ჩვენისთანა ქველმოქმედი
განა არის სადმე ერი?
სპონსორობით,
ივენთებით
მორთული და მშვენიერი;
გულმხურვალე,
ხელგაშლილი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
აქტიური
მოქალაქე,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით სპორტსმენი,
მორბენალი, ღონიერი.
ჩვენისთანა ქველმოქმედი
განა არის სადმე ერი?!
ყველა ქული,
სუფთა გულით,
გულჩვილი და ლმობიერი;
თავმდაბალი,
სულ დამტკბარი,
პირს ლაგამი ზომიერი;
არრას მთქმელი,
არ მკვეხნელი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა სხვისი
დამხმარე, გულისხმიერი.
ჩვენისთანა ქველმოქმედი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უხვი, უხვიერი!
უბრალონი,
უშუალონი,
ვითა ბერი გაბრიელი;
უპრობლემო
ლაითები,
მზრუნველები და ძლიერნი;
არრის მქონე,
და გამცემნი,
სწრაფები და მყისიერნი.
ჩვენისთანა ქველმოქმედი
კიდევ არის სადმე ერი?