ზღაპარი იყო.. თუ არ იყო?

ზღაპარი იყო.. თუ არ იყო?

ზღაპარი იყო.. თუ არ იყო?

პატარა რომ ვიყავი, დედა ხშირად მიყვებოდა ზღაპრებს, იშვიათად ქართულს, უფრო უცხოურს. როდესაც კითხვა დავიწყე, მამამ მაჩუქა ძმები გრიმების ზღაპრები. ვგიჟდებოდი და ზეპირად ვიცოდი უმრავლესობა: ვღელავდი წითელქუდაზე, მძინარე მზეთუნახავზე, ფიფქიაზე, კონკიაზე; ბევრს ვიცინოდი ბრემენელ მუსიკოსებზე.

ზღაპარი იყო.. თუ არ იყო?

16 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი და გიორგი გამიჩნდა. მეც ვუყვებოდი მას ჩემი ბავშვობის ზღაპრებს – ქართულსაც და უცხოურსაც. მერე იკაკო და ზურიკოც გაჩნდნენ, უკვე დიდი გოგო ვიყავი და ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი. როცა იკაკოს პირველად  მოვუყევი „ნაცარქექია“, მხოლოდ მაშინ შევხედე ქართულ ზღაპრებს სხვა თვალით. თავიდან წავიკითხე, დავფიქრდი და გადავწყვიტე ისინი არასოდეს მომეყოლა ჩემი შვილებისათვის.

ის, რაც აღმოვაჩინე, ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო.

  • „ნაცარქექია“ გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება ტყუილით და ეშმაკობით აიწყოს ცხოვრება მუქთახორა ადამიანმა; ბოლოს ამ ეშმაკობით მოპოვებულ ქონებას და სახლ-კარს ძმებს უტოვებს. თქვენ კი გამაგდეთ სახლიდან უსაქმურობისთვის, მაგრამ მე გპატიობთ, ქონებას გაძლევთ და აწი მაცალეთ მშვიდად ვქექო ნაცარიო.

ზღაპარი იყო.. თუ არ იყო?

  • „ნახევარქათამა“ – გვასწავლის რომ ბოროტი ყოველთვის იმარჯვებს;
  • „ლომი და კურდღელი“ – ბოროტი ლომისგან თავის გადასარჩენად მხეცები ყოველ დღე თითო მხეცს თავად აძლევდნენ ლომს საჭმელად – ერთს წირავენ სხვების გადასარჩენად;
  • “დათვი და მელა“ – კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ღუპავს მატყუარა და ფლიდი ადამიანი უტვინო ბრბოს და საბოლოოდ ეშმაკობით იმარჯვებს მათზე;
  • „ჩიტი და მელია“ – ეს არის ზღაპარი, რომელიც არასოდეს არ უნდა მოუყვე ბავშვს. შემზარა იმის გაცნობიერებამ, რომ დედა ჩიტმა საკუთარი თავისა და შვილების გადასარჩენად სულ თითო-თითო შვილი შეაჭმევინა მელიას. თქვენ გინახავთ დედა, რომელიც ერთ შვილს გაიმეტებს მეორე შვილის გადასარჩენად? როგორ უნდა აარჩიო 3 შვილიდან რომელი დათმო?

ზღაპარი იყო.. თუ არ იყო?

ასე შეიძლება განვაგრძო გაუთავებლად. თუმცა, მე გადავწყვიტე, რომ სჯობს ჩემმა შვილებმა არ იკითხონ ასეთი ზღაპრები.  მირჩევნია, ისევ ძმები გრიმების ზღაპრები წაიკითხონ, სადაც ბოროტი დედინაცვლები ებრძვიან გერებს, სადაც მგელი ცდილობს წითელქუდა და მისი ბებია შეჭამოს, სადაც ბრემენელ მუსიკოსებს მეფის ჯარისკაცები და დეტექტივი ებრძვიან, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება.

ზღაპარი იყო.. თუ არ იყო?

ბავშვები გაიზრდებიან და ცხოვრებაში ბევრ ბოროტ ადამიანს და წინააღმდეგობას შეხვდებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ მოსიყვარულე დედ-მამა და მეგობრები, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ რომ შრომით, სწავლით და მონდომებით ადამიანი ბევრს მიაღწევს. ეს ზღაპრები მათ დაეხმარებათ გაიგონ მეტი ცხოვრებაზე.

ზღაპარი იყო.. თუ არ იყო?

და რას მისცემს მათ „ჩიტი და მელია“ ან „ნაცარქექია“ ან „დათვი და მელა“? შიშს, რომ დედამ შეიძლება შვილები გასწიროს? იმის ცოდნას, რომ მოხერხებულმა უსაქმურმა შეიძლება მეტს მიაღწიოს ცხოვრებაში, ვიდრე მშრომელმა ადამიანმა?  თუ, იმის ცოდნას, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად შეიძლება სხვა გაწირო?

ეს არის საკითხები, რომლებმაც დამაფიქრა..