როგორი იყო 2022 წელი – სოსო & ანასტასია

როგორი იყო 2022 წელი – სოსო & ანასტასია

სოსო გალუმაშვილი ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და დიზაინერი ანასტასია ლაევი 2022 წელს აფასებენ. 

როგორი წელი გვქონდა პროფესიულად, როგორ განვითარდი, რა ისწავლე ახალი და რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?

სოსო: შენ ჯერ კიდევ არ იყავი ჩვენთან, როცა ორ წლიანი პანდემიური აურზაურის შემდეგ, ზუსტად ერთი წლის წინ, სტრატეგიულ შეხვედრაზე ახალი გეგმები დავსახეთ.  ჩვენი პროგნოზები ოპტიმისტური იყო. თუმცა, უკრაინაში რუსეთის ბარბაროსულმა ომმა ყველაფერი შეცვალა. 24 თებერვლის შემდეგ ბევრი რამის ხელახლა გააზრება და გადაჯგუფება მოგვიწია. ბევრს ვფიქრობდით, ბევრს ვმსჯელობდით, ბევრ რამეზე უარიც კი ვთქვით. თუმცა, შევძელით  პრობლემები ერთობლივად დაგვეძლია და დღევანდელი გადასახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯეპრას 20-წლიანი ისტორიის ურთულესი და უმძიმესი მონაკვეთის უმეტეს გამოწვევებს თავი გავართვით. მათ შორის, ისეთებს, რომლის გადაჭრის გამოცდილებაც აქამდე არ გვქონდა.

ალბათ კითხვა გაგიჩნდება, კმაყოფილი ვარ თუ არა მიღწეული შედეგებით? თან კი და თან არა. კმაყოფილი ვარ, რადგან მართლაც ბევრი რამ გავაკეთეთ და ბევრი საინტერესო პროექტის გაძღოლა შევძელით, მაგრამ უკმაყოფილო ვარ, რომ გარკვეული სამიზნე მაჩვენებლების ვადაში გადაწევა მომიწია. არადა, გზაგასაყარზე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით ყოველი დღე, ბევრ რამეს წყვეტს.

ანასტასია: ჯეპრაში ჩემი პირველი წელი მაისში შესრულდება. ეს წელი საინტერესო იყო შევიძინე ახალი მეგობრები და კოლეგები. ჩემს პორტფოლიოს მიემატა ბევრი გამორჩეული პროექტი.

როგორ შემაფასებ მე როგორც კოლეგას, რა ისწავლე ჩემგან, რა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარე?

სოსო: ჯეპრას მიმდინარე პროექტებში ჩემი უშუალო მონაწილეობა სხვა უფროს კონსულტანტებთან შედარებით, მოკრძალებულია. ჩემი ჩართულობა უფრო სპეციფიკურ, პრობლემურ და კომპლექსურ საკითხებზეა ხოლმე საჭირო. აქედან გამომდინარე, შენთან როგორც დიზაინერთან და თან ახალბედა თანამშრომელთან ურთიერთობა პირველ ეტაპზე არ მქონია. თუმცა, რამდენიმე პროექტში, სადაც ჩვენი პარტნიორობა შედგა, არ დაგიმალავ, სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი, როგორც შენი მიდგომით, ასევე შენი დამოკიდებულებით საქმისადმი. ყველაზე მეტად კი ის მომეწონა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შენ აქტიურად მონაწილეობდი და საკითხების გადაწყვეტის საკუთარ ვერსიებს გვთავაზობდი, რომელზეც ასევე ხშირად გეთანხმებოდი. მიხარია, რომ მცირე დროში ურთიერთნდობა ჩამოგვიყალიბდა.

ანასტასია: ხშირი შეხება არ გვქონია პროექტებზე, მაგრამ იყო რამდენიმე პროექტი, სადაც ერთად ვმუშაობდით. როცა ერთ პროექტზე ვმუშაობთ ყოველთვის ითვალისწინებ ჩემს აზრს რაც ძალიან სასიამოვნოა. ასევე არ გავიწყდება შექება, რაც მოტივაციას მმატებს.

წელს რისი მიღწევა შევძელით ერთად. რა დაგეხმარა ამაში?

სოსო: არასოდეს დამავიწყდება 2022 წლის 13 ოქტომბერი. ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საქმიანობისა და კონკრეტული აქტივობების თანმიმდევრობა დეტალურად მქონდა გაწერილი. ვიცოდი, რომ ნებისმიერი მცირე გადახრა, ნესბიმიერი წანაცვლება თვეებით ნალოლიავები პროექტის ფინალურ შედეგზე იმოქმედებდა.

