დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ნაფიქრის რეალიზებას აკვირდებ

დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ნაფიქრის რეალიზებას აკვირდებ

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, საბა ჯაჯანიძე 2020 წელს აფასებს.

რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?

2020-მა მნიშვნელოვნად გაამარტივა საქმიანობა – გზაში ბევრი დრო არ დამიკარგავს, ნებისმიერი ადგილიდან ვესწრებოდი შეხვედრებს და სწავლისთვის მეტი დრო მქონდა.

კონსალტინგის კუთხით ძალიან კარგი წელი იყო – პროექტებში ჩართულმა მხარეებმა ისწავლეს/გაიხსენეს ტექნოლოგიის გამოყენება და ჩვენი საქმეც გამარტივდა და უფრო პროდუქტიულები გავხდით.

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე

ჩემი ნებისმიერი პროექტი ასე შეიძლება აღიწეროს – დაკვირვება, შესწავლა და ანალიზი, გადაწყვეტის ხედვა, შესაბამისი სტრატეგია და ტაქტიკა.

ასევე, ჩვენი საქმე ხასიათდება მრავალფეროვნებით – სხავდასხვა სფეროში სხვადასხვა გამოწვევაა. მაგალითისთვის, 2020-ში გადაზიდვების სფეროში დამწყები ექსპერტის სტატუსი შეიძლება მომენიჭოს.  უფრო ადრე, ენერგეტიკაშიც გავერკვიე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის საინტერესო სფერო შევისწავლე. მოკლედ, ჩემი საქმიანობა მრავალმხრივი განვითარების საშუალებას მაძლევს.

რაც მთავარია, დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ნაფიქრის რეალიზებას აკვირდები.

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე

მეტი არაფერი მჭირდება – ყველაფერი ამ მანქანაშია თავმოყრილი. აქაა პროგრამები, რომლებიც ჩვენი აღჭურვილობის განუყოფელი ნაწილია. ფურცლები, პასტები და ბლოკნოტები ჩემთვის წარსულია – ღრუბლოვანი სერვისები, აპებს შორის ინტეგრაცია და ინფორმაციაც მუდამ ჩემთანაა.

გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარ კონსულტანტისათვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა

ყველაზე დიდი გამოწვევა, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებთან შემცირებული კონტაქტია. კონსალტინგში, ჩვენი საქმიანობის 70% – ურთიერთობისგან შედგება.

ვფიქრობ, ამ წლის გამოწვევებს წარმატებით გავუმკლავდეთ და არცერთი პარტნიორი მხარდაჭერის გარეშე არ მიგვიტოვებია.