როგორი იყო 2022 წელი – თინათინი & ელენე

როგორი იყო 2022 წელი – თინათინი & ელენე

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი და ჯეპრას უმცროსი კონსულტანტი ელენე თაყაიშვილი 2022 წელს აფასებენ.

როგორი წელი გქონდა პროფესიულად, როგორ განვითარდი, რა ისწავლე ახალი და რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?

თინათინი: საკმაოდ დატვირთული წელი მქონდა. ვმართე ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, მათ შორის ანტიკრიზისული კამპანიები, ადვოკატირების კამპანიები. მქონდა მეტი შესაძლებლობა,  კონსულტაციები გამეწია მსხვილი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რაც რა თქმა უნდა, პროფესიულ ზრდაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ელენე: აქტიური და ხმაურიანი წელი იყო, ბევრი საინტერესო და რაც მთავარია ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტები ვმართეთ, ღონისძიებები, ანტიკრიზისული კამპანიები, ადვოკატირების კამპანიები, B2B შეხვედრები და სხვა. ამ წელს მეტად თავდაჯერებული გავხდი, რაც აისახა ჩემ ყოველდღიურობაზე.

როგორ შემაფასებ მე როგორც კოლეგას, რა ისწავლე წელს ჩემგან, რა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარე

თინათინი: ის რომ ერთდროულად ბევრ, ზოგჯერ 5 და მეტ პროექტზე პასუხისმგებლობის აღება შემიძლია, შენი დიდი დამსახურებაც არის. გამიმართლა, რომ გვერდით მყავს შენნაირი ოპერატიული, ნიჭიერი, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის განსაკუთრებით მაღალი გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი 😊  ჩვენი ტიპის სააგენტოში ძალიან გაუჭირდება ადამიანს, თუკი არ შეუძლია მრავალფუნქციურობა. დასაფასებელია, რომ შეგიძლია სხარტი აზროვნება, სიახლეების მიღება და სწრაფი ადაპტაცია, კრიზისულ სიტუაციებში სწორი გამოსავლების პოვნა, პროექტის მართვა, დროის სწორი მენეჯმენტი.

მეხმარები ყველაფერში. მშვიდად ვარ, თუკი ჩემს პროექტში ხარ. ვიცი, ვიდრე გეტყვი, იქამდე დაწერილი, დარეკილი, გადაგზავნილი, დაბეჭდილი და შესრულებული გექნება. შენგან ალბათ ამ ოპერატიულობას ვსწავლობ. თუკი დედლაინი ზეგ არის, შენ გირჩევნია დღეს გააკეთო, რაც ჩემს ხასიათში ნაკლებად ზის.

ელენე: შენგან ყოველდღიურად ვსწავლობ იმას, რომ სწორი მიდგომით, სიმშვიდის შენარჩუნებით, იდეალიზმისკენ სწრაფვით, კლიენტის კმაყოფილებასა და დეტალებზე ორიენტირებულობით შესაძლებელია დროულად და თან საუკეთესოდ საქმის კეთება, მუდმივად ვსწავლობ იმას, რომ მხოლოდ სისწრაფე არაა გამოსავალი – თან ძალიან ხარისხიანად უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, იმას, რომ უმნიშვნელო დეტალების დაიგნორებაც კი ყველაზე ცუდი პრაქტიკაა.
ფაქტი, რომ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ეგეც დიდი უპირატესობაა მუშაობის დროს, მუდმივად ვეხმარებით ერთმანეთს, ბალანსი შევინარჩუნოთ პირად ცხოვრებასა და საქმეს შორის.

წელს რისი მიღწევა შევძელით ერთად, რა დაგვეხმარა ამაში?

თინათინ: ძალიან დატვირთული წელი გვქონდა, ბევრ პროექტზე მოგვიწია პარალელურ რეჟიმში მუშაობა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა, შეინარჩუნო გუნდის კმაყოფილება და ამავდროულად, დამკვეთის მოლოდინებიც გაამართლო, ამიტომ ნამდვილად დიდ მიღწევად მიმაჩნია ის ჰარმონია, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან და გუნდის სხვა წევრებთან გვაქვს. ეს გვეხმარება, რომ გავზარდოთ კონტრაქტების რაოდენობა და გავახანგრძლივოთ თანამშრომლობები.

