როგორი იყო 2022 წელი- თაკო & რუსკა

როგორი იყო 2022 წელი- თაკო & რუსკა

ჯეპრას კონსულტანტები თაკო ვარამაშვილი და რუსკა უსტიაშვილი 2022 წელს აფასებენ. 

როგორი წელი გქონდა პროფესიულად, როგორ განვითარდი, რა ისწავლე ახალი და რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?

რუსკა: 2022 წელი საინტერესო იყო იმით, რომ პანდემიის შემდეგ ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა ცხოვრება. აღარ მეშინია ახალი გამოწვევების და ვფიქრობ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა.

თაკო: 2022 წელი სრულიად ახალი და განსხვავებული პროექტებით იყო დატვირთული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საფუძვლიანი წელი მქონდა პროფესიულად. პროექტებიდან გამომდინარე გადაკვეთა მქონდა ისეთ სფეროებთან, რომლებიც აქამდე უცხო იყო ჩემთვის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო მეტი ვისწავლე და გავიზარდე. რაც ყველაზე მნიშნველოვანია, 2022-ში მივხვდი, რომ იმაზე მეტი რესურსი მქონია, ვიდრე მეგონა, რადგან პარალელურად საკმაოდ ბევრი პროექტის მართვის შესაძლებლობა მომეცა და ვფიქრობ, თავი გავართვი ჩვენ არაჩვეულებრივ გუნდის წევრებთან ერთად.  2022-მა გამხადა ბევრად უფრო თავდაჯერებული, ვიდრე ვიყავი და ამიტომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

როგორ შემაფასებ მე როგორც კოლეგას, რა ისწავლე წელს ჩემგან, რა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარე? (ორივე ეკითხება ერთმანეთს)

რუსკა: პირველი რაც მახსენდება, არის ფორსმაჟორის მხიარულად და ხალისით შეხვედრა, და იმის აღმოჩენა, რომ რაც უფრო მსუბუქად მიუდგები პრობლემებს, მით უფრო მალე გვარდება ნებისმიერი დაბრკოლება.

შენ რაც შეგეხება, ძააალიან კარგი პარტნიორი და თანამშრომელი ხარ, პირველ რიგში ამას შენი დადებითი და ხალისიანი ენერგია განაპირობებს. პროფესიული კუთხით კი, თუ როგორ გულიანად და ბოლომდე შეგიძლია ჩაერთო ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაში, არ შეგეშინდეს ახალ გამოწვევებთან შეჭიდების. შენი მიზანდასახულობა, გაბედულება, სამართლიანობა და კეთილგანწყობა ადამიანების მიმართ ჩემთვის მოტივატორია.

თაკო: წელს შენთან ერთად ძალიან დიდი დრო გავატარე, ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ და შესაბამისად ბევრად სხვანაირი რუსკა აღმოგაჩინე.

ვისწავლე, რომ ადამიანი არასდროს უნდა დანებდეს, რა პრობლების წინაშეც უნდა იყოს და ყოველთვის არსებობს უკეთესად ყოფნის გზა, თუ ამის რეალური სურვილი გაქვს.

კონკრეტული პრობლემა არ მახსენდება, თუმცა ნებისმიერი ერთობლივი საქმე იყო ძალიან სასიამოვნო მიუხედავად ბევრი გამოწვევისა. ერთად მუშაობის დროს ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ერთმანეთს ვაბალანსებთ, რასაც საბოლოოდ იმ შედეგამდე მივყავართ, რისი მიღწევაც გვინდოდა.

ხარ უსაზღვროდ საინტერესო ადამიანი და შენთან კომუნიკაცია ყოველთვის მახარებს.

პ.ს ტყე დამანახე სხვა თვალით და შემაყვარე შეძლებისდაგვარად.

წელს რისი მიღწევა შევძელით ერთად, რა დაგვეხმარა ამაში?

რუსკა: მივლინებებში ვიარეთ ბევრი და ხანდახან კი ვიღლებოდით, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში რომ შეგვიძლია გამოსავლის პოვნა, ერთმანეთის დახმარება, საქმის დროს საქმის კეთება და დასვენების დროს მხიარულება – მგონი კარგი ტანდემი გამოდის ამით.

ასევე პატივისცემა, საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ვფიქრობ არც ერთს გვაკლია, თავის დადებით როლს თამაშობს.

თაკო:  ყველაზე მნიშნველოვანი მაინც ის მგონია, რომ წელს სხვანაირად აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. თითქოს სხვა რუსკა გავიცანი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც საქმეში, ისე მეგობრობაში.

ბევრი საინტერესო პროექტიც განვახორციელეთ ერთად და ამაში ჩვენი გუნდური მიდგომა გვეხმარებოდა. ხშირად გვიწუწუნია, მაგრამ საბოლოოდ ყველა საქმეს მაინც დიდი პასუხისმგებლობით და ხალისით ვუდგებოდით,

რომელ პროექტს გამოვყოფთ, წელს, რითი იყო გამორჩეული და რა მოგვცა. 

