როგორი იყო 2022 წელი – სალომე & თეონა

როგორი იყო 2022 წელი – სალომე & თეონა

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თეონა ხმელევსკი და პროექტების ასისტენტი სალომე ქვრივიშვილი 2022 წელს აფასებენ. 

როგორი წელი გქონდა პროფესიულად, როგორ განვითარდი, რა ისწავლე ახალი და რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?

თეონა: საკმაოდ დატვირთული წელი იყო, ვისწავლე პროექტების აქტიური მართვა, უკვე ორი ბავშვის „მენეჯმენტის“ პარალელურად. შესაბამისად, მომიწია დროისა და პრიორიტეტების გადახედვა, რასაც ამ დრომდე ვსწავლობ და ეს პროცესი ჯერ არ დამისრულებია😊 ზოგადად, წლებთან ერთად ვხვდები, რომ დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი რაც შეიძლება გქონდეს და მისი სწორი გადანაწილება, საქმეების პრიორიტეტების მიხედვით დახარისხება, ისე რომ არავის და არაფერს არ მოაკლდეს ყურადღება, ჩემი ყოველდღიურობის ძირითადი გამოწვევაა.

სალომე: 2022 წელი ჩემთვის გამორჩეული იყო პროექტებით, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ყოველი ასეთი პროექტი მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე და მეტი შევძლო. ამიტომ ვიტყოდი, გასულ წელს უფრო მეტად შემიყვარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებთ.

შეხება მქონდა ისეთი სპეციფიკის პროექტებთანაც, რომელიც ამ დრომდე უცხო იყო ჩემთვის, რაც ახალი გამოცდილებების მიღებაში დამეხმარა.

როგორ შემაფასებ მე, როგორც კოლეგას, რა ისწავლე წელს ჩემგან, რა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარე?

თეონა: ზოგადად, პროექტში ამოცანების სწორად გადანაწილება და დელეგირება გუნდის წევრებს შორის, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გადამწყვეტი მნიშვნელობა ყოველთვის აქვს გუნდის წევრების ჩართულობას, მათი პასუხისმგებლობის გრძნობას, რომ ყველაფერი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდეს. შენ შემთხვევაში მნიშვნელოვანი დასაყრდენი აღმოვაჩინე. ზუსტად ვიცი, რომ მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგები ყველა დეტალს და რასაც ჩაიბარებ ზუსტად ისე შესრულდება, როგორც ეს დაგეგმილი გვქონდა. ვფიქრობ, წარმატებული თანამშრომლობა გამოგვივიდა უკვე განხორციელებულ პროექტებში და სამომავლოდაც მნიშვნელოვან დასაყრდენად მოგიაზრებ.

სალომე: მე ვფიქრობ, ეს არის შენი, როგორც კარგი მენეჯერის დამსახურება, რადგან გაქვს უნარი, დაეხმარო გუნდის წევრებს შესაძლებლობების გამოვლენაში და რაც მთავარია, მიმართო მათი რესურსი სწორი და საჭირო მიმართულებით.

სტრესულ სიტუაციებშიც ძალიან კომფორტულია შენს გვერდით მუშაობა. თითქოს გრძნობ როდის მჭირდება მოტივაცია და საჭირო დროს საჭირო სიტყვებს შემომაშველებ ხოლმე.😊ვხედავ, რომ საქმეშიც მენდობი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დროს ორმაგი პასუხისმგებლობით ვუდგები საქმეს.

რომელ პროექტს გამოვყოფთ წელს, რითი იყო გამორჩეული და რა მოგცა ?

თეონა: 2022 გამორჩეული წელი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ დამკვეთებთან ურთიერთობის და პროექტების განხორციელების მიმართულებით. ერთად მოგვიწია მუშაობა კომპანიებთან ყაზახეთიდან და იტალიიდან. ყოველ დამკვეთს, მით უფრო დამკვეთს სხვა ქვეყნიდან და ბაზრიდან, სჭირდება ინდივიდუალური, სხვებისგან გამორჩეული მიდგომა, რაც დამატებით გამოწვევას წარმოადგენს. ვფიქრობ, კარგად გამოგვივიდა თითოეულის თავისებურების, სურვილებისა და შეხედულებების გათვალისწინება და წარმატებით გავართვით თავი ზემოხსენებულ პროექტებს.

სალომე: 2022 წელი უცხოელ დამკვეთებთან ურთიერთობით ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო, თუმცა რთულია რომელიმე გამოვარჩიო.

ზოგადად, ასე მგონია, ყოველი პროექტის შემდეგ ვიზრდებით, მიუხედავად ჯეპრას 20 წლიანი ისტორიისა, და ასეც უნდა იყოს. ყოველთვის ვაწყდებით რაღაც ახალს, თუნდაც კლიენტებთან, პარტნიორებთან, ერთმანეთთან ურთიერთობისას, ამიტომ გასულ წელს დავრწმუნდი, რომ ჩვენი პროფესიული ზრდისთვის ყველა პროექტი მნიშვნელოვანია, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს.

რა არის ჩვენი გუნდის მთავარი წარმატების ფორმულა?

თეონა: მოკლედ რომ ვთქვათ, კარგად შევთამაშდით😊ვიცით ერთმანეთის შესაძლებლობები და ძლიერი მხარეები, რასაც წარმატებით ვიყენებთ პროექტებშიც.

სალომე: ჩემი აზრით, ჯეპრას თითოეული თანამშრომელი გულწრფელად ვგრძნობთ თავს იმ ორგანიზაციის გუნდის წევრად, რომლისთვისაც ვმუშაობთ. ასეთი დამოკიდებულება კი საქმეს ყოველთვის ეტყობა.

რას მისურვებ პროფესიულად 2023 წელს?

თეონა: უადგილო არ იქნება ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელება რომ გისურვო, ახალი შესაძლებლობების სწორად გამოყენება და პროფესიული გაძლიერება.

სალომე: გისურვებ მუშაობას ისეთ პროექტებზე, რომელიც დაგეხმარება შენთვის ჯერ კიდევ უცნობი თეონას აღმოჩენაში!