გამოცდილების 15 წელი

გამოცდილების 15 წელი

გამოცდილების 15 წელი

წელს “ვორკაჰოლიკები“-ს არმიასთან შეერთების 15 წელი მისრულდება, დაუღალავი და მიზანსწრაფული მუშაობის, სწავლის, განვითარების, წინსვლის 15 წელი. დღეს უკვე ჩემს მეათე სამსახურში ვმუშაობ და ვამაყობ 10 განსხვავებულ გარემოში, 6 განსხვავებულ უფროსთან და ათასობით განსხვავებულ ადამიანთან თანმშრომლობის გამოცდილებით.

ამ წლების მანძილზე, რიგითი თანამშრომელიც ვყოფილვარ, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერიც. მიმუშავია რუტინულ სამუშაოზეც და ძალიან დიდ და საინტერესო პროექტებზეც. მთავარი ის არის, რომ ჩემი საქმე ყოველთვის მიყვარდა. რომ დავკონკრეტდე, საქმის კეთება მიყვარდა. არასოდეს მიფიქრია – ღმერთო, ნეტავ მილიონი მომცა, რომ წამოვწვე და არაფერი ვაკეთო-თქო.

წლების განმავლობაში ბევრ განსხვავებულ კომპანიაში და სფეროში ვიმუშავე, ბევრი განსხვავებული მიზანი დავისახე და საინტერესო გამოცდილებაც დავაგროვე. დღეს უკვე კონსულტანტი ვარ, სხვას ვეხმარები, ვცდილობ მუშაობა შევუმსუბუქო 

რომ შევაჯამო რა მომცა ჩემმა 15 წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ ერთ სასტუმროში, ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ორ ბანკში, ორ აქტივების მართვის კომპანიაში, სამ სახელმწიფო ორგანიზაციაში და „სიბერეში“ ნასწავლმა? ის, რომ დღეს ვიცი:

– ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია, თავისი განცდებით, სიხარულით, წარმატებით და წარუმატებლობით. მასში მუშაობენ ადამიანები და არა რობოტები. შესაბამისად, მათთან ინდივიდუალური მიდგომა მენეჯერების საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია;

– ლიდერი ორგანიზაციის წარმატების გარანტიაა. როგორც პიტერ დრაკერი ამბობს, ორგანიზაციაში მხოლოდ სამი რამ ხდება ბუნებრივად: უთანხმოება, დაბნეულობა და წარუმატებლობა; დანარჩენს, ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელობა.

– ორგანიზაცია, რომელშიც არ არსებობს წესები, რომელიც არ არის ინსტიტუცია და დამოკიდებულია პიროვნულ მმართველობაზე, განწირულია წარუმატებლობისათვის. სისტემა უნდა იყოს აწყობილი იმგვარად, რომ მისი მართვა წარმატებით გააგრძელოს ახალმა კვალიფიციურმა მენეჯმენტმა.

– ორგანიზაცია, რომელიც არ ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე არის კანტორა, სადაც კადრების მუდმივი დენადობაა, მაგრამ ეს არავის აღელვებს, რადგან ჰგონიათ რომ კომპანიის წარმატება მხოლოდ უფროსების დამსახურებაა.

– ორგანიზაცია, რომლის მართვის სტილიც ეყრდნობა “ვირთხების რბოლა“-ს, ვერ აღწევს წარმატებას. ორგანიზაციაში გაბატონებული არაჯანსაღი შეჯიბრობითობის პრინციპი და მოწინააღმდეგის ნებისმიერ ფასად განადგურების მცდელობები ანგრევს გუნდური მუშაობის პრინციპებს, რომელიც წარმატების საფუძველს წარმოადგენს.

– ორგანიზაცია, რომელშიც მკვეთრად არ არის გამიჯნული ყოველდღიური და „პროექტული“ საქმიანობა, წარუმატებელია, რადგანაც ყოველდღიურ რუტინაში ჩართული თანამშრომლისთვის რთულია ახალი პროექტის პრიორიტეტულობის განსაზღვრა მის ყოველდღიურ საქმიანობასთან მიმართებაში;

– ორგანიზაცია, რომელშიც ფუნქციები სათანადოდ არის გადანაწილებული და დელეგირების ხარისხი მაღალია, ერთდროულად წარმატებულიც არის და ბედნიერიც. მისი თანამშრომლები გრძნობენ როგორც პასუხისმგებლობას, ასევე საკუთარ წვლილს კომპანიის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში;

დაბოლოს, წარმატებულია ის ორგანიზაცია, სადაც თანამშრომლები მუშაობენ უფრო გონივრულად, დაგეგმილად და რაციონალურად, და არა ის ორგანიზაცია სადაც თანამშრომლები მუშაობენ უფრო მეტს.