სტაჟიორების ფერმა

სტაჟიორების ფერმა

სტაჟიორების ფერმა

 

ბოლო სამი თვის განმავლობაში ჯეპრაში ერთხელ მაინც თუ  მოხვედრილხართ, შემოსასვლელში, მარცხნივ, პირველივე სათათბიროს გამჭირვალე კარი რომ შემოგეღოთ სტაჟიორების დიდი ფერმა დაგხვდებოდათ. ეს სახელწოდება ზურა ბალანჩივაძემ მას შემდეგ შეგვირჩია, რაც ნუკამ (ერთ-ერთმა ჩვენგანმა) ჰკითხა – შენ ის არ ხარ, რომ „უფშტვენო“? ამ შეკითხვაზე ზურას პასუხს აღარ მოვყვები.

თავიდან შვიდნი ვიყავით. პირველივე კვირის ბოლოს შოთიკო აფციაური გამოგვაკლდა, რომელიც მიხვდა, რომ არ არის დაბადებული ამ ქვეყანაზე იმისათვის, რომ იმუშაოს. მას არ უყვარს ყოველდღიურობა და არც დილით ადრე ადგომისთვის არის მზად. მთელი გულით უნდოდა იმ არდადეგების მეგობრებთან ერთად გართობაში და ახალი ვიზუალების, ინსტალაციების შექმნაში გატარება. ჰო! და თქვა: მინდა ვაკეთო ის, რაც მინდა! დიახ, თქვა და წავიდა. გახარებულმა და გაოცებულმა ისიც მოაყოლა – თურმე რა მაგარი ყოფილა სამსახურიდან წასვლაო 🙂

სტაჟიორბის ფერმა

დავრჩით ექვსნი. აქედან ერთი ბიჭი, ჩვენი ყველაზე მაღალი და სულ მომღიმარი გუჯა. დანარჩენი სულ გოგოები. დარწმუნებული ვარ, გუჯამ ამ სამი თვის მანძილზე პროფესიულ განვითარებასთან ერთად ბევრი სხვა რამ ისწავლა. სულ გვავიწყდებოდა, რომ ოთახში ერთი ბიჭი გვყავდა და ალბათ წარმოგიდგენიათ 5 გოგოს საუბრის მოსმენისას რამდენ საინტერესო ამბავს გაიგებდა. ფიქრობთ რომ წუხდებოდა? ჩვეულ რეჟიმში გაიღიმებდა და აგრძელებდა კახას დავალებების შესრულებას „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისთვის“.

გაგაცნობთ ჯეპრას სტაჟიორ გოგონებს

ყველაზე პატარა ნუკა იყო, 20 წლის, თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი. ნუკა იდეების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული, ჩამოწერილი იდეები სხვადასხვა პროექტისთვის. ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, გვანცა ერთვებოდა თავისი დამაჯერებელი საუბრის მანერით, ავითარებდა და წარმოგვიდგენდა უკვე განხორციელებულ იდეებს. თაკოს ან ყველაფერი მოსწონდა, ან არაფერი! ტრადიცია ასეთი იყო, მე ჩამჭრელი კითხვები უნდა დამესვა, რომელიც იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ ეს იდეა უფრო რეალური, განხორციელებადი და რაც მთავარია, საინტერესო ყოფილიყო. ამ ყველაფერს მაცო სლაიდებზე აწყობდა (თავისი საყვარელი სლაიდის ვიზუალებით) და მზად ვიყავით ჩვენი იდეების პროექტის მენეჯერისთვის წარსადგენად.

პრესკონფერენციები, ღონისძიებები, ტრენინგები, თათბირები, კრეატიული შეხვედრები… ეს არის ჯეპრას ყოველდღიურობა. ყოველდღიურობა, რომელიც არ შეიძლება მოგბეზრდეს. იყო ჯეპრას სტაჟიორი, ეს ნამდვილად ნიშნავს გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და შენი სწორი სტრატეგიული სვლა წარმატებისკენ იმ სფეროში, რასაც კომუნიკაციები ჰქვია.

ჩვენ ჯეპრას ღერძის გარშემო ვტრიალებთ!

სტაჟიორების ფერმა