შვაინშტაიგერი, 15 წლის ბიჭი, ქანთარია და ორჯერ დაჩოქილი საქართველო

შვაინშტაიგერი, 15 წლის ბიჭი, ქანთარია და ორჯერ დაჩოქილი საქართველო

შვაინშტაიგერი, 15 წლის ბიჭი, ქანთარია და ორჯერ დაჩოქილი საქართველო

29 მარტი. 2015 წელი. საქართველო-გერმანია. 0-2.

1995 წლიდან, როდესაც პირველად ჩამოვიდა გერმანიის ნაკრები საქართველოში და 0-2 მოგვიგო, დღემდე ასეთი მაღალი დონის ფეხბურთი ცოცხლად პირველად ვნახე. ჩემდა სამწუხაროდ ფეხბურთის ზეიმი იყო ბორის პაიჭაძეზე. სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ეს ზეიმი გერმანული რეჟისურით ჩატარდა. პირველად არ წაგვიგია, არც ბოლოჯერ. ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, მათ შორის წაგებებსაც. და ჩვენც შევეჩვიეთ. დამარცხება ტრადიციად გვექცა. ამას თავისი მიზეზები აქვს, სუბიექტურიც და ობიექტურიც. არ ვაპირებ ამ მიზეზებზე საუბარს, მითუმეტეს სრულყოფილად არ გამომივა და ჩვენი საფეხბურთო თვალსაზრისით (და არა მარტო) წარუმატებლობის ამოუხსნელ ფენომენს, მე ვერ ამოვხსნი.

გერმანიის ნაკრების ეს სტუმრობა, გამორიჩეული იყო იმით, რომ ქართველმა გემრანელს დაუჩოქა! მივიდა და თაყვანი სცა მას. და განუდგა მას ერი. საკუთარ თავზე მივიღეთ და ჩავთვალეთ, რომ თავად დავიჩოქეთ. მიუღებელი აღმოჩნდა გერმანელის ფეხებთან მიახლოებული თანამოძმე. გამოვაჭენეთ ეს ბიჭი და არ დავიშურეთ ლანძღვა, გინება, საყვედური, დაცინვა. როგორც გვჩვევია ხოლმე, დავინახავთ თუ არა ფეხდაცდენილს და გადავთელავთ, სანამ არ დაეცემა. მერე წამოვაყენებთ, ვიღაცას შეებრალება და ვითომც არაფერი დაველოდებით ახალ ფეხდაცდენილს, რომ ისევ გადავუაროთ, ვაგინოთ, ვლანძღოთ, განვიკითხოთ, დავიცალოთ. რამდენი მაგალითი გვქონია ჩვენი, ასეთი დაუნდობლობის, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე არასრულწლოვან მოზარდთან გვაქვს, რომელიც ჯერ ზრდის და ჩამოყალიბების პროცესშია, ეხლა უნდა მოფრთხილება, ხელის წაშველება. ჩვენ კი გადავთელეთ.

არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელიც ამ მატჩში საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ელოდა. ყველამ კარგად იცოდა რაც გველოდა. ამიტომაც იყო სტადიონზე ქართველი ფეხბურთელების მიმართ” კეთილგანწყობა”, ტაში. თორემ კარგად მახსოვს ის მატჩებიც, როდესაც იმედიანად წავსულვართ სტადიონზე. წაგვიგია და შავ დღეში ჩაგვიგდია ჩვენი ფეხბურთელები. მეც მიგინებია. გავმწარებულვარ. ძნელია როცა იმედი გაქვს და ეს იმედი გიცრუვდება.

ეს თამაში კი ასეთების რიგს არ განეკუთვნებოდა, წყნარად მშვიდად მივიღეთ მარცხი მსოფლიო ჩემპიონებისგან. იმ ფეხბურთელებისგან, რომლებმაც ბრაზილიის ნაკრები მუნდიალზე გაანადგურა. სხვათა შორის, მე პირადად მხოლოდ ამიტომ ვცემ პატივს გერმანიის ნაკრებს. რა ვქნა არ მიყვარს ბრაზილიის ნაკრები. ისევ 15 წლის ბიჭზე. მაინც მოვახერხეთ იმდენი, რომ ეს რიგითი განწირული მატჩი, მაინც ვაქციეთ ეროვნულ სასამართლოდ. განაჩენი უმოწყალოა. ადამიანს, რომელმაც შეიძლება ერთადერთი შანსი გამოიყენა და თავისი ოცნება აისრულა, შეეხო თავის კუმირს, ბუცზე შეეხო, შესაძლოა იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მივაყენეთ, რომ მთელი ცხოვრება ვერ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.

ძალიან ადვილად გავწირეთ ყველა თაობამ. თანატოლებმა, ახალგაზრდებმა, ასაკში შესულებმა და მოხუცებმაც კი. არავინ არ ვიფიქრეთ ამ ბიჭზე, ვფიქრობდით შელახულ ღირსებაზე. არადა ჩემი აზრით არ დაჩოქილა. უბრალოდ დაიხარა და ბუცზე შეეხო. ვინც ერკვევა ფეხბურთში და რამდენიმე თამაში მაინც უხილავს, ყველა მიხვდება თუ რას ნიშნავს ბუცზე შეხება. ეს არის პატივისცემის გამოხატვა, სიყვარულის გამოხატულებაცაა ერთგვარი. ბიჭმა ოცნება აისრულა, ჩვენ კი 10 წუთიც არ ვაცადეთ, რომ ბოლომდე გაეთვიცნობერებინა ეს, დაუყოვნებლივ ჩავუსვარეთ ამ ოცნებაში და შეიძლება მომავალშიც. კარგად ვიცი ქართველების ბუნება. მთელი ცხოვრება გაუხსენებენ, სადაც არ უნდა მივიდეს ყველგან წინ დახვდება და თითით საჩვენებელი გახდება.

