კომუნიკაციის სპეციალისტებს გვაქვს ამის ძალაც და, ამავდროულად, პასუხისმგებლობაც, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მიმდინარეობაში.

კომუნიკაციის სპეციალისტებს გვაქვს ამის ძალაც და, ამავდროულად, პასუხისმგებლობაც, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მიმდინარეობაში.

ჯეპრას უმცროსი კონსულტანტი, სალომე ქვრივიშვილი 2024 წელს აფასებს. 

რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?

2024 წელს დავიწყეთ დუშენის კუნთოვანი დისტროფიის საინფორმაციო კამპანია — „მივცეთ ძალა“, რომელიც დაავადებული პაციენტების პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებასა და მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად. პროექტის მთავარი აქტივობები ჯერ კიდევ წინაა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გუნდის ძალისხმევით, გაიზარდება ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების ყურადღება დაავადებული პაციენტების მიმართ.

ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულადაც, რადგან მჯერა, რომ, „ჯეპრას“ გუნდთან ერთად, ჩემი მცირედი წვლილი შემაქვს პაციენტებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა?

პროფესიული თვალსაზრისით 2024 წელი ჩემთვის საინტერესო წელი აღმოჩნდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა გუნდში ჩემი როლი, რაც პირდაპირ აისახა ჩემი პასუხისმგებლობებისა და ამოცანების სირთულეზე. გავიზიარე სხვების გამოცდილება და თავადაც გავუზიარე სხვას. ვფიქრობ, ამ ყველაფერს თავი კარგად გავართი და პროექტების ასისტენტის პოზიციიდან, ახლა უკვე კონსულტანტის როლში ვაგრძელებ „ჯეპრას“ გუნდთან ერთად ჩვენი კლიენტების წარმატებისთვის მუშაობას.

რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?

ზოგადად, კომუნიკაციის სპეციალისტებს გვაქვს ამის ძალაც და, ამავდროულად, პასუხისმგებლობაც, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მიმდინარეობაში. ჩვენი სიტყვები, კამპანიები და ინიციატივები ხშირად განსაზღვრავს, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე.

2025 წელს, ვიმედოვნებ, გავაძლიერებთ მუშაობას იმ პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების სწორ ინფორმირებას, მეტი ჩართულობისკენ მოწოდებასა და ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას ემსახურება. ვფიქრობ, ამ გზით შევძლებთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით ქვეყნისთვის რეალური ცვლილებების მოტანას.