მუშაობასთან ერთად ადამიანს სჭირდება ყოველდღიურად გამოყოფილი დრო საკუთარი თავისთვის

მუშაობასთან ერთად ადამიანს სჭირდება ყოველდღიურად გამოყოფილი დრო საკუთარი თავისთვის

ქეთევან გალუმაშვილი – „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი, „შეხვედრების სივრცის“ აღმასრულებელი მენეჯერი, 2020 წელს აფასებს.

რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიუად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს თანამედროვე მსოფლიო და, მათ შორის, ბიზნეს და საკონსულტაციო კომპანიები კორონავირუსის პანდემიამ გამოწვევების წინაშე დააყენა, ონლაინ რეჟიმზე გადასვლა გარკვეულ ტექნიკურ თუ სხვა სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული, ამ წელს  „ცდისა და შეცდომის“, სწავლებისა და საკუთარი თავის „გამოცდისა“ და აღმოჩენის წლად დავასახელებდი!

გაზაფხულის „შინ ჯდომის“ პერიოდში, გარდა იმისა, რომ წავიკითხე ბევრი პროფესიული ლიტერატურა, ასევე, დამოუკიდებლად და საკმაოდ წარმატებულადაც ავითვისე ფოტოშოფში და ილუსტრატორში მუშაობა, შემოდგომას კი საინტერესო სიახლით შევხვდი: სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ მიწვევით მათ გუნდს შევუერთდი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. მიუხედავად ჩემი სამედიცინო პროექტების მართვაში დიდი გამოცდილებისა, თავად სამედიცინო ცენტრში მუშაობა და პროცესების „შიგნიდან“ დანახვა – ახალი, მრავალფეროვანი და საპასუხისმგებლო  გამოწვევაა. გავიცანი ბევრი საინტერესო პროფესიონალი ადამიანი. შევიძინე ძალიან მეგობრული და მრავალფეროვანი ურთიერთობები.

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე

წარმატების მიღწევის საქმეში, დაეხმარო გააცნობიერონ იმიჯისა და რეპუტაციის მნიშვნელობა და დააკმაყოფილო კლიენტის მოლოდინები მიზნობრივი პროექტებითა და შეთავაზებებით.

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე

ჩემი სამუშაო მაგიდა, როგორც ყოველთვის, საქმიანი და მუდამ მოწესრიგებულია, ზედმეტი საგნებისა და ფურცლების გარეშე. აუცილებელი ატრიბუტები – კომფორტული სკამი, ჩასანიშნი წიგნაკი, კალამი, კომპიუტერი (თანაც ორი) და მაგიდის სარკეა 🙂 ყველაფერი ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ შეძლო მობილიზებულად და ნაყოფიერად მუშაობა.

გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარსკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა

ახალმა რეალობამ და ცვლილებებმა, აღმომაჩენინა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა, შეუთავსო ერთმანეთს სამუშაო და დასვენების დრო. არაა აუცილებელი, სრულად მიეჯაჭვო სამუშაო მაგიდას, ლეპტოპს ან ტელეფონს, იმისათვის რომ სულ ხელმისაწვდომი იყო კლიენტებისა თუ კოლეგებისთვის, მუშაობასთან ერთად ადამიანს სჭირდება ყოველდღიურად გამოყოფილი დრო საკუთარი თავისთვის.

დროის სწორად და ნაყოფიერად გადანაწილება – რამხელა ფუფუნება ყოფილა, ვაღიარებ!

დაგვისახელე ადამიანი, ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ

პირველ რიგში, დავასახელებდი ჯექსონ პოლოკს, თანამედროვე ამერიკელ მხატვარსა და აბსტრაქტულ ექსპრესიონისტს, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და გარკვეულ პარალელსაც კი გავავლებდი საკუთარ თავთან: მას არ ეშინია ცვლილებებისა და ექსპერიმენტების, როცა ხატავს, არ აანალიზებს რას აკეთებს და, საერთოდ, არ ადარდებს გამოსახულების გაფუჭება. „ნამუშევარი კარგი გამოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც მასთან მუდამ კონტაქტს ინარჩუნებ, ნახატის ნაწილი ხდები, უახლოვდები. ნახატს საკუთარი ცხოვრება აქვს, უბრალოდ მას მიმართულება უნდა მისცე“,-ამით, ჯექსონ პოლოკი, თითქოს,  უარჰყოფს შემთხვევითობას და ხაზს უსვავს მასზე კონტროლის როლს.  მას წინასწარ გააზრებული აქვს, თუ როგორი უნდა გამოვიდეს ნამუშევარი. დიდ ტილოზე საღებავის შხეფებად და წვეთებად დასხმით,  ის ენერგიულად მოძრაობს ტილოს გარშემო,  არ ჩერდება მანამ, სანამ იმას არ მიიღებს, რისი დანახვაც სურს.