Apple Clips – პასუხი Instagram-ისა და Snapchat-ის ვიდეოებს

Apple Clips – პასუხი Instagram-ისა და Snapchat-ის ვიდეოებს

Apple Clips - პასუხი Instagram-ისა და Snapchat-ის ვიდეოებს

 

კრეატივი გაზიარების გარეშე არაფერია, სოციალური მედიის მომხმარებლებზე უკეთ ეს არავინ იცის. ყველას გაგვაჩნია პატარა (ან სულაც ბუმბერაზი) კრეატიული პოტენციალი, მაგრამ პრობლემა, როგორც წესი, თავად განხორციელების ეტაპზე იქმნება. ამიტომაც ვერ ვართ ალბათ ყველანი პროფესიონალი ფოტოგრაფები, მუსიკოსები და მხატვრები.

მაგრამ როდესაც ინსტრუმენტს ამარტივებ და ხელმისაწვდომს ხდი, ეს უძლეველი წინაპირობაც ნელ-ნელა ინგრევა. ამის კარგი მაგალითი იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „ისტორიების“ მოდულის ამუშავება ძალიან ბევრ სოცმედიის პლათფორმაში. ამის მიუხედავად, ყველასათვის საყვარელ „ინსტაგრამს“ და „სნეპჩეტს“ კონტენტის სიგრძის და პერმანენტულობის მხრივ ბერკეტები გააჩნიათ – ყველაზე მაგარი „სთორიც“ 24 საათში ქრება.

ამ სიტუაციის მეორე უკიდურესობად შეიძლება ავიღოთ მობილური ვიდეორედაქტორები – თუნდაც iMovie, რომელიც გაცილებით მდიდარ ინსტრუმენტარს გვთავაზობს ნაკლებად ხალისიან და ხელმისაწვდომ შეფუთვაში.

Apple Clips - პასუხი Instagram-ისა და Snapchat-ის ვიდეოებს

Apple-ის ახალი ვიდეო აპი სახელად Clips თითქმის იდეალური ოქროს წერტილია მათ შორის.

ეს უფასო პროგრამა, რომელიც მხოლოდ აიოსისთვისაა, მომხმარებელს ოთხკუთხედი ასპექტის ვიდეო კლიპების შექმნის საშუალებას აძლევს – პრაქტიკულად ნებისმიერი სიგრძის, უკვე არსებული ან ახალი კლიპების შერწყმით და თამაშით. ინტერფეისი მარტივი, მაგრამ მძლავრია და გააჩნია იმავე ადიქტიურობის ატრიბუტები, რამაც ზემოთხსენებული პლათფორმების წარმატება მეტწილად განსაზღვრა.

ვიდეოს გადაღება ჩვეულებრივ ხდება: ვიდეოზუმს ვაკეთებთ ეკრანზე ორმაგი შეხებით, ლაივ ფილტრების დაყენება შეიძლება გადაღებისას ან მის შემდეგ, ხელთ გვაქვს 18 სხვადასხვა სტიკერი, ტექსტის დადების მძლავრი რედაქტორი და სტანდარტული „ემოჯი“ სმაილიკები. ყველაფერს აგვირგვინებს ჩაშენებული მუსიკალური კლიპების ბიბლიოთეკა, რასაც, ცხადია, საკუთარი მუსიკის იმპორტის შესაძლებლობა მოყვება.

ეს აპლიკაცია თავიდან ფეხებამდე სოციალური მედიის „რეზიდენტებისთვისაა“ შექმნილი – შესაბამისი ინტერფეისის ნიუანსებითა და ინსტრუმენტებით. თავისი არსით კი ის თითქმის ანტი-სნეფჩეტია – კრეატიულობის წახალისება ხდება კარგი ინსტრუმენტარით და იმ მოცემულობით, რომ ვიდეოები სტანდარტულად ინახება (და არსად არ იშლება), ხოლო გაზიარების ფუნქციონალი სხარტი და ხელმისაწვდომია.

მოძებნეთ Clips ეფლის AppStore-ში და ეგ არის!