PR და მარკეტინგული კამპანიები: სწორად დასმული ამოცანა თუ ფუჭად გადაყრილი ფული!
ხშირად, PR / საკომუნიკაციო თუ მარკეტინგული კამპანია, ამოცანის არასწორად დასმით ან საერთოდ დაუსმელად იგეგმება, რასაც რა თქმა უნდა არასასურველი შედეგები მოაქვს. კომპანიამ, რომელიც ბაზარზე პოზიციონირებისთვის, გაყიდვების გაზრდისა თუ იმიჯის დამკვიდრებისთვის იბრძვის, ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რას მიაღწევს ამა თუ იმ სარეკლამო რგოლით, რომელიმე აქციით ან კონკრეტული სტატიით; მხოლოდ ბიუჯეტის მასშტაბურობა ვერ განაპირობებს კამპანიის სასურველ შედეგებს, საკმაოდ ბევრი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება განახორციელო წარმატებული კამპანია ოპტიმალური, დაბალი დანახარჯებით უნიკალური იდეების ხარჯზე.
ბიუჯეტის ოპტიმიზაციის არსი რომ განვსაზღვროთ, ეს არის მარკეტინგული / საკომუნიკაციო გეგმა, სადაც მოსალოდნელი შედეგები აღემატება დანახარჯებს… ეს არის ის რაც, თავისთავად მოითხოვს მეტს ვიდრე სტანდარტული მიდგომებია დაგეგმარებაში: პროექტისადმი უნიკალური მიდგომა და რაც მთავარია- სწორი გადაწყვეტილებები… ვთვლი რომ კამპანიის მართვა არ მოითხოვს იმდენ ძალისხმევას რამდენსაც პირველი ეტაპი – შესწავლა. ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო კამპანია პირველ ეტაპზე პროდუქტის (იქნება ეს რეფორმა, მოვლენა, თუ რომელიმე ბრენდი) და მისი კონკურენტი ერთეულების ღრმად შესწავლას საჭიროებს, რასაც ხშირად PR სპეციალისტები დიდ ყურადღებას არ აქცევენ.
PR და მარკეტინგული კომუნიკაციის სამოქმედო ღერძი ინფორმაციაა და მისი შესწავლისთვის ამ დარგის სპეციალისტებს ხშირად უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, ვიდრე კამპანიის განხორციელებას მოანდომებენენ. ამ სფეროში ყოველდღიური დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე (ხანდახან, ვფიქრობ არასწორად, ბიუროკრატიული პროცესებით გამოწვეული რუტინიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი დიდ კომპანიებში) ხშირად ადგილი აქვს იმპულსურ გადაწყვეტილებებს და კამპანიების სპონტანურ განხორციელებას იმ აუცილებელი, I ეტაპის გავლის გარეშე. სპონტანურობა ხშირად განაპირობებს, როგორც ცუდ შედეგს, ასევე ბიუჯეტის გადახარჯვას (ორმაგ, სამმაგ დანახარჯებს)… მოკლედ რომ ვთქვათ, დაგეგმვა და პროცესების მართებული მენეჯმენტი უმნიშვნელოვანესია, რომ აღარ ვისაუბროთ იმ კრეატიულ გადაწყვეტილებებზე, Know/How-ზე რასაც PR ექსპერტები სთავაზობენ კომპანიებს. რატომ PR ექსპერტები? არის თუ არა ამის საჭიროება, ან ზრდის თუ არა ეს კომპანიის ბიუჯეტს? ამ კითხვებზე მარტივი პასუხია: საკონსულტაციო სერვისის – ექსპერტული ჩარევის საჭიროება მარტივი ფორმულით აიხსნება: ის იცავს კომპანიას მარკეტინგული მიოპიისგან, რაც განპირობებულია ობიექტურობით და გამორიცხავს სუბიექტურ ანალიზს, შესაბამისად ეს არის საშუალება, მიიღო მეტი შედეგი ოპტიმალური დანახარჯებით ზემოთ ნახსენები ფაქტორებიდან გამომდინარე.
დაგეგმეთ სწორად და მიიღეთ სასურველი შედეგი, რადგან ნებისმიერი რამ, რაც ზოგადად PR-ს, მარკეტინგულ კომუნიკაციებსა თუ სარეკლამო სფეროს ეხება, გაზომვადია.