ბევრი რამ მომწონს, ბევრი რამ კი მაღიზიანებს იმ საოცრად თავისუფალ სოციალურ ქსელში, რომელსაც თითქმის ყველანი, ყოველდღიურად ვიყენებთ. Facebook-ი, ეს საკომუნიკაციო პლატფორმა გლობალიზაციის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, თუმცა ყველაზე მეტად უკონტროლო. აქ ვხედავთ ყველას და ყველაფერს, შესაბამისად, ეს პლატფორმა ვისთვის “დამაქცეველი” და ვისთვის “ამშენებელია”, რადგან პიროვნებების მიმართ გარკვეული დამოკიდებულებები გვიყალიბდება; ზოგი აქვე იღუპავს თავს, ზოგიც კი, სათანადოდ ახდენს საკუთარი პერსონის პოზიციონირებას და პოპულარიზაციას.
იმდენად მრავალფეროვანი და ცვალებადია facebook -ის მომხმარებელთა ქცევა, რომ გარკვეული ანალიზის ან პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ სადამდე მივალთ, რთულია, თუმცა ვეცდები ძალიან კონკრეტულს – დასაქმებულთა „ტუჩებს“ და მოსალოდნელ კორპორატიულ გაიდლაინებს შევეხო.
„ტუჩებდაპრუწული“ სელფები, ისევე როგორც
„გადაღლილი“
„ახალგაღვიძებული“
Feeling *** სელფები ერთგვარი ტრენდია არასწორ “self marketing” ში:) და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. ამ მიმართულების მიმდევრები, არც მეტი, არც ნაკლები, დემონსტრაციას ახდენენ თავიანთი ინტიმური, ან უცბად მიღებული მოწყენილი, მიძინებული, ახალგაღვიძებული, მოთენთილი, მიბნედილი სახეეების…ხშირად ეს ფოტოები რთულია გაარჩიო ერთმანეთისგან (გუშინწინ, გუშინ, დღეს მას სხვადასხვა რაკურსით აქვს გადაღებული ეს „გადაღლილი“ თუ „მოწყენილი“ ფოტო)…. ამ ფოტოებთან ნათლად ჩანს ფარისევლობაც-მიწერილი გულებით, აღფრთოვანებებით, ლაიქებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი არაეფექტური მიმართულებაა (ჩემი სუბიექტური ხედვით), რომელსაც აქვს არსებობის უფლება (ამ თავისუფალ სივრცეში ნება მათია), თუმცა ზოგადად, საკუთარი პერსონის მარკეტინგი, როგორც ასეთი, არის გამოწვევა, როგორც პიარ სპეციალისტებისთვის, მარკეტერებისთვის, პოლიტიკოსებისთის, ასევე უკვე კომპანიების დირექტორებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვის, ა.შ.
სოციალური ქსელის განვითარების პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გაუცნობიერებლად მომხმარებელიც ითხოვს ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენლის ცხოვრების შესწავლას, დაკვირვებას და მასთან დაახლოებას-ეს როგორც მარკეტინგული ტრენდი პერსონებს ხდის უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე აქამდე იყვნენ.
მოსალოდნელია, რომ საკუთარი პერსონის პოპულარიზაციისთვის ქმედებებმა მრავალმხრივ იცვალონ სახე, იმის მიხედვით, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგებიან იმ ამოუწურავი შესაძლებლობების სივრცეში, რაც 21- ე საუკუნის კომუნიკაციებშია…
როგორ შეიცვლება გემოვნება?
როგორი პერსონის მიმართ ექნება ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული ნდობა, პატივისცემა,სიყვარული?
როგორი პერსონა გახდება მათთვის მოსაბეზრებელი?
ეს რთულად პროგნოზირებადია, თუმცა ცხადია, ამ მიმართულებას მიენიჭება უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა: დაგეგმილი თუ უნებლიე “self marketing”-ი იმ კომპანიების იმიჯზე აისახება (უფრო და უფრო მეტად), სადაც ეს პირები იქნებიან დასაქმებულნი. ნებით, თუ უნებლიეთ, დასაქმებულთა სოციალური ქცევა გახდება ტოპ მენეჯერებისთვის ყურადღებამისაქცევი და გასათვალისწინებელი (ხშირ შემთხვევაში ხომ უკვე ხდება ასაყვანი კადრის, როგორც მომავალი თანამშრომლის სოციალური გვერდის შესწავლაც).
ამ პოსტის წერის დროს, ვეცადე არასუბიექტური მიგნებებიც წარმომედგინა; ბევრი ვერაფერი ვნახე, თუმცა წავაწყდი ერთ კვლევას, რომელიც მინეაპოლისში ჩატარდა: წევრობაზე დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „კორპორატიული შესაბამისობის და ეთიკის საზოგადოება“ (SCCE) კვლევა ჩაატარა იმის გამოსავლენად, თუ რამდენად არის გათვალისინებული კომპანიებში თანამშრომელთა ქცევის კონტროლი სოციალურ ქსელში; აღმოჩნდა რომ გამოკითხული კომპანიების 24 % გარკვეულ დისციპლინას იყენებს ამ მიმართულებით.
რაც შეეხება პოლისებს/გაიდლაინებს, აღმოჩნდა რომ 34% ზოგადი გაიდლაინებით ახდენს თანამშრომელთა არასამსახურეობრივ, ზოგადად, ონლაინ ქცევის კონტროლს, ხოლო 10% კომპანიებისა ამბობს, რომ სწორედ სოციალურ ქსელში თანამშრომელთა ქცევის ფორმირებისთვის სპეციალური რეგულაციებით და პოლიტიკით ხელმძღვანელობენ.
მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც (და ამას რამდენიმე კომპანიის გეგმის გათვალისწინებით ვამბობ), 2015 წელი გახდეს დიდი კორპორაციებისთვის ახალი გაიდლაინების დანერგვის წელი, როგორც ერთგვარი ტრენდი, რაგდან თითოეული თანამშრომლის სოციალური ქცევა პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება მათი ორგანიზაციის იმიჯს, წარმატებას, თუ წარუმატებლობას.
მე ჩემი ხედვა მოგაწოდეთ, თუმცა მივლენ თუ არა კომპანიები საქართველოში ამგვარი გაიდლაინების შექმნამდე, ამას დრო გვიჩვენებს… მანამდე კი უბრალოდ ეცადეთ, მოახდინოთ თქვენი თავის პოზიციონირება სათანადოდ, მითუმეტეს, თუ დასაქმებული ხართ კომპანიაში, რომლის იმიჯზეც თქვენი ქცევა აისახება.
და ბოლოს, ნაკლები „აი როგორ გავიღვიძე“ ფოტო! ბევრი ხალისიანი, მომღიმარი, ენერგიული, შინაარსიანი ფოტოს განთავსებას გირჩევთ…
შემდეგ პოსტამდე…