2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევა კონტენტის აქტუალობისა და რელევნატურობის შენარჩუნება იყო

2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევა კონტენტის აქტუალობისა და რელევნატურობის შენარჩუნება იყო

ჯეპრას უმცროსი კონსულტანტი და ბიზნესბიბლიოთეკის პროექტის მენეჯერი მანჩო ონიაშვილი 2020 წელს აფასებს. 

რა შეიცვალა 2020 წელს შენთვის? რაზე დაგჭირდა მეტი მუშაობა, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ „ახალ რეალობას“?

ალბათ, ისევე, როგორც ყველასთვის, პირველ რიგში, გარემო შეიცვალა ჩემ ირგვლივ, ხმაურიანი, პოზიტიური და ენერგიული ოფისიდან სახლში გადმოვინაცვლე. რა თქმა უნდა, ჩემი სახლის სიმყუდროვე და სიმშვიდე მიყვარს, კონცენტრაციაშიც ხელს მიწყობს, თუმცა მთელი წლის განმავლობაში სახლში გამოკეტილობა მაინც დამთრგუნველი და რთულია. ყველაზე დიდი პრობლემა, რასთან გამკლავებაც მიწევს, დროის მართვა და სამსახურის ყოველდღიური ცხოვრებისგან გამიჯვნაა. სამუშაო ყოველთვის ბევრია, არსებულ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით, თუმცა მნიშვნელოვანია საკუთარი თავისთვისაც შეძლო დროის დათმობა.

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხსენების გარეშე.

ჩემი სამსახურია ხალხთან ურთიერთობა, ამბის მოყოლა, სწორი ინფორმაციის გავრცელება, ბევრი კრეატივი და მრავალფეროვნება.

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე.

სხვათაშორის ერთი სამუშაო მაგიდა არ მაქვს. მთელი წლის განმავლობაში სახლის სხვადასხვა კუთხეში ვმუშაობდი, როგორ ხასიათზეც ვიყავი იმის მიხედვით. გაჩვენებთ ბოლო პერიოდის სამუშაო ადგილს, რომელიც ნაძვის ხის წინ მოვიწყე და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგანაც მიუხედავად არსებული ვითარებისა, მორთული ნაძვის ხე დადებით განწყობას მიქმნის და მუშაობის პროცესს მიმსუბუქებს.

გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა.

მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო რადიკალურად შეცვლილ გარემოებებზე მყისიერი ადაპტაცია და შესაბამისი გეგმების მოფიქრება, მიმდინარე თუ სამომავლო კამპანიების მორგება მომხმარებლების შეცვლილ ქცევასა და მოთხოვნილებებზე, მოსახერხებელი ციფრული პლატფორმების მოძიება. ასევე ერთგვარ სირთულეს წარმოადგენდა იმის უზრუნველყოფა, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უამრავ თემაში არ ჩაკარგულიყო შენი კონტენტი და აქტუალურობა, რელევანტურობა შეგენარჩუნებინა. ჩემი საქმის ძირითადი ნაწილი ციფრულ არხებს უკავშირდება, გაზრდილი მოთხოვნისა და კონკურენციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამოწვევებიც ბევრი იყო. ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ჩვენ ყველაფერს თავი გავართვით და მტკიცედ შევეჭიდეთ 2020-ს.

დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან) ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ.

ასე კონკრეტული პირები არ მყავს, ვისგანაც მუდმივად ვიღებ შთაგონებას. ვფიქრობ, შთაგონება ნებისმიერი ვინმესგან ან რამისგან შეიძლება მივიღო ნებისმიერ მომენტში, მაშინ, როდესაც ამას არც ველოდები.

მოდი ერთ პიროვნებას გამოვყოფ მაინც, რადგანაც ჩემი ცხოვრების ბოლო წლებში ეს კონკრეტული თემა მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს ადამიანი კი საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს და ბევრსაც აკეთებს ამ მიმართულებით.  ეს არის Ed Winters იგივე Earthling Ed – ვეგანი აქტივისტი და სპიკერი, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოსცემს ხოლმე ვეგანიზმის მნიშვნელობას, სისწორეს და პრინციპში ჩემს დამოკიდებულებასაც ამ თემის მიმართ. დიდი იმედი მაქვს ბევრი მოუსმენს მის ვიდეოებს და სულ მცირე დაფიქრდებიან.