ჯეპრას პროექტების მენეჯერი, რუსუდან უსტიაშვილი 2024 წელს აფასებს.
რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?
2024 წელს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აქტიური მონაწილეობა საპროტესტო აქციებში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ეს არ იყო მხოლოდ პროექტი, არამედ მოქალაქეობრივი ვალდებულება. თითოეული პროტესტი, რომელშიც ჩემს კოლეგებთან ერთად ვმონაწილეობ, არის ჩვენი წვლილი დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მშენებლობაში. ეს გამოცდილება დამეხმარა უკეთ გამეაზრებინა კომუნიკაციის მნიშვნელობა საზოგადოებრივი ცვლილებების მიღწევაში.
როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა
ჩემი როლი ჯეპრას წარმატებაში ორი მიმართულებით ვითარდებოდა: პირველი – დიჯითალ მარკეტინგის მიმართულებით პროექტებზე მუშაობა, და მეორე – პიარსკოლის მენეჯმენტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ახალი თანამშრომლის მენტორობა და მისი ჩართვა პიარსკოლის საქმიანობაში. ეს არის ცოდნის გაზიარებისა და გუნდის გაძლიერების პროცესი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიის წარმატებას უზრუნველყოფს.
რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?
2025 წლისთვის ჩემი მთავარი მიზანია პიარსკოლის პროგრამის გაფართოება და მისი ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოება. მსურს, ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ არა მხოლოდ პროფესიონალები თავიანთ საქმეში, არამედ საზოგადოებრივი ცვლილებების აქტიური მონაწილეები. ვფიქრობ, რომ პროფესიული განათლების გაძლიერება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს.