მიხარია ყველა სიახლე, ნებისმიერი მორიგი პროექტი და ახლის დასაწყისი

მიხარია ყველა სიახლე, ნებისმიერი მორიგი პროექტი და ახლის დასაწყისი

ჯეპრას კონსულტანტი, ელენე თაყაიშვილი 2019 წელს აფასებს.

როგორი წელი იყო შენთვის 2019 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

2019 უკეთესი იყო ვიდრე წინა წელი და ზოგადად მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც ყოველი მომდევნო წელი რაღაცით აუცილებლად უკეთესი უნდა იყოს და ამის მიზეზს აუცილებლად ვეძებ ხოლმე.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის, და ისეთი პროექტები რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალა შენ და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე?

გამოვყოფ პროექტს – „საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“. პროექტი იყო კანონის შესახებ, რომელიც კრძალავს დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარებას. კანონი თავის მხრივ ძალიან სასარგებლო და დროული იყო, მე და ჩემმა თანამშრომლებმა კი გარკვეული წვლილი შევიტანეთ აღნიშნული კანონის კარგად აღსრულებაში. თუმცა ყველა, დიდი თუ პატარა პროექტი თავისებურად მიყვარს და ბევრი შემიძლია მათზე ვისაუბრო.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

სამწუხაროდ მთელ წელს ვერ ვგეგმავ, ვგეგმავ დღეს, კვირას, შესაბამისად რაც დავგეგმე ყველაფერი შევასრულე. არ მაქვს პრეტენზია ჩემს თავთან. 2019 წელს ჩემს თავს ბევრი რამ დავუმტკიცე, რამაც კიდევ უფრო მეტად გამაძლიერა და დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

გული მწყდება იმაზე, რომ ყოველთვის უფრო მეტის გაკეთება შეიძლება… იმაზე, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის, ჩვენ, კი ძალიან მაგრადაც არ ვიბრძვით ამ დროის საუკეთესოდ გასატარებლად.

მიხარია ყველა სიახლე, ნებისმიერი მორიგი პროექტი და ახლის დასაწყისი.
მახარებს ის კმაყოფილების გრძნობა, რომელიც კარგად განხორციელებული საქმიანობის შემდეგ მეუფლება ხოლმე.

როგორი იყო 2019 წელი და როგორი იქნება 2020 პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

რთული, ამავდროულად საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე წელი იყო 2019, ჩვენც ვალდებულები ვართ, რომ ამ ტემპს ავყვეთ და არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს. პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ ერთი რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ გაჩერების დრო აღარ არის, ნებისმიერ სიახლეს მომზადებულები და „შეიარაღებულები“ უნდა დავხვდეთ.