ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნუცა სუბელიანი 2024 წელს აფასებს.
რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?
აღსანიშნავი პროექტია „სოციალური მედიის სახელმძღვანელოს შემუშავება ამერიკული სივრცეებისთვის“, რომელიც გამოირჩევა მულტიკულტურული აუდიტორიით, საერთაშორისო მოცვით და მიზნობრიობით. 600-ზე მეტი სივრცეა მსოფლიოს მასშტაბით და როგორც საგანმანათლებლო და თავშეყრის საშუალება, ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. თითოეული სივრცე, სადაც სახელმძღვანელოს გამოიყენებენ, ხელს უწყობს ადგილობრივ აუდიტორიასა და შეერთებულ შტატებს შორის ცოცხალი და ვირტუალური ურთიერთობების დამყარებას. ცხადია, ეს პროექტი ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებების დანერგვით, დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე მრავალ ქვეყანაში, და მათ შორის, საქართველოში. ვამაყობ, რომ ამაში მეც შევიტანე პატარა წვლილი.
2024 წლის შეჯამებისას გვერდს ვერ ავუვლი ქართულ ბიზნესს, ქართულ ბრენდებს, რომელთა ხმაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა დღევანდელ, ეგზისტენციალურ კრიზისში. რამდენიმე ვრცელ სტრატეგიულ დოკუმენტზე ვიმუშავე სხვადასხვა კომპანიასთან. ბრენდის ფილოსოფია, ხედვა, მისია, ფასეულობები – სწორედ ისაა, რითაც დღეს ბევრმა მათგანმა იხელმძღვანელა.
კითხვის მეორე ნაწილის საპასუხოდ: წლების გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ბიზნესში დიდი გამოწვევებია, როდესაც რიგი საკითხების გაწერასა და დეკლარირებაზე მიდგება საქმე. 2024 -ში, მაშინ როდესაც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის და ევროპული მისწრაფებების დანახვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, დავრწმუნდი, რომ ჩემი, როგორც კონსულტანტის ჭიდილი ამ გამოწვევებთან, თითოეულ პროექტში ღირებული იყო. ის ევროპული ფასეულობები, რაც წლების წინ ძალიან ახალგაზრდამ შევისისხლხორცე საერთაშორისო კონცერნში მუშაობისას, 2014 -დან საკონსულტაციო ბიზნესში დავაკონვერტირე, როგორც ევროპული სტანდარტების პაკეტი. ევროპული ღირებულებების ქართულ კომპანიებში დანერგვა, ჩემი მისწრაფება იყო და არის წლებია. 2024 -ის ბოლოს კი დავრწმუნდი, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩავდო ამ მიმართულებით – სადაც მეტი მაქვს დასამტკიცებელი, მეტად ვიბრძოლო, მეტად დავარწმუნო.
წლების განმავლობაში, ქვეყნის პოლიტიკური სურათიდან გამომდინარე, როცა რუსულ პროპაგანდას ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავდით (2024-ის ბოლო კი ამის კულმინაცია იყო), ისეთი სენსიტიური თემები, როგორიცაა თანასწორობა, გენდერის საკითხები, LGBTQ უფლებები, თითქოს ტაბუდადებული იყო (ცხადია, არა ყველასთვის). ქართული ბიზნესი ისე გაურბოდა და გაურბის ამგვარ საკითხებს, როგორც საარჩევნო კამპანიების დროს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი მოტივით -„ახლა ამის დრო არაა“, „ეს აქ გასაწერი არაა“. ჩვენ გვახსოვს ბიზნესის დუმილი 5 ივნისის, რუსული კანონის თუ 28 ნოემბრის მოვლენებზე, იმ ბიზნესების, ევროპულს რომ „აწვებიან“. ჰო, ევროპულ კურსზე თითქოს ხმამაღლა ვთანმხდებით (ბიზნესის არ იყოს, ევროპის დროშა ოცნებასაც ჰქონდა ამოფარებული ფარად), მაგრამ ამ კურსის შინაარსის დებულებებში დეკლარირებაზე ნაკლებად. მე კი ჯიუტად ვფოკუსირდები შინაარსზე და ამ შინაარსის „დეკლარირებაზე“ და აღსრულებაზე. მჯერა, რომ გაწერილ დოკუმენტს და აღსრულების გეგმას (რაც კორპორატიულ კულტურას აყალიბებს) მაინც აქვს გარკვეული ძალა, საკვანძო მომენტებში კომპანიები „აიძულოს“ ღირსებით იმოქმედონ (და არა მხოლოდ კომერციული მიზნებით). ამ ხედვის შესაბამისად მუშაობა ჩემი პროფესიული ვალია და კორპორატიული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც! აქვე ვიტყვი, Corporate citizenship / კოპორატიული მოქალაქეობა – ჩემი საყვარელი სიტყვათაწყობა და მიმართულებაა კომუნიკაციებში და ფაქტიურად ყველაფერს ალაგებს, რაზეც აქ ვსაუბრობ. ბიზნესის დიდი ნაწილის ქყეყნის სამსახურში დგომა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2024 წელი შევაფასო ღირსების, გამოფხიზლების, გარდატეხის წელიწადად, რომელიც ისტორიაში ჩაიწერება და გამარჯვებამდე მიგვიყვანს!
რომ შევაჯამო: ნებისმიერ პროექტში ვხელმძღვანელობ უმთავრესი ამოცანით, სტრატეგიულ დოკუმენტში ჩავდო პუნქტები, რაც პრაქტიკულად მომართავს კომპანიას, დადებითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. ვცადე, ამაზე ყოფილიყო მომართული 2024 წლის პროექტებიც. ისიც ვცადე, რომ ვისთანაც გადაკვეთა მქონდა, ყველა მდგარიყო საჭირო ადგილას საჭირო პოზიციით. საბოლოოდ, დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინება ემსახურება ბიზნესის მდგრად განვითარებას (მარტივად რომ ვთქვა, თუ ხარ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული კურსის მხარდამჭერი, ეს შენს ბიზნესსაც წაადგება, თუ შენი ბიზნესი არ არის თავისუფალი მავნე გავლენებისგან, რაღაც მომენტში კრიზისს შეეწირები), და ჩემი ვალია, ამაში დავარწმუნო კლიენტები. პროექტები, სადაც ამის საშუალება მეძლევა, განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევს, რადგან ვხედავ, როგორ შეუძლია ბიზნესს, გახდეს პროგრესული ცვლილებების კატალიზატორი, ცხადია, თუ ამგვარ, ფუნდამენტურ, სტრატეგიულ დოკუმენტებს აღასრულებს.
როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა
ჯეპრას წარმატებას თითოეული თანამშრომელი განსაზღვრავს, რომ არა გუნდურობა და ღირებულებებში თანხვედრა, წარმატების მიღწევა უფრო რთული იქნებოდა. არ ვარ პასიური შემსრულებელი – ბუნებით ვარ ლიდერი, რომელიც აქტიურად რეაგირებს საზოგადოებრივ გამოწვევებზე და ინიციატივებით გამოდის. კრიზისულ მომენტებში ვმოქმედებ შინაგანი რწმენით, არ ვუცდი ზემოდან იდეებს, თავად ვარ ინიციატორი, ვუკავშირდები დამფუძნებელს, დირექტორს, თუ საჭიროა, ვაინიცირებ თანამშრომლების შეკრებას, ვმართავთ დისკუსიებს და განვიხილავთ ჩვენს პოზიციებს, ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს ხედვას. ეს რომ არ გავაკეთო, ვერ მოვისვენებ, რადგან მინდა, რომ საჭირო დროს, საჭირო პოზიციით წარმოდგენილი ვიყო არა მხოლოდ მე, ან ცალკეული თანამშრომლები, არამედ ჩვენ, ჩვენი კომპანია! ყოველ ჯერზე ვრწმუნდები რომ ეს პროაქტიულობა აუცილებელია. კმაყოფილი ვარ, რომ მალევე ვახერხებთ ერთ აზრზე ჩამოყალიბებას. ეს მაძლევს ძალას, გარემოებებით გამოწვეულ კრიზისში არ „ჩამოვიშალო“, ვიარო სწორი გზით წელში გამართულმა, ვიყო სასარგებლო როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის. კლიენტებთან ურთიერთობაში, ვცდილობ გავცდე მხოლოდ კონტრაქტით გაწერილ პუნქტებს, ვთავაზობ, ერთად ვიმუშავოთ იმ ღირებულებების დასაცავად, რაც მათ სტრატეგიულ დოკუმენტებში, ბრენდ პლატფორმებში, მისიებსა და ფილოსოფიაში ჩავდეთ, და იცოდეთ, რომ ყველგან გავითვალისწინეთ ევროპული ფასეულობები.
რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?
მინდა, რომ მეტად გავფართოვდეთ საერთაშორისო ბაზარზე! ეს იქნება ის სასურველი ცვლილება, რაც შეიძლება წარმოვიდგინო დღეს, ასეთ ტურბულენტურ გარემოში. ჩვენი დაგროვილი გამოცდილება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, ქართულ თუ საერთაშორისო ბიზნესებთან, ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა, თუ ქვეყანა იზოლაციაში არ მოექცევა. ამ დიდი სურვილის კვალდაკვალ, ჩვენ, თითოეული თანამშრომელი, ვიბრძვით ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითრებისთვის, ბიზნესისა და ეკენომიკისთვის, ევრო-ატლანტიკურ კურსს ალტერნატივა არ აქვს.
უდიდესი სურვილი მაქვს, 2025-ში კიდევ უფრო მჭიდროდ დავუკავშირდეთ ევროპული ღირებულებების დანერგვას საქართველოში, საერთაშორისო ბაზარზე გაფართოვება კი ამაში დაგვეხმარება. ასეთი განვითარება, ცხადია ხელს შეგვიწყობს, გავხდეთ ცვლილებების რეალური აქტორები ჩვენს ქვეყანაში.