ცოტა რამ პასუხისმგებლობასა და დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” შესახებ

ცოტა რამ პასუხისმგებლობასა და დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” შესახებ

ცოტა რამ პასუხისმგებლობასა და დანტეს შესახებ

როდესაც დანტე ალიგიერი, „ღვთაებრივ კომედია“-ში ჯოჯოხეთის კარიბჭეს გაივლის, ის გარე შრეში (ანტე-ინფერნო) ხედავს ხალხს, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ – არც კარგი და არც ცუდი. მათ შორის არიან ისინიც, ვინც ანგელოზთა აჯანყების დროს არცერთი მხარე არ დაიკავა. მათი სასჯელი გახდა ის, რომ მათთვის ადგილი არც ჯოჯოხეთშია და არც სამოთხეში. დანტეს მიერ აღწერილი სულები, რომელთათვისაც ადგილი არსად მოიძებნა, არიან დასჯილნი საკუთარი უპასუხისმგებლობისათვის.

რა არის პასუხისმგებლობა? რა მნიშვნელობა აქვს მას ერთი კონკრეტული ადამიანის, საზოგადოების და მთელი ქვეყნის ცხოვრებაში?

ზოგადად პასუხისმგებლობა, ეს არის მოვალეობა, რომელიც ნიშნავს პასუხისგებას საკუთარ ქმედებასა თუ უმოქმედობაზე. ეს არის არჩევანი, რომლის წინაშეც ჩვენ ხშირად ვდგებით. ოდესმე, თუ მოგვინდება ჩვენი უპასუხისმგებლობის გამართლება, ყოველთვის შეგვეძლება ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვქონდა არჩევანი. სინამდვილეში კი არჩევანი ყოველთვის არსებობს. სწორედ, პასუხისმგებლობის გრძნობის უდიდესი გამოხატულებაა, თქვა – ეს ჩემი არჩევანია!

პასუხისმებლობის გრძნობა ყოველთვის იყო ჩემი მამოძრავებელი და სხვადასხვა დროს ამ გრძნობით ვუდგებოდი ჩემს ოჯახს, მეგობრებს და სამსახურებს. მოგვიანებით, როცა სამჯერ ვიმუშავე სახელმწიფო სამსახურში, ამ გრძნობის წყალობით ვმუშაობდი იმდენს და ისე, როგორც არასდროს და არსად სხვაგან. ბოლომდე ვარღვევდი სამსახურის და პირადი ცხოვრების ბალანსს, იმიტომ რომ ჩემი პასუხისმგებლობის შეგრძნება ჩემს ტვინში და გულში ადგილს არ ტოვებდა საკუთარი ცხოვრებისა და ოჯახისათვის. სულ ერთიდაიგივე მეორდებოდა, ვმუშაობდი, ჩემს ვალს ვიხდიდი და მივდიოდი.. ზოგჯერ ჩემი ნებით, ზოგჯერ კი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.

ცოტა რამ პასუხისმგებლობასა და დანტეს შესახებ

პასუხისმგებლობის გრძნობის გარდა არსებობს კიდევ ერთი გრძნობა, საქმისადმი სიყვარული და ერთგულება. ახლა უკვე ორი მიზეზი მქონდა თავდაუზოგავი მუშაობისთვის. ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ჩემი ქვეყნის წინაშე, რადგან მის სამსახურში ყოფნა გაცილებით უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე, რომელიმე კერძო კომპანიაში მუშაობა. შენ ემსახურები ქვეყანას და მოქალაქეებს, განკარგავ სახელმწიფო ფულს და ქონებას; შენი ნაღვაწი თავის კვალს დატოვებს შენს ქვეყანაზე – შესაძლოა მცირეს, მაგრამ მნიშვნელოვანს; შენ შეგიძლია დააქციო ან ააშენო ქვეყანა. შენ შესაძლოა მცირე ნაწილი იყო დიდი მანქანის, მაგრამ  მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულო მისი გამართული მუშაობისათვის.

ყველაზე მთავარი,  რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ მე ჩემი საქმე უსაზღვროდ მიყვარდა. ჩემს დიდ წიგნში, რომელსაც სიბერეში გამოვაქვეყნებ ყველაფერი დაწვრილებით არის აღწერილი. ახლა კი, მოკლედ გეტყვით – აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არაფერი აღარ მაინტერესებდა სამსახურის გარდა, თავით გადავეშვი საქმეში და იმაზე ბევრად მეტი შევძელი, ვიდრე ამას ჩემი თავისგან მოველოდი. თუმცა უფრო მეტი შემეძლო..

შემდგომ იყო სხვა, ბევრი და საკმაოდ რთული პასუხისმგებლობები. მე ვისწავლე არას თქმა! მე ვისწავლე მოვიმკა ჩემი არას და კის, ჩემი ქმედების და უმოქმედობის შედეგი. თუ საქმე კარგად მიდის, ვიცი რომ ეს ჩემი  დამსახურებაა, თუ ცუდად მიდის ესეც ვიცი რომ ჩემი ბრალია. ადამიანი საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი არსებაა – ეს გამოარჩევს მას ცხოველისაგან, ის საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, აღწევს შედეგებს. შენი ქმედებით თუ შენი უმოქმედობით შენ ქმნი ან ანადგურებ იმ გარემოს, რომელშიც არსებობ.

მარტინ ლუთერ კინგმა თქვა – „შენ პასუხისმგებელი ხარ არა მარტო იმაზე, რაც თქვი, არამედ იმაზეც, რაც არ თქვი“. შესაბამისად ჯობია შეცდე, გააცნობიერო შენი შეცდომა და მერე გამოასწორო, ვიდრე შეცდომის შიშით არაფერი არ გააკეთო. დანტეს „კომედია“-ში ასეთი სულები ხვდებიან განსაწმენდელში (Purgatory), სადაც ისინი მოინანიებენ საკუთარ ცოდვებს (გამოასწორებენ შეცდომებს) და გაეხსნებათ სამოთხის გზა.

თუ შენ წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანი ხარ, თუ შენთვის მნიშვნელოვანია შენი საქმე და როლი საზოგადოებაში, მაშინ უნდა იტვირთო პასუხისმგებლობა და შეასრულო შენი მისია. შენ უნდა შეცდე (შეუცდომელი მხოლოდ უმოქმედოა) და მოინანიო, გაიარო განსაწმენდელი, გამოასწორო შეცდომები და უნდა გაიარო გზა სამოთხემდე – უნდა დაიმსახურო შენი წილი სამოთხე.

დანტე ალიგიერი, „ღვთაებრივ კომედია“-ში გაივლის რა ჯოჯოხეთის კარიბჭეს, ბოლო, მე-9 შრეზე ხედავს წარწერას – „შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ“. თუ ჯოჯოხეთში მოხვდები, მაშინ შეგიძლია ყველაფერი დაივიწყო, შენ სამოთხემდე გზას ვეღარ გაივლი. თუმცა გეცოდინება შენი ადგილი. ჯობია იცოდე რომ ჯოჯოხეთში ხარ, ვიდრე შენი ადგილი საერთოდ არ იცოდე.

ცოტა რამ პასუხისმგებლობასა და დანტეს შესახებ