მეილებს, ანგარიშებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და ყველა ცდილობს დანიშნოს შეხვედრა, ნებისმიერი დეტალის განსახილველად

მეილებს, ანგარიშებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და ყველა ცდილობს დანიშნოს შეხვედრა, ნებისმიერი დეტალის განსახილველად

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თეონა ხმელევსკი 2020 წელს აფასებს.

რა შეიცვალა 2020 წელს შენთვის? რაზე დაგჭირდა მეტი მუშაობა, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ „ახალ რეალობას“?

არ ვიქნები გამონაკლისი თუ ვიტყვი, რომ სირთულეებისა და ცვლილებების ძირითადი წყარო სწორედ ეს „ახალი რეალობა“ გახდა ჩემთვისაც. პირველ რიგში დისტანციური მუშაობის გამოცდილება, რასაც დაემატა ბავშვის დისტანციური სწავლის მძიმე რეჟიმი. ძალიან მცირე მონაკვეთში, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა, ეს ეხება როგორც კოლეგებს, ასევე, ოჯახის თითოეულ წევრს. მოგვიწია ახალ რეალობასთან ადაპტაცია, დაჩქარებული ტემპით, რაც გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. შეხვედრების ფორმატმა ზუმის რეჟიმში გადაინაცვლა და პირადი შეხვედრები, პროექტებისა თუ აქტივობების განხილვები უფრო გართულებული გახდა. ეს ცვლილება, ჩემი აზრით, საკმაოდ რთული შესაგუებელი აღმოჩნდა პარტნიორებისა თუ დამკევეთების ნაწილისთვის, რადგან ისინი უპირატესობას პირად შეხვედრებსა და დისკუსიებს ანიჭებენ. ზოგადად ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი იმას, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ნაკლებად არის დისტანციური მუშაობის გამოცდილება განვითარებული, მეილებს, ანგარიშებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და ყველა ცდილობს დანიშნოს შეხვედრა, ნებისმიერი დეტალის განსახილველად. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი გამოწვევის მიუხედავად, დისტანციური შეხვედრები და უფრო მეტად ელექტრონული ტიპის ურთიერთობა, საკმაოდ ზოგავს დროს და თუ კომუნიკაცია აქტიურია, ყველა მხარე მონდომებით არის ჩართული პროცესში, პროექტის მართვაც გაცილებით უფრო მარტივი ხდება.

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციების ხსენების გარეშე.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვეხმარებით დამკვეთებს ჩამოაყალიბონ მნიშვნელოვანი გზავნილები სწორად და გასაგებად, შემდეგ კი მიტანონ ისინი მათთვის საჭირო აუდიატორიამდე საუკეთესო არხების გამოყენებით. ეს ყველაფერი კი დიდწილად გამომდინარეობს ჩვენი დაგროვილი გამოცდილებიდან და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პირადი კავშირებიდან.

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე.

სამწუხაროდ ამ პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რასაც წავაწყდი სამუშაო მაგიდის არარსებობაა. ჩემი ძირითადი სამუშაო სივრცე საძინებელი ან მისაღები ოთახები იყო, რამაც გააჩინა ახალი პროექტი, რომელსაც წელს აუცილებლად განვახორციელებ და შევიქმნი ჩემთვის სასურველ სამუშაო სივრცეს.

გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა

ბალანსის დაჭერა ოჯახსა და სამსახურს შორის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. ის რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოვაყალიბე უცებ გაქრა, ყველა ოთახში ოჯახის ერთი წევრი მაინც იყო, რომელსაც ან ჩართვა ჰქონდა, ან გაკვეთილი და ა.შ.  თუმცა, ესეც ეტაპობრივად დავალაგეთ და ყველამ წარმატებით ვმართეთ ჩვენ-ჩვენი „პროექტები“.

დაგვისახელე 3 ადამიანი (სხვა სფეროებიდან), ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ

ბოლო ორი წელია ჩემი მეუღლე გახდა ჩემთვის მნიშვნელოვანი ინსპირაციის წყარო. ერთ დღესაც მან სრულიად ახალ, საქართველოში იმ ეტაპისთვის ნაკლებად განვითარებულ საქმეს მოკიდა ხელი, რადგან დაინახა ამ სფეროს განვითარების პერსპექტივა. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული თუ კარირერული ცვლილების განხორციელება. არ უნდა შეგაშინოს სრულიად ახალმა სფერომ, თუ ოდნავ მაინც დარწმუნებული ხარ შენი ჩანაფიქრის წარმატებაში.