თანამედროვე წიგნები

თანამედროვე წიგნები

ფულზე გაცვლილი შემოქმედება

 

იმ დღეს, ჩემმა ერთმა მეგობარმა და კოლეგამ დაპოსტა ფეისბუქზე – რომელმა წიგნმა შეცვალა ცხოვრება და გასწავლათ რამე ღირებული, რომ მერე გამოგეყენებინოთო (ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ აზრი, რაც მე გავიგე და როგორც გავიგე, ეს იყო). ეს პოსტი სხვა მეგობარმა და კოლეგამ ბანალურადაც კი მიიჩნია, მაგრამ მაინც საინტერესოა ეს ყველაფერი. რა გვზრდის ჩვენ? ვუპასუხოთ ამ კითხვას: რა გვზრდის ჩვენ მშობლებისა და ცოლების გარდა? ასე ადვილად საპასუხოც არ არის…

ამ კითხვაზე პასუხის რამდენიმე სტერეოტიპული ქართული ვარიანტია:

  • თვითონ ვიზრდები
  • მეგობრები მზრდიან
  • კოლეგებისგან მიღებული გამოცდილება მზრდის
  • საქმეა პირველი გამზრდელი
  • წლები
  • მშობლებისგან დღემდე ვსწავლობ

აქედან, შეიძლება, რამდენიმე ან ყველაც მართალი იყოს და საერთოდ, პიროვნული ზრდისა და განვითარების საკითხი ძალიან ინდივიდუალური რამე მგონია მე. პირველ რიგში, ეს მაინც საკუთარ თავზე ზრუნვა და ყველა შესაძლო ინსტრუმენტის სისტემური გამოყენების მცდელობაა ადამიანის მხრიდან. ინსტრუმენტის, რომელიც ხელს შეუწყობს მას, აღმოაჩინოს ახალი, ახლებურად შეხედოს სამყაროს, მეტი გაიგოს და მეტი შეიძინოს.

ესეც საკმაოდ ბანალური პასაჟი გამოვიდა. როგორც ჩანს, პიროვნების ზრდა და განვითარება საკმაოდ ბანალური რამ ყოფილა…

მე კი, ერთ საშუალებაზე მინდა მოგიყვეთ, რომელსაც თავად ვიყენებ. ვიყენებ რა, ერთხელაც თავისით ‘შემომეყენა’ , როცა მივხვდი, რომ რაღაცეების სწავლა და ცხოვრებაში გამოყენება დავიწყე აქედან. საუბარია თანამედროვე სერიალებზე, უფრო ამერიკულებსა და ბრიტანულებზე. სერიალებზე, რომლებიც შემოიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრებიდან არსად აპირებენ წასვლას.

თანამედროვე წიგნები

ჰოდა, კაია სერიალების ყურება. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ პრობლემების მოგვარების საკითხს, რომელიც ყველა ასეთ სერიალში პათოლოგიურად მაღალ დონეზეა და დიდი მნიშვნელობითაა წარმოდგენილი. როგორ მეთოდურად და ორიგინალურად, ხანდახან ბანალურად და ხისტადაც უდგებიან ხოლმე გმირები აბსოლუტურად სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარებას და როგორ გამოდიან ხოლმე გამარჯვებულები ამ პატარა ბრძოლებში. როგორ მუდმივად უწევთ სულ ახალ-ახალი პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა.

დიახაც! ასეთია თანამედროვე ყოფა. წუწუნს, სხვაზე გადაბრალებას, ბედით უკმაყოფილებას უნდა მოვეშვათ და თანმიმდევრულად გადავწყვიტოთ ჩვენი პრობლემები, სანამ ახლების მოგვარების დრო მოვა!

(დარბაზში ისმის მქუხარე ტაში)