მედიასთან ურთიერთობა პანდემიის დროს

მედიასთან ურთიერთობა პანდემიის დროს

თითქმის ერთი თვეა ვცდილობთ, მუშაობის განსხვავებულ გარემოს შევეგუოთ. პანდემიის, საგანგებო ვითარების, კომენდანტის საათის და ამ ყველაფრით გამოწვეული პრობლემების ფონზე, ვცდილობთ, მუშაობა გავაგრძელოთ.

ცხადია, ასეც უნდა იყოს. სრულად უნდა ვიყოთ ჩართულები ჩვენ-ჩვენს საქმეებში და პარტნიორებსაც დავანახოთ, რომ არ ვჩერდებით. ვაგრძელებთ მუშაობას წესების დაცვით, მაგრამ – აქტიურად.

ნებისმიერი საქმის მართვას დისტანციური მუშაობა უფრო ართულებს, თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ პირობებში მუშაობაშიც ვიხვეწებით, ვპოულობთ პრობლემების მარტივად მოგვარების სხვადასხვა ხერხს და პანდემიის პირობებში, დისტანციურ მუშაობასთან ადაპტირებასაც ვახდენთ. გამოწვევად რჩება ის, რომ დისტანციურად საქმეების მართვა მეტ დროს მოითხოვს. შესაბამისად, ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო დეტალი, როგორიც მედიასთან ურთიერთობაა, ყურადღების მიღმა გვრჩება.

არადა, ეს არის პირველი შეცდომა, რაც კომპანიას, ორგანიზაციას, თუ საჯარო პირს შეუძლია დაუშვას – ასეთ დროს მედიასთან ურთიერთობის შეწყვეტა. რატომ ვიქცევით ასე, როცა 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ონლაინ კომუნიკაციის იმდენი საშუალება არსებობს, ყველა ტიპის ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს?! მედია კი, რომელიც ვალდებულია უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას, ყველა ტექნიკურ საშუალებას ერგება და რესპონდენტებსაც, შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა ჩვენ იზოლირებულად, სახლიდან ვმუშაობთ, მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც რამდენიმე სხვა პროფესიის ადამიანები, ფრონტის წინა ხაზზე მუშაობენ. ამიტომ, როცა მედიას დისტანციურ ინტერვიუზე დავთანხმდებით, ნუ დავიზარებთ და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადოთ. მინიმუმ, თანაგრძნობა მაინც გამოვხატოთ.

თანამედროვე ტექნოლოგიებს ყველა ვიყენებთ და, თითქოს, მარტივია, ბევრი რამის ცოდნა არც სჭირდება. თუმცა, როცა საქმე მედიაში ვიდეო ჩართვას ეხება, რამდენიმე დეტალი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც რომელიმე აპლიკაციით მედიაში ჩართვის დროს აუცილებლად გამოგადგებათ:

  • ისაუბრეთ მაქსიმალურად მოკლედ, რადგან, ამ დროს, არც გამოსახულების ხარისხია მაღალი და არც ხმის.
  • უპასუხეთ კითხვებს პირდაპირ. ნუ გადაუხვევთ თემას, რადგან მაყურებელს სურს, მოკლე დროში მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღოს.
  • ისაუბრეთ იმაზე, რაც ახლა ხდება, და არა იმაზე, რას აკეთებდით ადრე.

აქვე, რამდენიმე ტექნიკური დეტალიც:

  • გაითვალისწინეთ, რომ მედიაში ვიდეო ჩართვისას უნდა იდგეთ, ან დაჯდეთ განათებულ ადგილას. თუმცა, განათება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს თქვენს ზურგს უკან.
  • ოთახში დარჩით მარტო და კარიც დახურეთ, რათა არ დაგემართოთ ის, რაც BBC-ის ეთერში პროფესორ რობერტ კელის დაემართა.
  • კარგი იქნება, თუ იმასაც გაითვალისწინებთ, რა ჩანს თქვენს ფონზე. ფონი უნდა იყოს ისეთი, რომ ყურადღება არ მიიქციოს. მაგალითად, წიგნების თარო, ნახატებიანი კედელი, ნეიტრალური სივრცე და ა.შ.
  • სანამ ეთერში შეხვალთ, კარგად შეამოწმეთ, რა ჩანს კადრში.
  • წინასწარ შეამოწმეთ ხმა და გამოსახულება.
  • როცა ეთერში შეხვალთ, კამერას უყურეთ, რათა მაყურებლებს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ პირდაპირ მათ ესაუბრებით.