ჩვენი საქმიანობის ძირითადი არსი სხვების მხარდაჭერაშია

ჩვენი საქმიანობის ძირითადი არსი სხვების მხარდაჭერაშია

ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე 2020 წელს აფასებს.

რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?

არ ვიქნები ორიგინალური თუ მთავარ სირთულედ მეც დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას დავასახელებ. კონსულტანტის საქმიანობა ძირითადი ნაწილი სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს და ინტერვიუებს მოიცავს, ამიტომ პანდემიის გამოჩენისთანავე მეგონა, რომ ყველა პროექტი გაჩერდებოდა. მაგრამ ონლაინ რეჟიმზე გადასვლა არ ყოფილა რთული და მეტიც, ხშირ შემთხვევაში ასეთი მუშაობა ბევრი რესურსის ეკონომიიის საშუალებას იძლევა და ხარისხია ამით არ ფუჭდება. ზოგადად სახლიდან მუშაობა არ ყოფილა რთული და ლოგინიდან ლექციის ჩატარებასაც ჰქონია თავისი დადებითი მხარეები.

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე

ჩვენი საქმიანობის ძირითადი არსი სხვების მხარდაჭერაშია, რაც სხვადსხვა ორგანიზაციის თუ პირის როგორც პრობლემების მოგვარებას, ასევე გარემოში არსებული შესაძლებლობების გამოყენებაში. კარგი მეგობრების და რომ გამოგადგება ისეთი ნათესავების როლში ვართ და კარგი საქმეა, ნამდვილად.

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე

როგორც ფოტოდანვე ჩანს, ჩემი ძირითადი იარაღი პერსონალური კომპიუტერი და შესაბამისი დამხმარე მოწყობილობებია. წელს კი ამ ყველაფერს სათვალეც დაემატა, რაც ჩემს დაბერებას უკავშირდება 🙂 მეორად ფურცლებზე კი ძალიან მიყვარს დავალებების ჩამოწერა და შემდეგ შესრულებული საქმეების გადახაზვა.

გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარსკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა

თავიდან, როცა „ჯეპრაში“ დავიწყე მუშაობა, მე თვითონ არ ვიცოდი კარგად ის საქმე, რასაც ვაკეთებდი და პირველ წლებში ძალიან მეშინოდა კლიენტებთან შეხვედრის. მეგონა, რომ არაფერი მესმოდა და უცხო ტერმინების გაგონებაზე ცივი ოფლი მასხავდა. ერთი სიტყვით, სერიოზული სტრესი გავიარე ამ პერიოდში, მაგრამ ამდენი წლის მერე ის ვისწავლე, რომ ყველაფერი ვერ გეცოდინება, რაც არ უნდა ბევრი წაიკითხო, დიდი გამოცდილება მიიღო, ან ბევრ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. იმის შეგრძნება, რომ არ არის პრობლემა, რომ ყველაფერი არ იცი, უკვე სიმშვიდეს მანიჭებს. სიმშვიდე კი ჩვენ საქმეში მნიშვნელოვანი ელემენტია.

დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან) ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ

მესი, მურაკამი და დრობიშევსკი. პირველი ფეხბურთელია, მოგეხსენებათ, მეორე – მწერალი და მესამე – ანთროპოლოგი. ამ ბოლო დროს ევოლოციური თეორიით ძალიან დავინტერესდი და სტანისლავი დრობიშევსკის ლექციებს ვუსმენ, კვირაში ერთს მაინც.

რა მოვლენებმა მიიპყრო შენი ყურადღება გასულ წელს?

2020 წელს ბევრი რამე მოხდა. ერთი წლის კვალობაზე – შეიძლება, ძალიან ბევრიც. ახლა უცებ რაც მახსენდება ეს აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები იყო, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელად დასრულდა და ქარიზმატული ლიდერი, ვინც იდეაში წარმატებული ეკონომიკური რეფორმები განახორციელა და უმუშევრობა მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყანაში, ხალხმა მაინც გადაირჩია. ეს მგონი ნიშანია იმისა, რომ ქარიზმატული და გიჟური იდეების ლიდერების დრო მიდის და ეს საინფორმაციო სივრცესაც დაეტყობა.

დაასახელე 3 მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის?

წლევანდელი წელი განვითარების წელი არ იყო. ბიზნესის გადარჩენას რამაც შეუწყო ხელი, ეგ უფრო გამახსენდება. ეს იყო მთავრობის ინიციატივა, უძრავი ქონების შეძენის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ასევე სამთავრობო პროგრამა მახსენდება, რომელიც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის დახმარებას გულისხმობდა და მნიშვნელოვანი იყო ასევე ბანკების ინიციატივა ბიზნესსესხების გადავადების მიმართულებით.