არადა 15 წლისაა და ეგონა ოცნებას ისრულებდა, ვერ გააანალიზა რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ამ საქციელს, ვერ გათვალა, რომ ბუცზე ხელის შეხებას დაჩოქებად ჩაუთვლიდნენ და ერი, რომელიც ვერ დააჩოქა პომპეუსმა, მურვან ყრუმ, თემურ ლენგმა, შაჰ-აბასმა, დიდმა რუსეთმა, ამას არ აპატიებდა.

საინტერესო ის არის, რომ უშუალოდ მატჩის დროს მოედანზე, “მეორე”ქართველი ბიჭი, გადახტა და “პირველი” ქართველის ჯიბრზე, ქართველი ფეხბურთელის წინ აღმოჩნდა დაჩოქილი. ბუცზეც აკოცა. რა ჰქონდა ჩაფიქრებული არ ვიცი, რისი თქმა უნდოდა ამით, უფრო სწორედ ვხვდები მაგრამ არ დავწერ. მე პირადად ეს საქციელი ისევ იმ “პირველი” ქართველის გადათელვად აღვიქვი. მას დასცინა. მისი წარუმატებლობით ისარგებლა და მთელი სტადიონის თვალწინ წარსდგა როგორც გმირი. მარტივად მოიპოვა ეს სტატუსი, მოედანზე გადახტომით. ჩვენ კი ტაში დავუკარით. ყოჩაღ ძმაო. აი ვაჟკაცი. ფეხზე წამოაყენა დაჩოქილი საქართველო, ლაფი ჩამოგვრეცხა. იხუვლა სტადიონმა.

ჩემთვის პირადად, როგორც ერთი რიგითი ადამიანისთვის, შეგნებულად ვწერ რიგით ადამიანს და არა რიგით ქართველს, რადგან მიმაჩნია, რომ არავისზე მეტი ღირსება ჩვენ არ გვაქვს და ზოგადად არ ვართ კაცობრიობის საწყისი, მიუღებელია დაჩოქება და აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვის დავუჩოქებ, ქართველს თუ გერმანელს. დაჩოქება დაჩოქებაა და მითუმეტეს არ დავუჩოქებ ქართველ ფეხბურთელს (ამ შემთხვევაში ჯაბა კანკავასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით მიმაჩნია, რომ ერთადერთია ვინც ბოლომდე იბრძვის), რომელიც ჩემთვის როგორც გულშემატკივრისთვის 20 წელია ვერაფერს აკეთებს.

ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, იმ 15 წლის ბიჭსაც და იმ მეორესაც ფეხზე რომ წამოგვაყენა და ღირსება აღგვიდგინა. ერთმაც და მეორემაც ის გააკეთეს რაც უნდოდათ, ასე ჩათვალეს საჭიროდ და ორივემ შეასრულა. სხვებმაც შეასრულეს, სხვებიც ხომ გადახტნენ, ზოგი ვის ეხუტებოდა ზოგი ვის. ეს ჩახუტებაც და დაჩოქებაც გავაბანძეთ და ფასი დავუკარგეთ. ალბათ სანქციებსაც დაგვიწესებენ. ჩვენს გამო, ქართველი გულშემატკივრების გამო.

რეალურად კი საქმე ისაა, რომ ჩვენ არც ფეხბურთის თამაში ვიცით (ყოველ შემთხვევაში ისტორიის ამ ეტაპზე) და არც გულშემატკივრობა. ფეხბურთის გულშემატკივრობა არ ვიცით. საიდან უნდა ვიცოდეთ 20 წელია არც გვითამაშია ფეხბურთი. იმიტომაც მივიღეთ 15 წლის ბიჭის საქციელი, როგორც გერმანელის და ქართველის ინციდენტი. ქვეყანასთან გავაიგივეთ, დაჩოქილი საქართველო დავინახეთ. იმედია ვცდები. და ყველაზე საინტერესო. პირველი ვინ გაგვახსენდა? ქანთარია. წითელ არმიელი მეომარი, რომელმაც რაიხსტაგზე წითელი დროშა ააფრიალა.

დიახ, ქართველებმა დავამარცხეთ ჰიტლერი, ერთი ქანთარია იყო, მეორე სტალინი. არ გვეკადრება დაჩოქება გერმანელთან. ბოლოს რა გამოვიდა, გერმანელსაც დავუჩოქეთ, ქართველსაც და წავაგეთ კიდეც. მაგრამ დავიცალეთ, ერთი გადავთელეთ, მეორე გმირად ვაქციეთ და გამოგვრჩა მთავარი.

ისევ წავაგეთ და იმასაც ვერ ვხვდებით რომ მოგების შემთხვევაშიც წაგებულები ვრჩებოდით, ორჯერ დაგვაჩოქეს.

და ბოლოს ამდენი იმიტომ ვწერე და ვიბოდიალე, იმიტომ დავხარჯე ჩემი ძვირფასი დრო, რომ გითხრათ: ფეხბურთი სანახაობაა, სპორტია, ყველასია, აქ შეიძლება გერმანელიც გიყვარდეს, იტალიელიც, ესპანელიც. ეს ომი არაა, აქ არ წყდება ქართველობის ბედი. არც არავინ გვართმევს ამ ქართველობას და არც ღირსებას გვილახავენ. უბრალოდ, არ იყო საჭირო ამხელა ამბის ატეხვა და 15 წლის ბიჭის გასამართლება.