ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ელენე თაყაიშვილი 2024 წელს აფასებს.
ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელ პროექტებს შორისაა გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელიც საერთო დღესასწაულია როგორც მონაწილეებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია სერვიეს საინფორმაციო კამპანია – „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები”, რომლის ფარგლებშიც 2000-მდე მოქალაქემ უფასოდ ისარგებლა ჰიპერტენზიის სკრინინგით. მნიშვნელოვანი იყო გებრუდერვაისის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიება, სადაც გებრუდერვაისის პარტნიორებთან ერთად აღვნიშნეთ ლოჯისტიკური კომპანიის მორიგი გაფართოება. თუმცა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ თურქეთის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან თანამშრომლობას – კერძოდ, თურქეთის ფოლადის ექსპორტიორთა ასოციაციასა და ტრაბზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისში ჩატარდა ორი მასშტაბური B2B ფორუმი, სადაც დარგობრივი სპეციფიკის მიხედვით მოწვეული ქართული ბიზნესები დავაკავშირეთ თურქ პარტნიორებთან, რამაც ხელი შეუწყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გაჩენას.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე საუბარი რთულია, არსებობს გარკვეული უნარები, რაც ჯეპრაში წარმატებული მუშაობისთვის აუცილებელია. ვთვლი, რომ ყურადღება, დეტალებზე ორიენტირება, პრობლემების სწრაფი მოგვარება და კლიენტებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
2025 წელი, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რთული და გამოწვევებით სავსე იქნება როგორც ზოგადად ბიზნესისთვის, ისე ჩვენი სფეროსთვის. მსურს, ახლებური ხედვით შევაფასოთ საკუთარი თავი, საქმიანობა და პოტენციალი. მწამს, რომ ეს რთული პერიოდი პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ჩვენს კომპანიას, ისე სხვა სფეროებსა და მთლიანად ქვეყანას.