უფრო მეტად გავაძლიერეთ ერთმანეთზე ზრუნვის კულტურა კომპანიაში

უფრო მეტად გავაძლიერეთ ერთმანეთზე ზრუნვის კულტურა კომპანიაში

ჯეპრას ადამიანური რესურსების მენეჯერი, ანნა ლაცაბიძე 2024 წელს აფასებს.

როგორც HR-ს, ყოველ წელს მსგავსი საზრუნავები მაქვს, მაგრამ გარემოებები ყოველთვის მოქმედებენ მათ მნიშვნელოვნებაზე. 2024 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლების შენარჩუნება იყო, რამაც სხვადასხვა თაობის, პროფესიის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების ადამიანი გააერთიანა. ვფიქრობ, ეს ერთიანობის მუხტი აისახა კომპანიაზეც და მის საქმიანობაზეც. უფრო მეტად გავაძლიერეთ ერთმანეთზე ზრუნვის კულტურა კომპანიაში და კიდევ უფრო გავძლიერდით, როგორც გუნდი. მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება თანამშრომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება, რაც ჩემი აზრით, დადებითად იმოქმედებს და სამაგალითო იქნება საზოგადოებისთვის.

როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა

პროცესში ყოველთვის ვფიქრობ რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია გუნდისთვის, ვიდრე ვაკეთებ. მაგრამ როდესაც გასულ წელს ვაჯამებ და ვფიქრობ რამდენი პატარა დეტალი შეიცვალა, ვხვდები რომ ასეთი ცვლილებები განაპირობებენ საერთო წარმატებას. ჩემი მხრიდან, ყოველთვის ვცდილობ ჯეპრელებს მოვუსმინო, მათი აზრი გავითვალისწინო და მოვაგვაროთ ის რაც აწუხებთ ან არ აწუხებთ, მაგრამ სხვანაირად ურჩევნიათ. მოკლედ, ჩემი აზრით, ზუსტად ისეთივე როლი მაქვს, როგორც მცირე დეტალებს აქვთ, რაც საერთო ჯამში თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს.

რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?

სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი რა შეიძლება იყოს ის ერთი და მნიშვნელოვანი, რაც ერთდროულად კომპანიის და საზოგადოების წინსვლას შეუწყობს ხელს. მაგრამ უპირველესი ალბათ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა, რაც ნამდვილად წინსვლას მოუტანს ორივე მხარეს 2025 წელს. პირადად ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, პროცესების გაციფრულებაა, რომ უფრო მეტად გამარტივდეს პროექტების მართვის პროცესი, რაც კომპანიასაც დაეხმარება და თანამშრომლებსაც შეუმსუბუქებს სამუშაო პროცესს.