„თუ ყველაფერი რთულდება, ესე იგი სწორ გზაზე ხარ!“

„თუ ყველაფერი რთულდება, ესე იგი სწორ გზაზე ხარ!“

არსებობს ლეგენდები, ბალადები ან თუნდაც რეალური ფაქტები, იმის შესახებ თუ საიდან მოდის კომპანიის სახელი, როგორ იქმნება ის, რას ნიშნავს მის აბრევიატურაში მოცემული ასო-ბგერების კომპილაცია და ა.შ. თუ ეს ყველაფერი თავიდანვე არ იქნა ჩადებული და არ განისაზღვრა…ამბობენ, მას მომავალი არ  ექნება!

ბრენდის სახელი – ცნობადობის უმთავრესი საფუძველია. კომპანიის წარმატებაც სწორედ, უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის მისი სახელი ხასიათითა თუ მოთხოვნით დაკავშირებული თვითონ ბრენდთან ან მის მიერ წარმოებულ პროდუქტთან. სახელი ხომ პირველია, რასაც იმახსოვრებს მომხმარებელი და ძირითადად მასზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება შეძენასთან დაკავშირებით.

ამიტომაც ვიგონებთ, ვთხზავთ, ვალამაზებთ და …. საბოლოო ჯამში ვაღწევთ სასურველ ან უბრლოდ შესაბამის შედეგს.

თავს არ შეგაწყენთ მარკეტინგული ტერმინებით, უბრალოდ ეს ყველაფერი მე პირადად ადამიანის ცხოვრებას მაგონებს..  იგონებენ ჩვენთვის სახელს, გვასწავლიან, გვარიგებენ ჭკუას, გვისახავენ გეგმებს,  ერთი სიტყვით თხზავენ და გვილამაზებენ ცხოვრებას და გვისახავენ სასურველ მომავალს, მერე კი ჩვენ  ვარსებობთ ამ გალამაზებულში, ბოლოს კი  ვაღწევთ ან არ ვაღწევთ ან თუნდაც გვგონია, მივაღწიეთ იმ სასურველ და დასახულ მიზანს, რაც თავში ჩაიფიქრეს და შემდეგ ჩვენ თითქოსდა დავეხმარეთ მის განხორციელებაში….

რამდენად მომგებიანი და იღბლიანი სახელი მერგო, ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია თავის დროზე, კარგად დასამახსოვრებელი, გამოკვეთილი, მოდური და აქტუალური ნამდვილად იყო! ამასთან, მოიცავდა თუ არა მთელ რიგ მარკეტინგულ ამოცანებსა და ნათლად გამომხატველ  ბრენდის პოზიციონირებას, ამასაც ვერ გეტყვით!

სახელი „მაია“ ვერ ვიტყვი, რომ  ბრენდად ქცეულია საქართველოში, მაგრამ რამდენად გავამართლებდი და დავიმკვიდრებდი თავს გარკვეულ სეგმენტში, როცა დამარქვეს, ეგონათ, რომ ამის დრო ჯერ კიდევ წინ მქონდა…. და არც უფიქრიათ და მერე მეც არ მიფიქრია არასდროს!

მინდა ვაღიარო სახელში ჩადებული ინფორმაცია  არ შეესაბამება ჩემს ხასიათს, ვგულისხმობ უკვე არსებული ბრენდის ატრიბუტებს. დარწმუნებული ვიყავი მის ჩავარდნაში. ისე გავიდა წლები, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მე სწორედ იმ თაობას ვეკუთვნი, როცა სკოლის დამთავრებისთანავე მნიშვნელოვანი წარმატება – გამხდარიყავი სტუდენტი, ეს იყო! აი,  ეს კი, ის საუკეთესო მაგალითია,  როდესაც ერთჯერადმა წარმატებამ დღემდე მომიყვანა, რადგან „ჩემივე მომხმარებლის” ლოიალურობა მუდამ აღქმის ფაქტორზე იყო დამოკიდებული.

