პროექტის მენეჯერის ხვედრი …

პროექტის მენეჯერის ხვედრი …

ვინ არის პროექტის მენეჯერი? ადამიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავს პროექტის სწორ მიმდინარეობაზე, დაგეგმვასა და რეპორტინგზე, ცდილობს მაქსიმალური გააკეთოს პროექტის წარმატებისა და კლიენტის კმაყოფილებისთვის. გუნდის წევრებს აძლევს სწორ მიმართულებას, მოტივაციას და ცდილობს გადაწყვიტოს ყველა წამოჭრილი პრობლემა…

თუმცა, რეალობაში საქმე იმაზე უფრო „რთულადაა“, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს…

შესაძლებელია, პროექტმა წარმატებით ჩაიაროს, ყველა დედლაინის დაცვითა და მიღებული შედეგით, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა აქ მაინც დამკვეთს ეთქმის. წინასწარ ნამდვილად რთული სათქმელია, რამდენად კმაყოფილი იქნება დამკვეთი პროექტის მიმდინარეობით, ან მისი დასრულების შემდეგ. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ხშირად კარგად შესრულებული სამუშაო, სულაც არ არის კლიენტისგან მადლობის მოსმენის უტყუარი ინდიკატორი.

აუცილებელია, პროექტის დაწყებისთანავე განისაზღვროს ზუსტად რა მოლოდინი აქვს თქვენს მიმართ დამკვეთს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც თქვენს სამომავლო ურთიერთობებზე დიდ გავლენას იქონიებს. მისკომუნიკაცია ამ მიმართულებით, ყველაზე ძლიერი გუნდისთვისაც კი შეიძლება დიდ პრობლემად და გამოწვევად ჩამოყალიბდეს.

კარგი იქნება, თუ დამკვეთთან პერმანენტული კომუნიკაციის, რეპორტინგის სისტემას შეიმუშავებთ. ხშირად ხდება, რომ პროექტი სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დამკვეთი  ნაკლებად ინფორმირებულია, ექმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ისე არ კეთდება, როგორც საჭიროა ან სულაც, თვლის რომ პროექტი „გაყინულია“.  თუნდაც მცირე დოზით ინფორმირება მიღწევების შესახებ, მიმდინარე პროცესებში ჩართვა,  დამკვეთს ჩართულობის შეგრძნებას შეუქმნის და მისი კმაყოფილების მაჩვენებელიც შეიძლება გაიზარდოს. გარდა ამისა, მუდმივი კომუნიკაცია, სამომავლოდ, შეცდომების დაშვებისგან დაგიცავთ და ყველა დეტალი დამკვეთთან მაქსიმალურად შეთანხმებული გექნებათ.

შეეცადეთ ისწავლოთ მეტი და დააკვირდეთ უფრო მეტ დეტალს – შეისწავლეთ ინფორმაცია დამკვეთის შესახებ, პროექტის თემა, დააკვირდით გუნდის წევრებს. რაც უფრო მეტი იცით დამკვეთისა და მისი ღირებულებების, სურვილების შესახებ, მით უკეთ  ხვდებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროექტი, რა არის დამკვეთისთვის მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად, მისი თვალით უყურებთ მიმდინარე პროცესებს. გუნდის წევრების უკეთ გაცნობა კი მოგცემთ საშუალებას, სწორად გადაანაწილოთ დავალებები და მაქსიმალური შედეგიც მიიღოთ.

პროექტის მენეჯერი უნდა იყოს პროცესების მთავარი ინიციატორი. გაეცით მკაფიო და ზუსტი დავალებები, მოახდინეთ საქმეების სწორი დელეგირება. შესაძლებელია პროექტის მსვლელობისას, რაიმე ახალი იდეა დაგებადოთ, აიღეთ ინიციატივა თქვენს ხელში და შესთავაზეთ ის დამკვეთს. შედეგად აგრძნობინებთ, რომ პროექტზე ზრუნავთ და არ ხართ უბრალოდ მესამე მხარე. დაანახეთ, რომ ეს კონკრეტული პროექტი თქვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია.

ყველა ზემოხსენებული პუნქტის გათვალისწინებით, პროექტის დაასასრულს, პირველ რიგში, კმაყოფილი იქნებით თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოთი და დიდი ალბათობით, დამკვეთისგანაც მადლიერებასაც მიიღებთ და შესაბამისად თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებიც გამოჩნდება.