ჯეპრას მედია მენეჯერი ნინი მეტრეველი 2024 წელს აფასებს.
რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?
2024 უცნაური წელი გამოდგა. არ მეგონა, თუ პანდემიაზე მეტად, რამე შეაფერხებდა სამუშაო პროცესს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, თითქოს დრო ნელ-ნელა გაჩერდა. ამიტომ, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მიწევს 2024 წლის მხოლოდ პირველ ნახევარზე ვილაპარაკო, რადგან მეორე ნახევარი სრულად დაეთმო ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.
არადა, პირველი ნახევარი საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურებოდა. მაგალითად, USAID-ის დახმარებით აღმოვაჩინეთ, და სხვებსაც აღმოვაჩენინეთ, რომ აჭარაში საკმაოდ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს. ვითანამშრომლეთ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, თანაც, საკმაოდ ნაყოფიერად. სხვათა შორის, USAID-თან ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, მაგრამ „რუსულმა კანონმა“ და შემდეგ განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ბევრ კარგ საქმეს შეუშალა ხელი.
ტრადიციულად, ვიმუშავეთ ჩვენს უცხოელ, მათ შორის, ევროპელ პარტნიორებთან ერთად და იმედიც დავიტოვეთ, რომ ეს თანამშრომლობები 2025-შიც გაგრძელდება.
როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა
ალბათ, ჩემი როლი ვინმეს წარმატებაში იმან უნდა შეაფასოს, ვინც წარმატებას მიაღწია. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ თავის ქება გამოვა, რაც არ მჩვევია. მითუმეტეს, რომ გასულ წელს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმაზე ბევრად ნაკლების გაკეთება შევძელი, ვიდრე გეგმაში მქონდა.
რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?
სწორი ინფორმაციის გავრცელება, სწორი გეგმის დასახვაში დახმარება და ამ გეგმის სწორად შესრულებისკენ სწრაფვა – ნებისმიერ კლიენტსა თუ საზოგადოების წევრს ამ მიმართულებებში სიამოვნებით დავეხმარები. ვფიქრობ, ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი ევროპული მომავალია და, შესაბამისად, 2025 წლის მთავარი მიზანიც ზუსტად ამ სურვილის ასრულება უნდა იყოს. პროცესში უნდა ჩავერთოთ ყველა, და, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გავაკეთოთ მაქსიმუმი.