მერფის კანონი ჩემ წინააღმდეგ განსაკუთრებული ხაზგასმით მოქმედებს ხოლმე. აღმოჩნდა, რომ სტატისტიკური შედეგები, რაც ჩვენ კოლეგებს უნდა მოეწოდებინათ შუადღეს, გვიან საღამოს გადმოგვცეს. 20 საათზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი იწყებოდა. შენ 18 საათსა და 20 წუთზე დაგირეკე და დახმარება გთხოვე. არცკი დაფიქრებულხარ, წუთებში დატოვე სავარჯიშო დარბაზი და ჯეპრაში გამოქანდი. 19 საათსა და 24 წუთზე ყველაფერი დასრულებული იყო.

შენი და ჯეპრას მთელი გუნდის თავდადებული შრომის შედეგად, საზეიმო ცერემონიალმა უხარვეზოდ ჩაიარა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან თანამშრომლობით შექმნილი საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine Judging in Georgia ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კონკურსად აღიარა საქართველოს ღვინის საზოგადოებამ და IWSC-ის ლონდონის სათავო ოფისმა. არცაა გასაკვირი, რომ ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ მომავალ წელსაც გადაწყვიტა ამ კონკურსის საქართველოში ჩატარება.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა ერთად ვმუშაობთ და ერთი ფუთი მარილი ერთად ჯერ არ გვიჭამია (რას მოვასწრებდით?!), ჩვენ მეგობრობას ძალიან დიდი საფუძველი ჩავუყარეთ.

ანასტასია: ჩავატარეთ საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine Judging in Georgia სადაც მთელი გუნდის სწორი კომუნიკაციის შედეგად მივიღეთ კარგი შედეგი და ეს კონკურსი ჩატარდა ძალიან კარგად.

რომელ პროექტს გამოვყოფ წელს? რითი იყო გამორჩეული და რა მომცა?

სოსო: ჯეპრაში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად, პროექტების კატეგორიზაციას და კლიენტების რანჟირებას ე.წ. მნიშვნელობის მიხედვით არ ვახდენთ. ამ კუთხით გამიჭირდება, რომელიმეზე აქცენტირება. თუმცა, მაინც გამოვყოფდი ზოგიერთს – იმ პროექტებს გამოვარჩევდი, რომელიც საბოლოო ჯამში არ შედგა. ყველაზე მეტი გამოცდილება და ყველაზე მეტი მასალა საფიქრალ-გასააზრებლად სწორად იქიდან მივიღე.

ანასტასია: ჩემი მოსვლიდან დღემდე იყო პროექტი რომელსაც გამოვარჩევდი სხვებისგან და ეს პროექტი იყო IWSC Wine Judging in Georgia. დრო არც თუ ისე ბევრი გვქონდა, მაგრამ ყველამ კარგად გავართვით სირთულეებს თავი. ჩემთვის კიდევ იმიტომ იყო ეს პროექტი, რადგან პროექტთან ასეთი ახლო შეხება მქონდა პირველად რამაც შემძინა ახალი გამოცდილება. საბოლოოდ ძაან კარგად ჩაიარა და ყველა კმაყოფილი იყო.

რას ფიქრობ, როგორ შეიძლება ჩვენი მუშაობა გაუმჯობესდეს, და როგორ უნდა გავხდეთ მაქსიმალურად პროდუქტიულები?

სოსო: ამისთვის 3 რამ უნდა გავაკეთოთ:

მუდმივად უნდა ვგრძნობდეთ ბაზრის მოთხოვნებს და მომხმარებლის პულსს;

კლიენტების ამოცანების ვექტორის ცვლილების სწორი პროგნოზი უნდა შევძლოთ;

კომპეტენციის მოდელი, მარკეტინგული პოლიტიკები და პროცესების ავტომატიზაცია პროგნოზირებული ცვლილების შედეგებს უნდა მოვარგოთ.

ანასტასია: ჩვენი მუშაობა, რომ გაუმჯობესდეს მუდმივად უნდა ვვითარდებოდეთ, პროდუქტიულები რომ ვიყოთ კი მუშაობას დასვენება უნდა შევუთავსოთ.

რა არის ჩვენი გუნდის მთავარი წარმატების ფორმულა?

სოსო: მოკლედ გეტყვი: თავად გუნდი!

ანასტასია: იმაშია, რომ ვართ შედეგზე ორიენტირებულები.