გადარჩენის საიდუმლო – პრიორიტეტების მატრიცა

გადარჩენის საიდუმლო – პრიორიტეტების მატრიცა

გადარჩენის საიდუმლო - პრიორიტეტების მატრიცა

დღეს, როდესაც ჩვენი გონება ისეა გადატვირთული, ვიდრე ოდესმე, რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია სწორად გაფილტრო ინფორმაცია. ადამიანები ცდილობენ გაერკვნენ, რა არის აუცილებელი და რას შეიძლება გაუკეთო იგნორირება, ანუ სავალდებულოა შეიმუშაო შენი პრიორიტეტების მატრიცა.

ამ ეპოქაში, სულ რაღაც 30-35 წლის წინ, მხოლოდ ტურისტული კომპანიების აგენტები გეგმავდნენ და ჯავშნიდნენ ავია თუ სარკინიგზო მარშრუტებს. უძრავი ქონების აგენტებს აუცილებლად ადგილზე უნდა მივეყვანეთ, რათა შემოეთავაზებინათ ჩვენთვის სასურველი მიწის ნაკვეთი თუ საცხოვრებელი ფართი. მხოლოდ პროფესიონალ მბეჭდავებს შეეძლოთ დიდი მოცულობის ტექსტის სწრაფად დაბეჭდვა. მცირეოდენი თანხის გადასახდელადაც კი აუცილებლად მოლარის მომსახურეობით უნდა გვესარგებლა. წერილით ან მისალოცი ბარათით ყოველთვის ფოსტალიონი გვახარებდა, ჩვენ კი ქაღალდზე დაწერილი ტექსტი სპეციალურ კონვერტში უნდა ჩაგვედო, შემდეგ ფოსტაში მიგვეტანა, რომ ადრესატთან გაგვეგზავნა. მოკლედ, ამ ყველაფერს მთელი რიგი რიტუალი სჭირდებოდა.

დღეს კი პირიქით, არათუ მარშრუტსა და ტრანსპორტს ვირჩევთ თავად, უფრო მეტიც, აეროპორტში მისვლამდე შეგვიძლია რეგისტრაცია გავიაროთ; სახლის ან ნაკვეთის შესაძენად საკმარისია ინფორმაცია ჩავწეროთ საძიებო ველში და რამდენიმე წამში აღმოვაჩინოთ სასურველი ვერსია. საბეჭდი მანქანები წარსულს ჩაბარდა, რადგან დედამიწაზე უფრო მეტ ადამიანს აქვს საკუთარი კომპიუტერი, ვიდრე საკუთარი სახლი. თანხის გადასარიცხად კი მხოლოდ პაროლი და ბანკის მონაცემები გვჭირდება, რომ გზავნილი რამდენიმე წამში ადრესატს თავად გავუგზავნოთ.  აღარაფერს ვამბობ წერილის გაგზავნაზე, რადგან მეშინია რამე არ გამომრჩეს, რამდენი ელექტრონული საშუალებით შეგვიძლია წამის მეასედებში შეტყობინების მიღება, თანაც უფასოდ.

თანამედროვე ეპოქამ გავლენა არამარტო ადამიანებზე იქონია. კაბელური ელსმენები სმარტფონებმა შეცვალა. ახალი ტელეფონები შვეიცარულ „ვიქტორინოქსს“ დაემსგავსა. ელექტრონული ლექსიკონი, მუსიკალური, გასართობი, ფოტო და ვიდეომოწყობილობები, კალკულატორი, კალენდარი, ხმის ჩამწერი, ამინდის პროგნოზი, საათი, რუკა, კომპასი, სანათი, იმეილი, ფეისბუკი, ვაიბერი და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენნაირი მომსახურეობა შეუძლია თანამედროვე ელსმენს. მაგალითად, მეფუტკრეობის რჩევები, ან ბარელი ნავთობის ღირებულება შესაძლებელია ტელეფონიდან შევიტყოთ. ჩვენ ტელეფონით მთელი დღის განმავლობაში ვსარგებლობთ, უფრო მეტიც, “ინფო-მანიაკები”გავხდით.

ძველად, როდესაც კედელზე გაყვანილ სადენიან ტელეფონს არ პასუხობდი, გასაკვირი არ იყო და ადგილზე არყოფნით აიხსნებოდა. ახლა, მაშინაც კი, როდესაც დაკავებული ვართ ან შეხვედრაზე ვიმყოფებით, კონტაქტი შეტყობინებით დგება: “ბოდიშს გიხდით, ვერ გპასუხობთ, მოგვიანებით შეგეხმიანებით”.

ერთი შეხედვით, თითქოს გამარტივდა ცხოვრება, მაგრამ სხვა თვალით რომ შევხედოთ, თანამედროვე ცხოვრებაში ხშირად ათი  ადამიანის სამუშაოს შესრულება გვიწევს. მაშინ, როდესაც ვცდილობთ შევინარჩუნოთ საკუთარი ცხოვრება, გვქონდეს ურთიერთობა შვილებთან, მშობლებთან თუ მეგობრებთან. ვცდილობთ შევინარჩუნოთ საკუთარი ინტერესები, კარიერა. ვცდილობთ, დრო დავიტოვოთ საყვარელი ტელეგადაცემის ან საინტერესო წიგნების წასაკითხად.

მოკლედ, იბადება კითხვა – რა არის ეს? საით მივდივართ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ფეხი ავუბათ თანამედროვე ცხოვრებას?

პასუხი მარტივია – თუ გინდა, რომ გადარჩე და თანამედროვეობას არ ჩამორჩე, ტრანსფორმირდი თანამედროვეობის შესაბამისად. გაფილტრე ინფორმაცია პრიორიტეტების მატრიცის შესაბამისად.

მართლია, არ ვეთანხმები და დიდად ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანები მაინცდამაინც მაიმუნებისგან წარმოიშვნენ, თუმცა, არ შემიძლია არ გავიზიარო ჩარლზ დარვინის მოსაზრება: “სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გადარჩებიან ყველაზე ძლიერები, არც ყველაზე ჭკვიანები, არამედ ისინი, ვინც ცვლილებებისთვის არიან მზად”.

თანამედროვე ცხოვრებაშიც კი შეიძლება ბევრი რამ ვისწავლოთ ისტორიიდან.