მოგზაურობა, ისევე როგორც ყველას, მეც ძალიან მიყვარს და მიმაჩნია, რომ განტვირთვის, ძალების აღდგენისა და ადამიანების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ეს არის დრო, რომელსაც მხოლოდ ჩვენთვის გამოვყოფთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავისვენოთ ყოველდღიურობისგან.
ჩემი მეუღლისგან განსხავებით, მე ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა მიყვარს. რამდენად გამომდის ეს, გარე ფაქტორების გათვალისწინებით, სხვა საკითხია, თუმცა მონდომებას ნამდვილად არ ვიშურებ. ვინც უახლოეს მომავალში მოგზაურობას აპირებთ, გირჩევთ, რომ დაგეგმვა და დაჯავშნა რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ. ეს მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ყველაფერი შეიძინოთ უკეთეს ფასში და ფინანსები თქვენი გართობისთვის შემოინახოთ. ამის გარდა, არსებობს სხვა უამრავი რჩევა, რომელიც ყველა ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს იმისათვის, რომ მოგზაურობა მართლაც დაუვიწყარი გახდეს.
დანიშნულების ადგილის არჩევის შემდეგ, პირველ რიგში, მოგზაურების გამოხმაურებებს გაეცანით. მე უპირატესობას http://www.tripadvisor.com/ -ს ვანიჭებ. აქ ვნახულობ ყველა სასტუმროს, რომლის დაჯავშნასაც ვაპირებ და ვიგებ რეალურ ინფორმაციას ამა თუ იმ ადგილის შესახებ. ოფიციალური ფოტოები, რომლებსაც თუნდაც http://www.booking.com – ზე იხილავთ, შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს რეალობისგან. ამიტომ ჯობია, თავი დაიზღვიოთ და დასვენება სრულ კოშმარად არ აქციოთ.
ბარგის ჩალაგებისას გაითვალისწინეთ, რომ ჯობია წაიღოთ ნივთების მინიმალური რაოდენობა. მე მესმის, რამდენად რთულია ამ პირობის შესრულება ქალბატონებისთვის, თუმცა საზღვარგარეთ „შოპინგისა“ და ჩანთებში ადგილის ამოწურვის შემდეგ დააფასებთ თქვენს ამ გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ ბარგმა მაინც გადააჭარბა ლიმიტს, გაითვალისწინეთ, რომ ხელბარგი შეიძლება თქვენი მხსნელი აღმოჩნდეს.
საცხოვრებელი ადგილის ძებნისას გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ბინის დაქირავებას – ფასიც შედარებით უკეთესია და ასევე, საშუალება გეძლევათ, ადგილობრივად იგრძნოთ თავი – იაროთ მეზობლად არსებულ მარკეტებში, გაიცნოთ ადგილობრივები და დააკვირდეთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს საუკეთესო საშუალებაა, შეიგრძნოთ იქაური ატმოსფერო.
ევროპაში მოხვედრისას, შეიარაღდით მოთმინებით და გამოიმუშავეთ რიგში დგომის კულტურა! მშვიდად დაელოდეთ თქვენს რიგს, როგორც მუზეუმში ისე კაფეში. საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნებში ეს პროცესი გაცილებით ორგანიზებულია და რიგი სწრაფადაც მიიწევს წინ.
იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს გაცილებით მოსახერხებელია და თანხასაც დაგიზოგავთ. ასევე, თხოვეთ დახმარება ადგილობრივებს ან უბრალოდ, გაეცანით ინტერნეტ ფორუმებზე რჩევებს კაფეებთან და გასართობ ადგილებთან დაკავშირებით. მოერიდეთ ტურისტულ ზონებს: კვებისთვის, გართობისა და შოპინგისთვისაც ჯობია იაროთ ადგილობრივებისთვის საყვარელ ლოკაციებში, ამის შესახებ ინფორმაციას მარტივად იპოვით მრავალფეროვან ფორუმებში.
რაც მთავარია, გადაიღეთ რაც შეიძლება მეტი ფოტო. შეიქმენით მოგონება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგრჩებათ და გაგახსენებთ ამ დაუვიწყარ მოგონებას – მოგზაურობის ფოტოები ზედმეტი არასდროს არის. პირადად მე, მოგზაურობის ამსახველი ფოტოების თვალიერებისას, ყოველთვის უკეთესი განწყობა მექმნება – მშვენიერი ანტიდეპრესანტია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: ნუ გეშინიათ მოგზაურობის! მართალია, ბოლო პერიოდში სიტუაცია ძალიან არასტაბილურია, თუმცა ამან უარი არ უნდა გვათქმევინოს იმ სიამოვნებაზე, როგორიც არის ახალი ქვეყნების აღმოჩენა…