‘დამკვეთს ასე უნდა’
ყველაზე დიდი გამოწვევა არის დავა გემოვნებაზე. თუ ვამბობთ, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია, რთული სათქმელია, სად არის ზღვარი დამკვეთის „მე ასე მინდა“- ს და შემსრულებლის „ასე არ ივარგებს“ ან „ასე სჯობს“ შორის. როგორც პიარ კონსულტანტი ვფიქრობ, რომ აქ, ზოგადად, მნიშვნელოვანი ფაქტორია კონსალტინგის საქმიანობის არსის კარგად გააზრება დამკვეთის მხრიდან. თვისობრივად, სიტყვა ‘კონსულტაცია’ უნდა გამორიცხავდეს მსგავს შეუთანხმებლობას, რადგან აქ სპეციალისტის, ექსპერტის მიერ მიცემული რჩევასა და რეკომენდაციებზეა საუბარი, რაც ლოგიკურად, დამკვეთის მხრიდან ნდობას უნდა განაპირობებდეს. შევეგუოთ, რომ დავა გემოვნებაზე ან გარკვეულ ხედვაზე იყო, არის და იქნება… თუმცა, ნდობის მოპოვების გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენი, კონსულტანტების გამოწვევა კი სწორედ ეს არის – ნდობის მოპოვება.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი მთელ ამ გამოწვევებში (რაზეც დამკვეთი კარგად უნდა დაფიქრდეს), არის დამკვეთის სუბიექტური ხედვისა და რეალური მიგნებების გამიჯვნა. სწორედ არასუბიექტური მიდგომით შეიქმნება პროდუქტი, რომელიც პროექტის ამოცანას კარგად პასუხობს… გათვლილი იქნება შედეგზე და არა კონკრეტული პირის ინტერესებსა და მის ხედვაზე, რომელიც, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილების მიმღებია კომპანიაში. თუ ზემოთ აღნიშნული გამიჯვნის სქემით ხელმძღვანელობენ, საბოლოო ჯამში, კონსულტანტი აღწევს სათანადო შედეგს და დამკვეთიც კმაყოფილია ამ შედეგით. ასეთ საბოლოო შედეგამდე მისვლა, თავისთავად, დიდი გამოწვევების გადალახვას მოითხოვს. მთავარი გამოწვევა ის არის, რომ შევძლოთ გარედან შევხედოთ სურათს. მოკლედ რომ ვთქვა, სჯობს ოქროს წესად ვაქციოთ არასუბიექტური მიდგომა საქმისადმი, როგორც დამკვეთმა, ასევე შემსრულებელმა!
სტრატეგიულად ფიქრი
პიარ კონსულტანტები მუდმივად შესწავლის პროცესში უნდა იყვნენ. რაც მეტს გაარკვევენ დამკვეთი კომპანიის ბიზნესსა და საქმიანობაზე, მით უფრო ეფექტური და გრძელვადიანი პარტნიორები გახდებიან. მთავარი გამოწვევა, როგოც წესი, არის სტრატეგიულად ფიქრი, ვიდრე კრეატიული იდეების წარდგენა ან კონკრეტული მედია კამპანიების განხორციელება. პიარ სააგენტოებს ვერ მოაქვთ კარგი შედეგები, თუ ისინი ფოკუსირებას ახდენენ მხოლოდ პრაქტიკულ აღსრულებაზე ან საოცარ კრეატიულ იდეებზე, ნაცვლად იმისა, რომ დასვან კითხვა „რატომ?“, რადგან „რატომ?“ დამკვეთსაც და კონსულტანტსაც აძლევს პასუხებს, რომლებსაც სწორ მიმართულებამდე მივყავართ და განაპირობებს სწორ სტრატეგიულ ხედვას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ყველა პიარ აქტივობა, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან ეფექტზე ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, უმჯობესია კონსულტანტთან პარტნიორობის მთავარი ამოცანა დამკვეთისთვის სტრატეგიული მიდგომის შემუშავება იყოს და არა გარკვეული აქტივობების პრაქტიკული შესრულება (ამას დიდი ალბათობით თავად დამკვეთიც შეძლებს). თავისთავად, კონსულტანტისთვის ეს გაცილებით უფრო რთული ამოცანა და რეალური გამოწვევაა ყველა ახალ პროექტში დიდი პასუხისმგებლობის გამო. თუმცა, სწორედ ამაშია პიარ კონსალტინგის ხიბლი და სწორედ აქ ვგრძნობთ ჩვენი ჩართულობის საჭიროებას.