თვითიზოლაცია, კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა… ახალი ტერმინები, ზოგადი დაბნეულობა და რიგ შემთხვევაში პანიკა – ეს არის ის გარემოება, რომელშიც კომპანიებს უწევთ მუშაობის გაგრძელება და იმაზე ზრუნვა, რომ მომავალი არ იყოს გაურკვეველი და შეიქმნას ოპტიმალური სამოქმედო გეგმა, რომელიც შეუფერხებელ ფუნქციობას შეუწყობს ხელს.
უცნაური დროა ყველა გაგებით – დრო ბევრი რამის გადაფასების და ასევე დაფიქრების, იმ მიზნებზე და ამოცანებზე რაც ნებისმიერ წარმატებულ პატარა თუ მსხვილ ბიზნესს გააჩნია. იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გამო ყველა განმარტოებულები ვართ , ამავდროულად, ყველას გვაქვს ერთიანობის შეგრძნება, რადგან თითოეული ინდივიდი თუ კომპანია ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს პრობლემის დაძლევაში. სწორედ ამ მუხტის გამო და ასევე, ზოგადად. რეპუტაციაზე ზრუნვის სურვილით, დახმარების იდეა ბევრ კომპანიას გაუჩნდა. ბევრიც ამ დრომდე ფიქრობს, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლაში. დახმარების გზა ბევრია და ბიზნესის სპეციფიკიდან, ფუნქციობის სფეროდან გამომდინარეობს.
რას შვებიან ამ დროს ყველასთვის ნაცნობი ბრენდები, ან წარმატებული ხელმძღვანელობის პირობებში არსებული ადგილობრივი კომპანიები – ადაპტირდებიან… ადაპტირდებიან არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პასუხობენ ახალ გამოწვევებს და ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ საერთო საქმეში, ბრძოლაში იმასთან, რასაც დღეს კორონავირუსის, იგივე COVID 19-ის სახელით ვიცნობთ.
და მაინც, ვთქვათ გვაქვს კომპანია და გვინდა რამე გავაკეთოთ… რა არის ამ შემთხვევაში სწორი? რა იქნება ეფექტიანი და ადექვატური? ამ კითხვებზე საპასუხოდ აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გაანალიზება.
პირველ რიგში. ალბათ, უნდა გაიხსენოთ თქვენი კომპანიის მისია და ხედვა – რა გამოძრავებთ და რა არის თქვენი მთავარი ფასეულობა. შემდეგი ნაბიჯი უკვე თქვენი ტექნიკური პოტენციალის შეფასება იქნება – რა ინფრასტრუქტურას ფლობთ, ან რა სასარგებლო მომსახურების გაწევა შეგიძლიათ პანდემიის პირობებში, რაც პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება სახელმწიფოს.
შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი კომპანიის პირველადი და ყველაზე მნიშნველობანი პასუხისმგებლობა (განსაკუთრებით შექმნილ სიტუაციაში) თანამშრომლებზე ზრუნვაა. სწორედ მათ სჭირდებათ თქვენი ყველაზე დიდი თანადგომა (იქნება ეს სამუშაო ადგილის შენარჩუნების გარანტია, თუ სხვა რაიმე სახის თანადგომა). ეს შეიძლება იყოს, თუნდაც ყოველდღიური კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება იმისათვის, რომ მათ თავი იგრძნონ მნიშვნელოვნად და მშვიდად. საბოლოო ჯამში , როდესაც სიტუაცია ადრინდელ თუ არა, ჩვენთვის უკეთ ნაცნობ მდგომარეობას დაუბრუნდება, ნებისმიერი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი და დასაყრდენი სწორედ მისი გამოცდილი კადრები იქნებიან, რომლებმაც კრიზისის პირობებშიც იგრძნეს მენეჯმენტის მხარდაჭერა და მზად არიან ახალი ძალებით გაუმკლავდნენ ახალი რეალობის გამოწვევებს. შესაბამისად, მათი აზრი და ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ქმედების დაგეგმვისას.
რა შეხების წერტილები გვაქვს ჯანდაცვის სისტემასთან? იქიდან გამომდინარე, რომ გამოწვევის დასაძლევად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ჯანდაცვის სფერო და მისი მზაობაა, ადექვატური იქნება თუ ვიფიქრებთ, რა გზით შეიძლება დავეხმაროთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ყველა უმეტესად ექიმების მხარდაჭერაზე ფიქრობს, როდესაც წარმატებით ფუნქციობისთვის ნებისმიერ საავადმყოფოს არასამედიცინო პროფილის უამრავი თანამშრომელი ჰყავს. რაიმე აქტივობის მოფიქრება სწორედ მათთვისაც შეიძლება – იქნება ეს სტაფის ტრანსპორტირება, მათი უზრუნვლყოფა საკვებით, ინვენტარით თუ სხვა.
ეკონომიკური ეფექტი – გლობალური კრიზისის პირობებში, ძალიან ბევრ კომპანიას თუ ინდივიდს, უკვე შეექმნა ეკონომიკური პრობლემები. თუ თქვენ ვერ ხედავთ რაიმე გადაკვეთას ჯანდაცვის სფეროსთან, მაშინ შეიძლება განიხილოთ ეკონომიკური დახმარების შესაძლებლობები. მაგალითისთვის, დამატებითი თანამშრომლების აყვანა (ვინც დაკარგა სამსახური), მომწოდებლებისთვის დავალიანების პატიება (თუ მათი საქმიანობა შეფერხებულია კრიზისის გამო და ეს მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა), დროებითი, შეღავათიანი „სესხების“ გაცემა, პარნიორების გასაძლიერებლად…
და ბოლოს, რაც არ უნდა დაგეგმოთ და განახორციელოთ, მთავარია თქვენი ქმედება შეესაბამებოდეს თქვენს ბრენდს, კომპანიას. ეს ის შემთხვევაა როცა ზედმეტი პომპეზურობა საჭირო არ არის. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებისას კარგად გაიაზრეთ ყველა ფაქტორი და საჭიროების შემთხვევაში, სწორი გეგმის გასაწერად და კომუნიკაციის ასაწყობად დაიხმარეთ გარე, ამ მიმართულებით გამოცდილი პირები.