რუსკა: პიარსკოლას გამოვარჩევდი, რადგან წელს პირველად მომიწია ყოფილ პიარსკოლელს და მხურვალე გულშემატკივარს, მენეჯერობა. ეს ჩემთვის ახალი და საინტერესო გამოცდილება იყო, თან როდესაც იცი რომ ახალგაზრდებს ახლის შესწავლასა და განვითარებაში ეხმარები, ეს ძალიან მმატებდა მოტივაციას.

თაკო: იმედია, არცერთ კლიენტს არ ეწყინება, მაგრამ ყოველთვის გამოვარჩევ და ყველასთან აღვნიშნავ, რომ ჩემი საყვარელი პროექტი გურჯაანის ღვინის ფესტივალია. წელს კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო, რადგან 2 წლიანი პაუზის შემდეგ, ძალიან მასშტაბურად დაბრუნება დავისახეთ მიზნად.

ეს არის უდიდესი გამოცდილება, ძალიან ბევრი ნერვიულობა, წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა 30 000 ადამიანის წინაშე და უსაზღვრო სიამაყის გრძნობა ფესტივალის მეორე დღეს.

რას ფიქრობ, როგორ შეიძლება ჩვენი მუშაობა გაუმჯობესდეს, და როგორ უნდა გავხდეთ მაქსიმალურად პროდუქტიულები? 

რუსკა: წავიკითხოთ ჯეპრას გამოცემული ყველა ბიზნეს და სამოტივაციო წიგნი. 😀

ეს – ნახევრად ხუმრობით, ისე კი, ალბათ კარგი იქნება ხოლმე რომ ამა თუ იმ პროექტის დასრულების შემდეგ, ერთად გავიაროთ ჩვენი შეცდომები, ის თუ რა ვისწავლეთ დაბრკოლებებისგან და როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ შემდეგში. ახალი წლის არდადეგებიდან რომ დავბრუნდებით, შეგვიძლია ვიფიქროთ ამაზე.

ისე კი ვისურვებდი 2023 წელს ბევრი საერთო პროექტი გვქონდეს, გამოცდილება ხომ ყველაზე ძლიერი მასწავლებელია.

თაკო: 2022 ში მივხვდი, რომ რაც უფრო მეტ პროექტზე ვმუშაობ, მით უფრო პროდუქტიული, მობილიზებული და დავდაჯერებული ვარ.

რაც შეეხება მუშაობის გაუმჯობესებას, ისევ არ უნდა გავჩერდეთ და ისევ უნდა განვვითარდეთ და მუდმივად ვიყოთ სიახლეების ეპიცენტრში. მოკლედ რომ შევაჯამო, დროს უნდა გავასწროთ.

რა არის ჩვენი გუნდის მთავარი წარმატების ფორმულა?

რუსკა: ზოგადად, ჯეპრას გუნდის წარმატების ფორმულა ადამიანების, მათთან ურთიერთობის სიყვარული მგონია და ასევე ის, თუ როგორ გულით ვცდილობთ ყველა ერთად ერთმანეთის, პარტნიორების, კლიენტების თუ ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ასევე ის, რომ შეგვიძლია მოქნილები ვიყოთ, ჩვენს და სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ და მუდმივად ვიფიქროთ განვითარებაზე.

თაკო: ჯეპრა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების ერთიანობაა, რომლებიც ძალიან დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ერთობლივად, ნებისმიერ გამოწვევაზე ვფიქრობთ ერთად და ყოველთვის მხარში ვუდგავართ ერთმანეთს. ერთად აღვნიშნავთ წარმატებას და ერთად ვმსჯელობთ შეცდომებზე.

ჩვენი წარმატების ფორმულაც ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს ყველაფერია + ჩვენი საქმის მიმართ გულწრფელი სიყვარული და პასუხისმგებლობის საკმაოდ მაღალი გრძნობა.

რას მისურვებ პროფესიულად 2023 წელს?

რუსკა: ბევრ საინტერესო, აქტიურ პროექტს, ისეთებს, როგორიც შენი საყვარელი გურჯაანის ფესტივალია.

თაკო: 2023-ში გისურვებ რომ ისეთ პროექტებზე იმუშაო, რომელიც უდიდეს გამოცდილებას მოგცემს და შეცვლის შენ ცხოვრებას.

წელს აუცილებლად უნდა გქონდეს პროექტი გარემოზე, კონკრეტულად ტყეზე რომ კიდე უფრო სხვანაირად გამოავლინო შენი შესაძლებლობები და სხვებმაც გაიგონ ტყის საოცარი თვისებები.