დილა ტესტით დავიწყე: „შეგიძლიათ თუ არა საკუთარი თავის წარმოჩენა“
ალბათ, ეს არჩევანი ბოლო დროს რეალობაში არსებულმა „წვრილმანებმა“ განაპირობა… როგორც ჩანს, არ შემეძლო, უფრო სწორედ არც მიცდია, რადგან ყველაფერს ვაკეთებდი ინტუიციით ან შესაძლებელია სპონტანურადაც, მოლოდინების გარეშე, ისე, რომ არავის არაფერი უთხოვია და არც მათგან მადლიერებას მოვითხოვდი!
“ადამიანის ემოციები ხელოვნებას ძალიან ჰგავს, მათი გაყალბება რთული არ არის… ხანდახან ნამდვილს ძალიან წააგავს… კარგად დააკვირდები და ყალბია!!! ყველაფერი შეიძლება გააყალბო: სიძულვილი, ტკივილი, სიხარული, ავადმყოფობა გამოჯანმრთლება და … სიყვარულიც!” სიყალბე დაუშვებელია!
ეს იყო ის „საუკეთესო წინადადება“, რომლმაც ერთ ფილმში მომხიბლა… თუმცა ეს „ხიბლიც“ ყალბი იყო, არ მინდოდა რეალურად ასე ყოფილიყო…
ეს ისე უბრალოდ, შესავლის ნაცვლად… ტესტს დავუბრუნდეთ:
„გაქვთ საქმიანი შეხვედრა, პირველი პაემანი, გასაუბრება და, რა თქმა უნდა, თავი ყველაზე კარგი მხრიდან უნდა წარმოაჩინოთ. შეეცადეთ, გაიაროთ ტესტი, ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ, რამდენად გეხერხებათ ამის გაკეთება,” – ასეთი იყო ტესტის წინაპირობა!
უამრავი კითხვა იყო: როგორ მოიქცეოდით, რას გააკეთებდით, რას ჩაიცვამდით და ა.შ ისეთი კითხვებიც კი რომელზეც საერთოდ არც მიფიქრია!
აი, ესეც – ტესტის შედეგი:
„უკვე დიდი ხანია, საზოგადო აღიარებას მოიპოვებდით, ადამიანებს ერთმანეთის აზრების კითხვა რომ შესძლებოდათ! თქვენ არ ახდენთ თქვენი ღირსებების დემონსტრირებას, მიგაჩნიათ რა, რომ გარშემომყოფნი მათ ისეც დაინახავენ. ელოდებით, სხვებმა გადმოდგან ნაბიჯი თქვენკენ, თვითონ კი არ აპირებთ ამისათვის რამე ზომების მიღებას. ასეთი მიდგომა შეიძლება ბევრ რამეში იმედგაცრუების საბაბი გახდეს. თქვენ იფიქრებთ: “ისინი იმდენად უგუნურნი არიან, რომ ვერ შენიშნეს ჩემი არაორდინალურობა!” და ეს არ იქნება სიმართლე. ყველა არ ფლობს უტყუარ ინტუიციას და ყველას არ შეუძლია თქვენი შინაგანი სამყარო დაინახოს! არ შეიძლება ამის გამო გულში წყენა ჩაიდოთ ადამიანებზე“.
ესეც ჩემი უთავბოლობა!
იყო ამაში ჭეშმარიტების მარცვალი…. არასოდეს ვახდენდი საკუთარი ღირსებების დემონსტრირებას და არც გარშემომყოფთა გულისხმიერებასა და მადლიერებაზე მიფიქრია ბევრი!
„ვინ მთხოვა მართლაც ეს ყველაფერი?“ პასუხი მარტივია: არც არავინ!
ერთი გამონათქვამი გამახსენდა: „არასოდეს გაუწიო სამსახური ადამიანს, როცა არაფერს არ გთხოვს”, რამდენად შევძლებ ასე ვიცხოვორო არ ვიცი, ან რამდენად დამეხმარება საკუთარი თავის წარმოჩენაში, ეს მითუმეტეს არ ვიცი….
და ბოლოს, მთავარი საიდუმლო წარმატებისა: იყავით გულახდილი, საქმეში სანდო, პასუხისმგებელი თქვენს გადაწყვეტილებებზე. არასოდეს მოატყუო და უორგულო. თუ რამეს დაპირდი, შეასრულე სიტყვა. თუ შეცდომა დაუშვი, ან რაიმე სიბრიყვე ჩაიდინე, აღიარე ეს!
და გახსოვდეს: პატიოსნების, საიმედოობისა და პასუხისმგებლობის გარეშე ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი რჩევა არ დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.
ტყუილი კი დაავადება, რომელიც არასოდეს განიკურნება!
თუმცა ამ რჩევებისგან, ერთი მნიშნელოვანი რამ აღმოვაჩინე:
ვისწავლო საკუთარი სურვილების ასრულება სიყალბისა და ტყუილების გარეშე! ახლა სწორედ, ამის დროა!
P.S. სულ ცოტა დამრჩა! „ის“ მართლა ჩემი სურვილი იყო, არავის უთხოვია! ამიტომაც მხოლოდ ჩემია! და ყველაზე მთავარი – არც სიყალბის მსხვერპლი!