სამწუხაროდ, სახელი „მაია“ ახალ და განსხვევბულ ბრენდად ვერ ვაქციე! ამიტომ მოულოდნელად ნეიმინგი განვიცადე გავხდი „ტაკიტუკა“ (ამაზე ერთმა ნიჭიერმა მეგობარმა/ბრენდმენეჯერმა/ნათლიამ იზრუნა, თუმცა არც უფიქრია, რომ ასე აიტაცებდნენ, უფრო მეტიც, საკუთარ სახელს დაივიწყებდნენ და მაია „ტაკიტუკად“ იქცეოდა)

ფაქტია, ახალ სახელში ბრენდის ინდივიდუალურობა ნამდვილად შენარჩენულებულია: არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი პირადულზე, რადგან მგონია რომ ის მხოლოდ ჩემთვის არის საინტერესო და არ არის აუცილებელი ვინმე დავაინტერესო და მოვაწონო! მაგრამ მაინც ჩემს პირადულზე იმაზე მეტი იციან, ვიდრე მე… ერთი ჩვეულებრივი მიზეზის გამო: ყველაფერი ზედ მაცხია, სახეზე  მთელი განწყობა და ხასიათი მაწერია…. რაც ხშირ შემთხვევაში, „გამოტირებით“ სრულდება!

ბრენდის სტრატეგია: ვაკეთო ის საქმე, ყოველ შემთხვევაში ვეცადო მაინც, რაც მიყვარს და მესმის, თანაც ხარისხიანად! მაგრამ არის შემთხვევები, ვაკეთო ისიც, რაც არ მიყვარს, თუმცა მიზნის მისაღწევად აუცილებელია!

ბრენდის პოზიციონირება: არააგრესიული და არაკონფლიქტური კონკურენტებთან მიმართებაში. ეს პოზიციონირება ინდივუდუალობის ნაწილი გახდა. წარმოდგენილი ვარ თითქმის ყველა ივენთზე, ტურებსა და სემინარებზე. ეს ბრენდის უნიკალურობას და სასურველობას განსაზღვრავს. ასე გავხდი მიზნობრივ სეგმენტში სასურველი, აუცილებელი და საყვარელი „ტაკიტუკა“. და თუ ვინმეს არ უნდა ეს დაინახოს, ძალით ამის გაკეთებისთვის არ ვიბრძვი!

ბრენდის არქიტექტურა: მიმაჩნია, რომ  ბრენდის არქიტექტურის ჩამოყალიბება დაახლოებით 10 წლის წინ უკვე მოხდა, სახელის შეცვლაც ამან განაპირობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბრენდის შექმნის, ზრდის და განვითარებისათვის, როგორც მოკლევადიანი ეფექტის, ისე გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ვფიქრობ, მოკლევადიან ეფექტებს მივაღწიე, წინ გრძელვადიან ეფექტს ველი….

საკვანძო ფრაზები: ზოგჯერ, უნდა დაივიწყო რას გრძნობ და გაიხსენო რას იმსახურებ! შენარჩუნება/უკან დაბრუნება ღუპავს ბრენდს, სწორედ ეს ქცევა უკარგავს მას მიზნის მიღწევის უნარს! უნდა დაივიწყო და აღარ გაიხსენო, რადგან ვიდრე გაიხსენებ ვერ დაასრულებ! ჯანსაღი კონკურენცია მხოლოდ ჯანსაღ ბრენდებს შეუძლიათ! მე ვგრძნობ! მე ვფიქრობ! მე მიყვარს! მე მჯერა!

და ბოლოს, მჭირდება რებრენდინგი მთელი ამდენი წლის შემდეგ? შეგახსენებთ, რომ რებრენდინგის დროს რადიკალურად იცვლება: სახელი, ლოგო, იმიჯი, PR და სარეკლამო სტრატეგია….

მიმაჩნია, რომ არ მჭირდება იდენტურობის შეცვლა. ის დამახასიათებელია ჩემთვის და რითაც პოზიციონირება მოვიპოვე ჩემს გარემოში, სფეროსა და იმ მიზნობრივ სეგმენტში, რომელიც დღემდე მიყვარს!

ამბობენ, თუ ყველაფერი რთულდება, ესე იგი სწორ გზაზე ხარ! ამაზე მეტ გართულებას არც ველი – ესე იგი უსწორესი გზა ამირჩევია!