT-ის ვეკითხებით, უკიდურეს შემთხვევაში კი ექიმს მივმართავთ. ბუნებრივია, ხელოვნური ინტელექტის განვითარება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მსგავსი ტენდენციების ზრდას, დნობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ კი კიდევ უფრო შემცირდება. “ედელმანის” აღნიშნული კვლევა, სამწუხაროდ, არ იძლევა მეტ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის შესახებ. საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორ ვითარდება ჯანმრთელობის სფერო ამ მიმართულებით, თუნდაც როგორ აისახება ნდობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ პროექტს “ნდობის ბარომეტრი” ჰქვია, კვლევის ამ ნაწილში ჩნდება კითხვა – რატომაა ნდობის ქანქარა გადახრილი სოციალური მედიისკენ და არა ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისკენ?

რესპონდენტები ამბობენ, რომ მათ სურთ ემპათია და მარტივი ახსნა-განმარტებები. სოციალური მედიის ინფლუენსერები, რომლებსაც სამედიცინო განათლება არ გააჩნიათ მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობენ და იძლევიან რჩევებს. რატომ?  რადგან ისინი ჯანმრთელობის პრობლემებზე “ადამიანურ დონეზე” საუბრობენ. ძალიან კარგად მესმის, რატომ შეიძლება ამჯობინოს ადამიანმა “იუთუბერის” ვიდეოს ყურება, რომელიც საკუთარ პრობლემებს გვიზიარებს,  ვიდრე ექიმთან მისვლა, რომელიც დისტანციურია და ყოველი სიტყვის თავში და ბოლოში განგვსჯის.

ედელმანის 2025 წლის კვლევით კარგად ვხედავთ ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიზისს. ადამიანები აღარ ენდობიან დიდ ინსტიტუტებს და მედიცინის პროფესიონალებს, ამჯობინებენ სოციალური მედიასა და პირად კონტაქტებს. მედიცინის პოლიტიზაცია და არასწორი კომუნიკაცია მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სოციალური მედიის ზემოქმედების ზრდა, ხელოვნური ინტელექტის გავრცელება და თვითდიაგნოსტიკის ტენდენციები კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

ამ გამოწვევების გადაჭრა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას: მედიცინის პროფესიონალები უნდა გახდნენ უფრო ღია, ემპათიური და ნაკლებად დისტანციურები; ინსტიტუტებმა უნდა აღადგინონ საზოგადოების ნდობა გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაზრდით; ხოლო საზოგადოებამ უნდა განავითაროს კრიტიკული აზროვნების უნარი, რათა სწორად შეაფასოს ინფორმაცია.

მომავალი ჯანმრთელობის სფეროში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ამ ნდობის ხიდების ხელახლა შენებასა და ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას.

სრული კვლევის სანახავად გადადით ლინკზე.

ანა ლოლაძე