პატარა რომ ვიყავი, დედა ხშირად მიყვებოდა ზღაპრებს, იშვიათად ქართულს, უფრო უცხოურს. როდესაც კითხვა დავიწყე, მამამ მაჩუქა ძმები გრიმების ზღაპრები. ვგიჟდებოდი და ზეპირად ვიცოდი უმრავლესობა: ვღელავდი წითელქუდაზე, მძინარე მზეთუნახავზე, ფიფქიაზე, კონკიაზე; ბევრს ვიცინოდი ბრემენელ მუსიკოსებზე.
16 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი და გიორგი გამიჩნდა. მეც ვუყვებოდი მას ჩემი ბავშვობის ზღაპრებს – ქართულსაც და უცხოურსაც. მერე იკაკო და ზურიკოც გაჩნდნენ, უკვე დიდი გოგო ვიყავი და ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი. როცა იკაკოს პირველად მოვუყევი „ნაცარქექია“, მხოლოდ მაშინ შევხედე ქართულ ზღაპრებს სხვა თვალით. თავიდან წავიკითხე, დავფიქრდი და გადავწყვიტე ისინი არასოდეს მომეყოლა ჩემი შვილებისათვის.
ის, რაც აღმოვაჩინე, ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო.
ასე შეიძლება განვაგრძო გაუთავებლად. თუმცა, მე გადავწყვიტე, რომ სჯობს ჩემმა შვილებმა არ იკითხონ ასეთი ზღაპრები. მირჩევნია, ისევ ძმები გრიმების ზღაპრები წაიკითხონ, სადაც ბოროტი დედინაცვლები ებრძვიან გერებს, სადაც მგელი ცდილობს წითელქუდა და მისი ბებია შეჭამოს, სადაც ბრემენელ მუსიკოსებს მეფის ჯარისკაცები და დეტექტივი ებრძვიან, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება.
ბავშვები გაიზრდებიან და ცხოვრებაში ბევრ ბოროტ ადამიანს და წინააღმდეგობას შეხვდებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ მოსიყვარულე დედ-მამა და მეგობრები, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ რომ შრომით, სწავლით და მონდომებით ადამიანი ბევრს მიაღწევს. ეს ზღაპრები მათ დაეხმარებათ გაიგონ მეტი ცხოვრებაზე.
და რას მისცემს მათ „ჩიტი და მელია“ ან „ნაცარქექია“ ან „დათვი და მელა“? შიშს, რომ დედამ შეიძლება შვილები გასწიროს? იმის ცოდნას, რომ მოხერხებულმა უსაქმურმა შეიძლება მეტს მიაღწიოს ცხოვრებაში, ვიდრე მშრომელმა ადამიანმა? თუ, იმის ცოდნას, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად შეიძლება სხვა გაწირო?
ეს არის საკითხები, რომლებმაც დამაფიქრა..