ელენე:  წელს შევძელით, რომ სხვადასხვა დაავადებებზე ადვოკატირების კამპანიებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გამოგვეწვია სამიზნე აუდიტორიებისგან, რამაც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა დასახულ მიზნებთან, წარმატებით ვუმასპინძლეთ ყაზახურ დელეგაციას საქართველოში, რითიც კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ორ ქვეყანას შორის მეტად დაახლოების პროცესში, ოპერატიულად ვმართეთ კრიზისული კამპანიები და კარგად ვიარეთ „ბეწვის ხიდზე“😊), საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მართვაში ონკოლოგებთან, პაციენტებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად მნიშვნელოვანი ხარვეზები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები გამოვყავით, რომელზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

რომელ პროექტს გამოვყოფთ, წელს, რითი იყო გამორჩეული და რა მომცა (მაგალითად პროექტი რომელმაც ადამიანების ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ)

თინათინი: წელს ძალიან მნიშნელოვანი კამპანია დავიწყეთ, რაც უკავშირდება ონკოპაციენტებისთვის სრულფასოვან და უწყვეტ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის შექმნას. ამ პროექტის სისრულეში მოყვანა, ძალიან ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს, ბევრს კი სიცოცხლის ხარისხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს. ამიტომ ნამდვილად საამაყოა, რომ ასეთი მნიშვნელობის საქმეში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2023 წელს პირველი შედეგებიც დადგება.

ელენე:  ვეთანხმები თიკოს, ყველა პროექტი თავის მხრივ დასამახსოვრებელი და საინტერესოა, თუმცა, თემა, რომელიც ფართო საზოგადოებას და ყველაზე მნიშვნელოვანს – სიცოცხლეს ეხება, ყოველთვის ყველაზე პრიორიტეტული და გამორჩეულია.

რას ფიქრობ, როგორ შეიძლება ჩვენი მუშაობა გაუმჯობესდეს, და როგორ უნდა გავხდეთ მაქსიმალურად პროდუქტიულები?

თინათინი: ამისთვის საჭიროა ბევრი ვიმოგზაუროთ და არასამუშაო დღეებში სამსახურისგან დავისვენოთ.  ღამის 2 საათზე საქმეზე საუბარს წელს მოვეშვათ 😀

ელენე: უკეთესად უნდა ვისწავლოთ საქმის და პირადი ცხოვრების გამიჯვნა, არ უნდა ავურიოთ ეს ორი ამბავი ერთმანეთს, როცა ვისვენებთ, უნდა დავისვენოთ და მუდმივად საქმეზე არ ვიფიქროთ. ჩვენ გარკვეულწილად ამისთვისაც ვართ, რომ ერთმანეთს არამარტო საქმეში, არამედ დასვენებაშიც დავეხმაროთ😊

რა არის ჩვენი გუნდის მთავარი წარმატების ფორმულა? 

თინათინი: ის რომ ორივე მაქსიმალისტები და იდეალისტები ვართ  და არ გვიწევს ერთმანეთისთვის ახსნა, რატომ არის საჭირო იქამდე დაამუშაო დავალება, ვიდრე თავად ძალიან არ მოგეწონება.

ელენე: ის, რომ ვიცნობთ ერთმანეთს კარგად და შეგვიძლია ერთმანეთის ადამიანური ფაქტორებიც გავითვალისწინოთ, ის, რომ საუკეთესოდ გაკეთებული საქმე ორივეს სიამოვნებას გვანიჭებს.

რას მისურვებ პროფესიულად 2023 წელს? 

თინათინი:  წინსვლას, კიდევ მეტ თავდაჯერებას და ფინანსურად მომგებიან პროექტებს😊

ელენე:  გისურვებ, რომ შენი თავით, გუნდით და ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობით ყოველთვის კმაყოფილი იყო და რა თქმა უნდა ბევრ საინტერესო პროექტს <3