რა გვითხრა ოთარ იოსელიანმა ბათუმის კინოფესტივალის გახსნაზე

რა გვითხრა ოთარ იოსელიანმა ბათუმის კინოფესტივალის გახსნაზე

რა გვითხრა ოთარ იოსელიანმა ბათუმის კინოფესტივალის გახსნაზე

 

გუშინ ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი BIAFF გაიხსნა. უკვე მეოთხე წელია, სექტემბერი ამ მოვლენასთან ასოცირდება. კაცმა რომ თქვას  ე.წ. შინაარსიანი და მოსაწყენი ფილმების ყურებას აქ დავეჩვიე. სამი წლის მანძილზე ვნახე 50-ზე მეტი უსაინტერესოესი ფილმი და შევხვდი ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს. მგონი, ჩემი ცასგამოკერებული  ხასიათიც ამან დამიმძიმა, თუმცა ახლა ეს აქ რა მოსატანია. ჰოდა წელს BIAFF-ს საიუბილეო 10 წელი უსრულდება და ძალიან მიხარია, რომ კინოფესტივალი უფრო მასშტაბური ხდება. როგორც სათაურიდან ხვდებით, წლევანდელ კინოფესტივალს ბატონი ოთარ იოსელიანიც სტუმრობს. გახსნის ცერემონიაზე კი, თავისი სიტყვით მოულოდნელად გამაოცა.

საზაფხულო თეატრის დარბაზში შუქი ჩაქრა და ყველამ ყურადღება სცენას მივაპყარით. მიკროფონთან ხანშიშესული ბატონი მივიდა, დარბაზისთვის თითქმის არც კი შემოუხედავს და დინჯად გვითხრა, რომ ამდენ ხანს დაგვიანებაც არ შეიძლებოდა. ხელი ჩაიქნია, გატრიალდა და კულისებისკენ წავიდა. ჩვენი წილი სირცხვილი ყველამ ვჭამეთ, მაგრამ რა უნდა გვექნა, ჭრელზე ჭრელ ბათუმში კინოს კულტურის განვითარებისთვის რიგიანად ჯერ კიდევ ვერ მოიცალეს.

როცა პირადად მისი სიტყვის ჯერი დადგა (პირველი გამოსვლა დაუგეგმავი იყო), დაგვამშვიდა და გვითხრა, რომ BIAFF ძალიან მოსწონს და გულშემატკივრობს. თუნდაც იმიტომ, რომ კინო არ უნდა იყოს კომერციული – მას ასე სჯერა. სამაგიეროდ, არ სჯერა არც სინოფსისების და არც ტრეილერების, რომლებიც ფილმების გასაყიდად, გასასაღებლად იქმნება. სხვათა შორის, მსგავი გვითხრა მაყურებელთან შეხვედრისას რეჟისორმა ბელა ტარმაც, როცა IMDB და ფილმების სხვა პორტალები გააკრიტიკა. ბატონი ოთარიც ასე ფიქრობს – მხოლოდ ფილმის ყურების შემდეგ გაიგებ მის ჭეშმარიტ რაობას.  კარგად დამამახსოვრდა ნახევრად ხუმრობით ნათქვამი ფრაზა – “იმედი მაქვს, წელს საშინელი ფილმები არ იქნება”, რამაც დარბაზში, როგორც ახლა ამბობენ, შოკუნიები გამოიწვია.

თავის სიტყვაში, რომელიც ძირითადად ენამოსწრებული წინადადებების სულ რამდენიმე ბწკარს შეადგენდა, რეჟისორმა ბათუმზეც ისაუბრა. „დაამახინჯეს ქალაქი, რა უქნეს ბათუმს… ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით… დღეს კი, აქ ფილმების ფესტივალია. ეს ძალიან კარგია”. საკუთარი ფილმის, „ზამთრის სიმღერის“ წარდგენისას კი რეჟისორმა გვირჩია, სუბტიტრების კითხვაზე დრო არ დაგვეხარჯა (ფილმი ფრანგულენოვანია) და თვალი სიუჟეტისთვის გვედევნებინა. საინტერესო რჩევაა. წინ იმდენი ფილმი მაქვს სანახავი, რომ კიდევ ერთხელ ამ მეთოდის გამოცდა ღირს. წავედი ახლა, ახალი ფილმი დაიწყება მალე.

რა გვითხრა ოთარ იოსელიანმა ბათუმის კინოფესტივალის გახსნაზე

P.S. ბატონი ოთარი ბათუმის საზაფხულო თეატრთან ბულვარში ვნახე და სელფის გადაღება ვთხოვე. მან ქუდი მომხადა, თვითონ დაიხურა და თქვა – „ასე ჯობია.“