სტრესული სიტუაცია ყველგან და ყველასთან… დაძაბული სახეები, გრძელი “ჯეპრული” check list-ები, წლის ბოლო… საქმის რაოდენობა იზრდება და დრო სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება, ყველაფერი უნდა მოესწროს და თანაც შესრულებული სამუშაოს ხარისხი უნდა იყოს საუკეთესო. თუ თქვენც იგივე განცდა გეუფლებათ მოგესალმებით: “თქვენ არ ხართ მარტო მსგავს სიტუაციაში”!
როგორც ყველა, მეც ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი თუ რაზე უნდა დამეწერა ჩემი მოკლე პოსტი, იდეა იდეას ცვლიდა, თუმცა ამაოდ … ბოლოს, როდესაც უკვე პოსტის ჩაბარების ვადა მოახლოვდა და ოდნავ გადასცდა კიდეც, გადავხედე ჩემს ირგვლივმყოფთ: თანამშრომლებს, მეგობრებს და მივხვდი, რომ ყველას ძალიან გვჭირდებოდა რამდენიმე რჩევა, თუ როგორ დავივიწყოთ სტრესი და განვიტვირთოთ.
გადავხედე უამრავ რჩევას:
მიირთვით თქვენი საუზმე!- სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი როგორ არის ეს თემა დაკავშირებული სტრესთან და ბევრი არ მეგულება ჩემს ირგვლივ ვინც ახერხებს და ასწრებს ზემოხსენებული პირობის შესრულებას.
მიდით სამსახურში ყველაზე ადრე!- მეეჭვება ამან შეძლოს ჩემი დამშვიდება…
მედიტაცია! – შესაძლებელია სასარგებლო იყოს, თუმცა წარმომიდგენია თანამშრომლების რეაქცია…
უსმინეთ მუსიკას! – აპრობირებული მეთოდია სრულიად ჯეპრაში.
მაქსიმალურად გამოიყენეთ ლანჩის პერიოდი! – ეს საკითხი ჩვენ აშკარად არ გვეხება.
ლანჩის შემდეგ დაიტოვეთ დრო შუადღის ძილისთვის! – უკომენტაროდ…
ხშირად იცინეთ! – გეთანხმებით.
შეიძინეთ კომფორტული სკამი! – ეს არ არის ცუდი აზრი, კომფორტული გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ვის შეიძლება ეს რჩევები გამოადგეს, ან უბრალოდ ეს სია არ არის გათვალიწინებული და მორგებული ჩვენს რეალობას, რთულია გადატვირთული სამუშაო გრაფიკის პირობებში ამდენი აქტივობა მოასწრო. შედეგად სავარაუდოდ 2014 წელსაც ვიქნებით ისევე დატვირთულები, ჩართულები სხვადასხვა პროექტებში, კარიერაში წარმატებულები, თუმცა სტრესი ჩვენთვის დარჩება უცვლელ თანამგზავრად.
არის კიდევ ერთი რჩევა, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა ბოლოსთვის, უკიდურესი შემთხვევისთვის შემოინახეს:
თუ არც ერთი რჩევა არ გშველით, უბრალოდ მოძებნეთ ახალი სამსახური! – არ გეთანხმებით! ეს უკანასკნელი რჩევა აშკარად არ გამოგვადგება- ჩვენ ვართ ჯეპრელები და ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე!